პრეზიდენტმა თქვა, სარდლის კანდიდატურა ჩემი დიდი შეცდომა აღმოჩნდა და ფინანსთა მინისტრიც მოღალატეა მასთან ერთადო  – ფინანსთა მინისტრი ილორის მოლაპარაკებების შემდეგ აღარ გამოჩენილიყო და ამბობდნენ, რომ მასთან ერთად გაქრა კანონიერი ხელისუფლების მფლობელობაში არსებული რამდენიმე მილიონიც.

მაშინ კიდევ ერთხელ ახსენა პრეზიდენტმა სალვადორ ალიენდე გოსენსი. იგი კარვის წინ იდგა. ყველანი მის გარშემო ვიყავით. მინდა, რომ ყველას მადლობა გადაგიხადოთ ერთგულების და თავდადებისთვისო. და მინდა, კიდე ერთი რამ გითხრათ, სიძულვილის ღირსია ყველა, ვინც ფიცი დადო და გატეხა, მათ ისტორია გაასამართლებს! მე არ გადავდგები ამ ისტორიულ მომენტში მყოფი და ჩემს ერთგულებას ჩემი  ხალხისადმი საკუთარი სიცოცხლით გადავიხდი! ეს პრეზიდენტ ალიენდეს სიტყვებია და ამ სიტყვებს სიამაყით ვიმეორებო.

 

სამთავრობო ჯარები პრეზიდენტის ადგილსამყოფელის გარშემო წრეს ავიწროებდნენ. ნოემბრის მიწურული იდგა. პრეზიდენტისთვის კარავში ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. სწორედ მაშინ გამოჩნდნენ ძმები ჩქოტუები. ისინი პრეზიდენტის უერთგულესმა ბასილ ზვანბაიამ მოიყვანა. ჩქოტუებმა შემოგვთავაზეს კონფიდენციალურად, სანდო ოჯახებში დაბანაკება, სანამ  პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი ახალ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებდნენ.

პირველად ძმებმა ჩქოტუებმა მოხუცი უსინათლოების ოჯახში წაგვიყვანეს. სახლში ანთებული ბუხარი დაგვახვედრეს. თბილი წყლის სახეზე შესხმის სიამოვნება რბილი საწოლის სიამოვნებამ გადაფარა. მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, რა რბილი ყოფილა საწოლი. მინდოდა, ხელმეორედ ჩავწოლილიყავი საწოლში და კიდევ ერთხელ განმეცადა მისი სასიამოვნო სირბილე, უბრალოდ, წამოდგომის თავი აღარ მქონდა.

უსინათლო მასპინძლების შერჩევით ძმები ჩქოტუები იმას მიანიშნებდნენ, რომ პრეზიდენტის ადგილსამყოფელის კონფიდენციალობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მაგრამ იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ხანდაზმული უსინათლო ცოლ-ქმრის ოჯახში დავყავით, მოდიოდნენ პრეზიდენტის მხარდამჭერი შენაერთების წარმომადგენლები, რომლებიც მას ეუბნებოდნენ, რომ კიდევ არსებობდა წინააღმდეგობისთვის საკმარისი ძალები. ზოგი ამბობდა, რომ სამასი კაცი ჰყავდა და ფულს ითხოვდა, ზოგი ირწმუნებოდა, ასობით კაცს შევაგროვებ, იარაღი გვჭირდებაო. პრეზიდენტი მხნედ გამოიყურებოდა, დახმარებას ჰპირდებოდა და ყოველ მათგანს ეკითხებოდა, იყვნენ თუ არა მზად პარტიზანული ბრძოლებისთვის.

მერე ისევ მოვიდა ბასილ ზვანბაია. უთხრა პრეზიდენტს, აღარავის ჰყავს სამასი და არც ორმოცდაათი მებრძოლიო. თხუთმეტ-ოც კაციანი რაზმები დარჩაო. უყვებოდა მას როგორ იქსაქსებოდნენ მისი მომხრე დაჯგუფებები და როგორ იყვნენ ტყეებში გაბნეული ჯარისკაცები. როგორ იხევდნენ უკან მთებისკენ და კარგავდნენ თავდაცვისუნარიანობას. ზვანბაიამ უთხრა პრეზიდენტს, რომ აღარავინ იყო სანდო, რომ მისი ყველაზე ერთგული ჯარისკაცებიც ტოვებდნენ დაჯგუფებებს.

უტყუარად ვიცი, ხელისუფლებამ ოთხმოცკაციანი სპეციალური დანიშნულების ალფა ჯგუფი გამოგზავნა შენს მოსაკლავად და ჩემს გასანადგურებლადო, უთხრა მაშინ მას ზვანბაიამ.

ძმებ ჩქოტუებზე რა იციო, ჰკითხა პრეზიდენტმა ზვანბაიას, რადგან ახლა ძალიან იყო ყველაფერი დამოკიდებული მათ სანდოობაზე. ზვანბაიამ უპასუხა, მე მოვიყვანე ისინი, მაგრამ აღარავინ არის სანდო, ჯერჯერობით აქ დარჩით, მე მოვძებნი საიმედო მასპინძელს და წაგიყვანთ უსაფრთხო ადგილზეო. ან იქნებ, ვერტმფრენი ვიშოვოთ და გაგიყვანთ ქვეყნიდანო.

შენს მოყვანილ ადამიანებსაც არ ენდობიო, პრეზიდენტმა ჰკითხა.

ბატონო პრეზიდენტო, სამთავრობო ჯარების გენერალი ჩაგუა უშუალოდ ელაპარაკება ყველას, ვისაც თქვენთან მოსვლის პირი აქვს და თქვენი ლიკვიდაციის საფასურად თანამდებობებს სთავაზობს. ამასთან ერთად, იმასაც ეუბნება, ის ორი მილიონი დოლარიც დაგრჩებათ, რომელიც პრეზიდენტს თან დააქვსო. მე რომ მოვიყვანე, ვენდობოდი, მაგრამ მერე გავიგე, იმ ორ მილიონ დოლარს არიან დახარბებული ჩქოტუები ბატონო პრეზიდენტოო, უთხრა ზვანბაიამ.

არამზადები ყოფილან ძმები ჩქოტუებიო, ჩაილაპარაკა პრეზიდენტმა, როცა ზვანბაია წავიდა თავის კაცებთან ერთად. ის დოლარები კი ფინანსთა მინისტრმა თან წაიღო, ილორში რომ გვიღალატა და წავიდა ჩვენგანო.

 

ჯართუ თირქია მოვიდა მეორე დღეს, აუცილებელი სათქმელი მაქვს პრეზიდენტისთვისო. ჩვენ მხარეს იბრძოდა პრეზიდენტის დაბრუნების შემდეგ, მანამდე კი მილიციაში მუშაობდა ჯართუ თირქია. შევიყვანეთ მასთან და თირქიამ უთხრა, გავიგე, ბატონო პრეზიდენტო, ზვანბაია ყოფილა თქვენთან და მასზე საინტერესო ამბავი უნდა მოგითხროთო.

სამთავრობო ჯარებმა თქვენი მომხრეების დაპატიმრება დაიწყეს და უფრო მეტიც, მათი ოჯახის წევრებსაც აპატიმრებენ. სამთავრობო ჯარები ყველას ეძებენ, ვისაც თქვენს ლიკვიდაციაში დახმარება შეუძლიაო. ზვანბაია რომ იყო მოსული თქვენთან, თან ორი კაცი ახლდა. ვიცი, ვინც არიან ის კაცები. ისინი მილიციაში მუშაობენ, სამინისტროში მყავს ნანახი ორივე. ახლა გენერალმა ჩაგუამ ჩამოიყვანა და ერთ-ერთი მათგანი ზვანბაიას ცოლის ნათესავია. შეუძლებელია ზვანბაიას არ სცოდნოდა, რომ ისინი გენერალ ჩაგუას ემსახურებიანო.

კარგი ბიჭი იყო თავის დროზე ზვანბაია, მაგრამ წამალზე შეჯდა და აღარაა სანდო. მოწმეები მყავს, ყაჩაღობაზეც აღარ ამბობს უარს ხანდახანო.

მერე გარშემო მიმოიხედა ჯართუ თირქიამ და გააგრძელა: კიდევ ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, ბატონო პრეზიდენტო, პირადად თქვენს უსაფრთხოებას უკავშირდება და ამიტომ ვბედავ, გადამოწმებული მაქვს ეს ამბავი, თორემ არ გეტყოდითო.

თქვენი დაცვის უფროსი ხუნტის მთავრობის ვიცეპრემიერს ენათესავება ცოლის მხრიდან. სანამ თქვენ ჩამობრძანდებოდით ჩეჩნეთიდან, სამეგრელოში იყო ჩამოსული ხუნტის ვიცეპრემიერი და მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს ის და თქვენი დაცვის უფროსი. ვიცეპრემიერმა იმ შეხვედრაზე ქურქი გაიხადა და თქვენის დაცვის უფროსს აჩუქაო. კიდევ მიმოიხედა გარშემო ჯართუ თირქიამ, მივხვდი დაცვის უფროსს ეძებდა თვალებით, ეტყობოდა, არ უნდოდა მის გასაგონად ამის ლაპარაკი.

ვიცი მე მაგის შესახებო, პრეზიდენტმა უპასუხა. და სწორედ ჩემი დაცვის უფროსია ის კაცი, ვისაც ყველაზე მეტად ვენდობიო.

ამის მერე ისევ ძმები ჩქოტუები მოვიდნენ, ბატონო პრეზიდენტო, ეს ადგილი გაყიდულია, რადგან ზვანბაიამ გენერალ ჩაგუას ორი მილიციონერი მოიყვანა აქ, სასწრაფოდ ადგილი უნდა შეიცვალოთო.

იმავე საღამოს წავედით. სოფელ ფახულანში წაგვიყვანეს ძმებმა ჩქოტუებმა. მეორე დღეს კი გავიგეთ, რომ ხუნტის შენაერთები თავს დაესხნენ უსინათლო ცოლ-ქმრის ოჯახს და სასტიკად გაუსწორდნენ კანონიერი პრეზიდენტის მასპინძლობისთვის. მოხუცი ცოლ-ქმარი უცემიათ და მათი შვილი უწამებიათ, გვითხარი, პრეზიდენტი სად წაიყვანესო.

 

პრეზიდენტის დაცვის უფროსი ყველაფერს ისე აკეთებდა, რომ არავის სცოდნოდა ჩვენი გადაადგილების მარშრუტი. ჩქოტუებსაც ეუბნებოდა, არავის უთხრათ, მეც კი არ მითხრათ, სად მივდივართ და რა გზით მივდივართ. გზაში თუ თავს დაგვესხმებიან, პრეზიდენტი თქვენ უნდა გადაარჩინოთ და მე და ჩემი დაცვის ბიჭები თქვენ დაგიცავთ, რომ პრეზიდენტი სამშვიდობოს გაიყვანოთო.

აშკარა იყო, რომ კანონიერი პრეზიდენტის გადარჩენა მხოლოდ ჩვენზე აღარ იყო დამოკიდებული. ფახულანში პრეზიდენტმა ჩქოტუებს უთხრა, მოღალატეები მეგონეთ და შევცდი, თურმე ჩემი სიცოცხლე თქვენს მოხერხებულობაზე ყოფილა დამოკიდებულიო.

ჩქოტუებმა ფახულანშიც არ გაგვაჩერეს, მეორე დღესვე გადაგვიყვანეს. პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს რამდენიმე ჩანთა ჰქონდათ. ამის გარდა, ჩვენ იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა გვეტარებიანა, რისთვისაც მანქანები გვჭირდებოდა. მანქანით სიარული კი უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა, რადგან სამთავრობო ჯარები სულ ავიწროვებდნენ წრეს პრეზიდენტის ადგილსმყოფელის გარშემო.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7