* * *

 

რუსების ალყაში მოქცეულმა იმამ შამილმა ჩირკეის აულიდან რუსის გენერალ გრაბესთან ცეცხლის შესაწყვეტად მოლაპარაკებებზე შამილის ჩრდილად წოდებული იუნუსი გაგზავნა, რომელსაც ბრძოლებში შემოცვეთილი ჩოხა ემოსაო. უყვებოდა პრეზიდენტს კუზმა გოლოხვასტოვი. შეხედა გენერალმა მის შელახულ სამოსს და  ღიმილით ჰკითხა, ნუთუ იმამ შამილს უფრო ღირსეული არავინ ჰყავდა ჩემთან გამოსაგზავნადო. ღირსეულებს ღირსეულთან აგზავნიან და თქვენთან მე გამომგზავნეს, უპასუხა იუნუსმაო…

კუზმა გოლოხვასტოვი იყო რუსი პოლიტოლოგი, რომელიც ოფიციალურად ჩეჩნეთის მთავრობას ემსახურებოდა. მას არავინ ენდობოდა, მაგრამ ყოველთვის იწვევდნენ შეხვედრებზე, ვახშმებზე. ზურგსუკან კრემლის გასტროლიორად მოიხსენიებდნენ და თითქოს მისი აზრებიდან კრემლის განზრახვების ამოკითხვას ცდილობდნენ. ყველასთან მალე ამყარებდა ახლო, თბილ ურთიერთობას და შეეძლო დაუსრულებლად ელაპარაკა ნებისმიერ საკითხზე.

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა გააცნო იგი ჩვენს პრეზიდენტს, როგორც კულტურული და განათლებული კაცი. მასთან არ მოიწყენთ კონსტანტინოვიჩო, უთხრა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა. ესეც ალბათ გულწრფელი პატივისცემით გააკეთა იმ მრავალ საპატივცემულო გამოხატულებასთან ერთად, რაც ჩვენმა დევნილმა პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ მიიღო ჩეჩნეთის ხელისუფალისგან.

პრეზიდენტი, როგორც ჩვეოდა, მოთმინებით, თავდახრილი ისმენდა კუზმა გოლოხვასტოვის მონათხრობს იუნუს ჩირკეელზე და ბოლოს უთხრა:

პატივცემულო კუზმა არისტრახოვიჩ, დიახ, ზუსტად ასე უპასუხა იუნუს ჩირკეელმა გენერალ გრაბეს, მაგრამ გენერალთან მისი ყოფნის მიზეზი ცოტა განსხვავებული იყოო. რუს გენერალს ერთი სული ჰქონდა, რომ ალყაში მოქცეულ შამილი დანებებულიყო და ამიტომ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, იმამ შამილს მძევლად მისი შვილი ჯამალუდინი მოსთხოვა. იმამმა ჯალაბს ჰკითხა, ვინ გაჰყვება ჯამალუდინს რუსებთან ტყვეობაშიო. არავინ ხმას არ იღებდა და იუნუსმა უთხრა, მე გავყვებიო. როცა იუნუსი და ჯამალუდინი გენერალთან მიიყვანეს, მაშინ შედგა ეს საუბარი. გენერალს უნდოდა, რომ იუნუსი იმამის დასატყვევებლად გამოეყენებინა და ღალატის სანაცვლოდ იუნუსს დიდ ჯილდოს შეპირდა, მაგრამ იუნუსმა უარი თქვა და მაშინ, როცა რუსებმა იმამის ბანაკზე  საარტილერიო შეტევა გადაწყვიტეს, გენერალს ისიც მიახალა, თქვენ რუსები ორპირი ხალხი ხართ, თქვენთან შეთანხმებას ფასი არ აქვს, რადგან მაინც იმას გააკეთებთ, რაც გაქვთ ჩაფიქრებული და შემორიგების მერე გააგრძელებთ ჩვენს გაწყვეტასო. იუნუსმა რუსებისგან თავის დაღწევაც მოახერხა და იმამ შამილს შეუერთდა ბრძოლაში. აი, ეს იყო მთავარი ამ ისტორიაშიო.

დიახ, ბატონო პრეზიდენტო, სამწუხაროდ, ასეთი იყო რუსული იმპერიალიტური პოლიტიკაო, უპასუხა კუზმამ.

მისი წასვლის შემდეგ პრეზიდენტმა გაიღიმა და გვითხრა, ამას ჰგონია, ვერ ვხვდებით, რა ჩანაფიქრები აქვს მას და თავს ისე გვასაღებს, თითქოს ჩვენი გულშემატკივარიაო.

კუზმა გოლოხვასტოვი, ახლა, აქ არის ასეთი კულტურული, თორემ კრემლში რომ დაბრუნდება, ზუსტად ძველი იმპერიალისტური პოლიტიკით იმოქმედებს ჩვენს წინააღმდეგო, თქვა პრეზიდენტმა.

 

გროზნოში ყოფნის დროს სოხუმიდან და ბათუმიდან თვითმფრინავით  ჩამოდიოდნენ უზენაესი საბჭოს წევრები, კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერები და ჩამოჰქონდათ ამბები, თუ როგორ უწევდნენ წინააღმდეგობას კანონიერი შენაერთები  ხუნტის ჯარებს, რომ მთელი სამეგრელო ფეხზე იდგა და პრეზიდენტის დაბრუნებას ელოდებოდა. მიმდინარეობდა მსჯელობები ხუნტის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე.

ლაპარაკობდნენ სამხედრო საბჭოს წევრების გატაცების გეგმებზე  და მიაჩნდათ, რომ მათი გატაცების შემთხვევაში უსისხლოდ მოხერხდებოდა კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. თუმცა, სამხედრო საბჭოს წევრების გატაცებაც ვერ ხერხდებოდა.

საბჭოს წევრების ნაცვლად შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაეტყვევებინათ სამეგრელოში და აფხაზეთში გადაეყვანათ. გენერალი ჩაგუაც აიყვანეს და საპყრობილეში მოათავსეს. გენერლის დატყვევება დიდ წარმატებად შეაფასეს, მაგრამ გენერალი ჩაგუა გაიქცა. შსს მინისტრის გასათავისუფლებლად კი გამოსასყიდი მოუთხოვიათ ჩვენი შენაერთების მეთაურებს. პრეზიდენტმა აიღო ტელეფონი და დარეკა ზუგდიდში. დატყვევებული მინისტრი გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეთო. ახლა რომ არ გავათავისუფლოთ, ხალხი იტყვის, გამოსასყიდისთვის ვიბრძვითო. გამოსასყიდი არასოდეს არავინ მოითხოვოს, თორემ  უფლებამოსილებას შევუწყვეტ ყველა მოღალატესო.

კუზმა გოლოხვასტოვი შემოვიდა პრეზიდენტის მისაღებში, სადაც რამდენიმე დაცვის ბიჭი ვიყავით. პრეზიდენტი დაკავებული იყო და დაველოდებიო, თქვა გოლოხვასტოვმა. ფანჯარასთან დაჯდა და პაპიროსი გააბოლა. კუზმა არისტრახოვიჩ, ჩემთვის ავტორიტეტული კაცი ბრძანდებით, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თქვენი მოსაზრება რომ გამიზიაროთ, სანამ პრეზიდენტი გათავისუფლდება მეთქი.

ამაზე კარგს რას გავაკეთებთო.

პატივცემულო არისტრახოვიჩ, შეგიძლიათ მითხრათ, რატომ შეიძლება, ხალხმა პრეზიდენტი აირჩიოს და მერე იგი ხალხმავე სასიკვდილოდ გაწიროს მეთქი.

შენ ალბათ კონსტანოვიჩს გულისხმობო.

უფრო პრეზიდენტ ალიენდეს მეთქი.

ეჰ, შვილო, არაა ეს მარტივი საკითხიო. აი, ჩვენ, საბჭოთა ხალხი ვისაც ვირჩევდით, იმას ცივ ნიავს არ ვაკარებდით. და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ სინამდვილეში, ხალხი არასოდეს აკეთებდა არჩევანს. ხალხს არ გააჩნია იმდენი ჭკუა, რომ სწორად აირჩიოს. ამიტომ ჩვენ ხალხს ვთავაზობდით იმ არჩევანს, რომელსაც ის უცილობლად დაეთანხმებოდა. ძირითადად, ხალხი ვერც ხვდება, ვის მაგივრად აკეთებს არჩევანსო…

აი, ალიენდე კი ხალხმა აირჩია. ამერიკის კონტინენტზე ფიდელ კასტრო პირველი კაცი იყო, რომელიც დაუპირისპირდა კაპიტალიზმს. ამერიკული კაპიტალიზმი კიდევ ერთ ასეთ გამოვლინებას არ დაუშვებდა. ხალხს რომ სცოდნოდა, რა იყო მათთვის ალიენდე, მას ვერ მოიშორებდნენ. ხალხი არაფერს წყვეტს. გენერალმა პინოჩეტიმ გადაწყვიტა, რომ ხალხს ალიენდე არ სჭირდებოდა. აი, ეს იყო და ეს.

მაგრამ, კუზმა არისტრახოვიჩ, თუ ხალხმა მოინდომა ალიენდე, მაშინ ხომ უნდა დაეცვათ კიდეც, რატომ არ დაიცვეს მათივე არჩეული პრეზიდენტი მეთქი.

კარგია შვილო, ლოგიკურად ფიქრობ, მაგრამ სახელმწიფოს ლოგიკა არ მართავს, სახელმწიფოს მართავს გავლენები. ხალხი ჯიუტია, შვილო! ხალხს რომ უთხრა შეგეშალაო, ასე არაფერი გამოვა, ხალხი გადაგთელავს. ამიტომ პინოჩეტიმ მოკლა ალიენდე და ხალხს უთხრა, ალიენდემ თავი მოიკლაო. გაზეთებში მაშინ დაწერეს, რომ ალიენდე თავის კაბინეტში შევიდა და ფიდელ კასტროს ნაჩუქარი ავტომატით თავი მოიკლაო. ექსპერტიზამ კი აჩვენა, რომ ოცდაათი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი ალიენდეს.

ამის მერე გაზეთებმა ისიც დაწერეს, პრეზიდენტის ცხედარი სიკვდილის შემდეგ გააპატიოსნეს, კოსტიუმი ჩააცვეს, საპრეზიდენტო ბაფთა გაუკეთეს, სასახლეში შეჭრილმა პუტჩისტებმა კი მისი გვამი დაცხრილეს და ამიტომ აღმოჩნდა მის სხეულში ოცდაათი ტყვიაო. ამ სიმართლის დასადასტურებლად კი შემდგომი ექსპერტული კვლევა მთელ კაცობრიობას შეუზღუდეს. აი, ასე ხდება სახალხო პრეზიდენტის გაწირვა. ამიტომ ჯობია, პრეზიდენტი ხალხმა არ აირჩიოს! არც ხალხისთვის და არც პრეზიდენტისთვისო…

ამ დროს პრეზიდენტს სამუშაო ოთახის კარი გამოეღო და გვისმენდა.

როგორ ბრძანდებით არისტრახოვიჩ, დაიმარტოხელეთ გულუბრყვილო მსმენელიო? – ღიმილით უთხრა პრეზიდენტმა.

 

 

 

 

* * *

 

წვერს არ იპარსავდა პრეზიდენტი, ან სად უნდა გაეპარსა?! აბაზანისა რა გითხრათ, შხაპის გადავლებას, რა თქმა უნდა, ვერ ვახერხებდით. ტანსაცმელს ვერ ვიხდიდით, ტანსაცმლიანად გვეძინა. ჯერ ერთი, ასე იყო საჭირო უსაფრთხოებისთვის და მეორე – ჩვენი საძინებლის პირობები ტანსაცმლის გახდის საშუალებას არ გვაძლევდა. პრეზიდენტს ფეხები უსივდებოდა. ექიმი გვინდოდა მოგვეყვანა, მაგრამ პრეზიდენტი ამბობდა, ახლა შეიძლება ყველა ექიმი მოსყიდული იყოსო. ჰიპოკრატე ფეხების შეშუპების სამკურნალოდ ოხრახუშის ფესვების ნაყენს იყენებდაო. რამდენჯერმე ოხრახუშის ფესვების ნახარში მიიღო. ჩაის მაგივრად სვამდა, ოღონდ თვითონვე ხარშავდა ოხრახუშის კონებს ჩაიდანში.

მანქანები თითქმის აღარ დადიოდა. სამთავრობო ჯარები დათარეშობდნენ და ართმევდნენ მანქანებს მგზავრებს. ზოგიერთ სოფელში მოსახლეობის პიკეტები გამოჩნდაო, ამბობდნენ. სანადირო თოფებით არიან და სამთავრობო მძარცველებისგან თავის დასაცავად ვდგავართო. არ ენდობოდა პრეზიდენტი ამ პიკეტებს, ამბობდა, ეგენი ინფორმატორები არიან, სამთავრობო ჯარებმა ახალი ხრიკი მოიგონეს გზების კონტროლისთვისო.

ძმები ჩქოტუები მოვიდნენ, პრეზიდენტს უთხრეს, ნაძირალა ზვამბაია გენერალ ჩაგუას ხვდება და, როგორც ჩანს, თქვენს წინააღმდეგ გეგმას ამუშავებენო. სხვა რეგიონში უნდა გადახვიდეთ, სამეგრელოში  თქვენი ყოფნა აღარ შეიძლება, გენერალმა ჩაგუამ ახალი რაზმიც ჩამოიყვანა, სოფელ-სოფელ დაგეძებენო. კახეთში შეგვიძლია წაგიყვანოთ, იქ არავინ ელის თქვენს ყოფნასო.

პრეზიდენტმა უთხრა, მთელი გზები სამთავრობი ჯარებს უკავიათ, როგორ გავივლით მათ პოსტებსო. ისე, ახლა ხევსურეთში წასვლა იქნებოდა სწორი და გაზაფხულზე იქიდან ისევ ჩეჩნეთში გადავიდოდითო.

მერე ზვანბაიას კაცი მოვიდა, პრეზიდენტს უთხრა, ზვანბაიამ შემოგითვალათ, სამთავრობო ჯარებმა ჩემი ოჯახი დაატყვევეს. მე თქვენი ღალატი არასოდეს მიფიქრია, მაიძულებენ თქვენს ლიკვიდაციას. ამიტომ აღარასოდეს შეგხვდებით. ჩვენ თუ არ შევხვდებით, თქვენს ლიკვიდაციას ვერ შევძლებ და ჩემი ოჯახის წევრებიც ასე გადარჩებიანო.

მივხედავთ ჩვენ ჩვენს თავს, შენ შენს თავს მიხედეო, პრეზიდენტმა შეუთვალა.

კიდევ დამაბარა ზვამბაიამ სათქმელიო, თქვა მისმა კაცმა. კანონიერი ჯარის სარდალმა გიღალატათ და აღარ ენდოთო, მე შემიძლია მისი ლიკვიდაციაო.

ვიცი, რომ მოღალატეა სარდალი და ესეც საკმარისია! სასჯელად მას ჩემი ამის ცოდნაც ეყოფაო, უპასუხა პრეზიდენტმა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7