* * *
მთელი ღამე ველოდებოდით ჩქოტუებს, მაგრამ ისინი აღარ გამოჩენილან. ყველა მანქანა, რომელიც უკანა გზაზე მოემართებოდა, “გაზ 24-ად” გვეჩვენებოდა და, რომ ვხედავდით, მანქანა ჩქოტუების არ იყო, ახალი მანქანის გამოჩენას ველოდებოდით.
მეორე დღეს გავიგეთ, ვიღაცებს უთქვამთ, პრეზიდენტის გასაპატიოსნებლად კოსტიუმი შეიძინა ზუგდიდში ვინმე ტალიკო კუბეტიამო. ჯერ გადავწყვიტეთ, აღარ დავლოდებოდით ჩქოტუებს, პრეზიდენტის კვალს დავდგომოდით და ნებისმიერ ფასად, რამენაირად მიგვეგნო მისი ადგილსამყოფელისთვის, რადგან საგანგაშოდ გვემცნო ეს ინფორმაცია. მერე ვიფიქრეთ, რომ შეგნებულად გაავრცელა დაცვის უფროსმა ეს ცრუ ცნობა, რომ ყველას ეფიქრა, გარდაიცვალა პრეზიდენტი და მისი დევნა შეეწყვიტათ.
ორიოდე დღეში კი გავიგეთ, ვინმე გოლმერი ძოღუას უთქვამს, პრეზიდენტმა თავი მოიკლაო. თავიდან ეს ისევ დაცვის უფროსის ცრუ ცნობად მივიჩნიეთ, მაგრამ სხვებიც ამბობდნენ უკვე, რომ პრეზიდენტმა თავი მოიკლა. დავიჯერეთ, რადგან ჩვენს მოკითხვასაც აღარავინ ცდილობდა.
დაახლოებით, ათი დღის მერე დაბრუნდნენ ჩქოტუები, პრეზიდენტმა თავი მოიკლა თავისი „სტეჩკინით“. გვამი თვითმკვლელობის ადგილზე დავკრძალეთ და ახლა გადასვენებისთვის ისეთი საიმედო ადგილი უნდა მოვძებნოთ, სამთავრობო ჯარებმა რომ ვერ იპოვნონო. თუ შეიტყვეს მისი საფლავის ადგილსამყოფელი, მოგვპარავენ ან წაგვართმევდნენ ცხედარსო.
მერე ყვებოდნენ, შემავალი ნატყვიარი მარჯვენა საფეთქელთან ჰქონდა, გამომავალი კი – კეფასთან, მარცხენა ყურის ბიბილოსთანო. თითის საფეთქელზე მიდებით გვაჩვენებდნენ ჩქოტუები.
მთელი გზა ვცდილობდი, წამომედგინა, როგორ შეეძლო პრეზიდენტს ზემოდან ქვევით ასეთი მიმართულებით გაესროლა. “სტეჩკინი” გრძელი იარაღია, ძალიან მოუხერხებელი ან შეუძლებელი უნდა ყოფილიყო იმის გაკეთება, რასაც ჩქოტუები ამბობდნენ.
დაცვის ერთმა ბიჭმა მითხრა მაშინ, რამდენიმე დღის წინათ, პალმიროს ოჯახში რომ ვიყავით, პრეზიდენტმა მთხოვა, თუ შეგიძლია, მესროლე ახლა და მომკალი, მერე თქვი, რომ მე გამივარდა იარაღიო. ჩემი სიკვდილისთვის ხომ იცი, მაინც არ დაგსჯიანო. მერე დამტოვეთ და წადით. მე გამოუვალ მდგომარეობაში ვარ, თქვენ კი ყველაფერი წინ გაქვთო.
სწორედ პალმიროს ოჯახში ლაპარაკობდნენ, რომ მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა პრეზიდენტის ლიკვიდაცია. თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში ჩანდა პრეზიდენტი, მაგრამ სწორედ მაშინ ახალი სახალხო ლაშქრის შექმნაზეც საუბრობდა საგაზაფხულოდ. ისიც გამახსენდა, პრეზიდენტი მუცლის ტკივილს უჩიოდა მაშინ და ამბობდა, ისეთი საწამლავები არსებობს, რომ შეიძლება რამდენიმე ხნით ადრე გამოიყენონ და ხანგრძლივი დროის მერე ამოქმედდესო. მე სრულიად ჯანმრთელი ვარ და, თუ რაიმე მომწამლავმა ნივთიერებამ მომისწრაფა სიცოცხლე, ასეთი შხამითაც შეიძლება მომკლანო.
მე არ მჯეროდა დაცვის იმ ბიჭის ნათქვამისა, რადგან თუ პრეზიდენტი ასეთ რამეს ეტყოდა, მას დაცვის უფროსისთვის უნდა შეეტყობინებინა დაუყოვნებლივ და თავად დაცვის უფროსს “სტეჩკინიც” აღარ უნდა დაეტოვებინა პრეზიდენტისთვის.
სამთავრობო სპეცრაზმები გამუდმებით უკან მოგვყვებოდნენ. ჩვენი განადგურება პირდაპირი შეტევით შეეძლოთ და რადგან არ გვანადგურებდნენ, მთავრობას არ უნდოდა, რომ მისი ხელით მომკვდარიყო პრეზიდენტი, ამიტომ დაგვატარებდნენ სოფელ-სოფელ. უფრო მზაკვრული ჩანაფიქრი უნდა ჰქონოდათ.
ჩვენ დაცვის წევრებს ღმერთისთვისაც არ შეგვეძლო მიგვენდო პრეზიდენტის უსაფრთხოება, მაგრამ არც ის შეგვეძლო, დაცვის უფროსის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წავსულიყავით. ამიტომ, როცა პრეზიდენტი რამდენიმე ადამიანმა წაიყვანა, გულს იმით ვიმშვიდებდი, რომ პრეზიდენტი ყველაზე სანდო ადამიანების გარემოცვაში იმყოფებოდა. მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ ამ სანდო ადამიანების გარემოცვაში ყოფნა იყო საუკეთესო გარემოება თვითმკვლელობის დასადასტურებლად.
ჩვენ ცხედარი დღის სინათლეზე ვნახეთ. ნატყვიარები მართლაც იმ ადგილებზე ჰქონდა პრეზიდენტს, როგორც ჩქოტუები აღწერდნენ და კიდევ უფრო წარმოუდგენლად მომეჩვენა ასეთი ნასროლით თვითმკვლელობა.
პრეზიდენტთან დარჩენილები ყვებოდნენ, რომ უკვე ეძინათ, როცა გასროლის ხმა გაიგეს. ხმის გაგონებისთანავე წამოვცვივდით საწოლებიდან და პრეზიდენტის ოთახში შევედითო. მერე კი ზედმიწევნით ერთნაირად, დაზეპირებულივით იმეორებდნენ, რომ პრეზიდენტთან მიახლოვების შემდეგ დაინახეს, როგორი ფეთქვით გადმოსდიოდა მას საფეთქელიდან სისხლი…
ჯერ ის ბიჭი გამახსენდა უზენაეს საბჭოსთან რომ ესროლა პუტჩისტმა. გამახსენდა მისი ნატყვიარი საფეთქელზე. პულსაციით კი არა, სისხლი საერთოდ არ გადმოსდიოდა შემავალი ჭრილობიდან.
მაგრამ მე სხვა კითხვა გამიჩნდა. არავინ ახსენებდა სიბნელეს, ლამპას… ელექტროენერგია ხომ მთელ სამეგრელოში გათიშული იყო და მჩქეფარე სისხლის დასანახად მათ ლამპა მაინც დასჭირდებოდათ. თუმცა, არც უსინათლობას და არც ლამპას არავინ ახსენებდა. მხოლოდ დაზეპირებულივით აღწერდნენ პრეზიდენტის სხეულიდან ფეთქვით გამომავალ სისხლს. ნეტავ დაფიქრდება ვინმე ოდესმე იმაზე, შეიძლებოდა თუ არა ყველაფერი ისე მომხდარიყო, როგორც ამას პრეზიდენტის ეს სამი ყველაზე საიმედო ადამიანი ზედმიწევნით მოწესრიგებულად იმეორებდა?!
პრეზიდენტის ცხედარი რომ გადავასვენეთ, ოცამდე კაცი ვიქნებოდით. ამ ოცი კაციდან ვინმეს მაინც ექნებოდა კავშირი სამთვრობო ჯარებთან, მაგრამ რადგან გადასვენების დროს სამთავრობო ჯარები არ გამოჩენილა, ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ ცოცხალი პრეზიდენტი არ სჭირდებოდა ხელისუფლებას, არ მისი ცხედარი უღირდა რამედ.
პრეზიდენტის დაცვის მაგივრად ჩვენ რომ ვყოფილიყავით, უკეთესად დავიცავდითო, მეგრულად ეუბნებოდნენ ერთმანეთს პრეზიდენტის ჭირისუფალი კაცები. იმასაც ამბობდნენ, პრეზიდენტი ცოცხალი არ აპირებდა ჩაბარებასო, თვითონ თქვა ასეო. სად ნახულობდნენ ეს კაცები პრეზიდენტს სალაპარაკოდ, არ ვიცი. და ნეტა ვინ აპირებდა მის ცოცხლად აყვანას?! რაც ვიცი, მოსაკლავად და ასაოხრებლად დასდევდა ყველა.
ნეტავ რაში სჭირდებოდა თავის მოკვლა? თანაც თავქვეშ ბიბლიაამოდებულს?! ძალიან არ უყვარდა მას მოძალადე მთავრობა, რომ მისთვის ეს საჩუქარი გაეკეთებინა.
– ექსპერტიზა არ უნდა გავუკეთოთ მეთქი, – ჩავილაპარაკე.
როგორ შეიძლება ექსპერტიზა, ამ მთავრობას ექსპერტიზა როგორ უნდა ვანდოთო…
ისევ ალიენდე გამახსენდა და კუზმა არისტრახოვიჩი. ალიენდესგან განსხვავებით მხოლოდ ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი პრეზიდენტს, მაგრამ ამ ერთი ტყვიის მხროლელი ძალიან ბევრი იყო.