* * *
პალმირო ერქვა ოჯახის უფროსს, ორიოდე დღით გავჩერდით მასთან. პრეზიდენტი არაფერს მიირთმევდა. ამბობდნენ, კოლიტი აქვსო. ოთახიდან გარეთ არ გადიოდა, არავის რომდაენახა, ოთახში ვედრო ედგა და იმაში შარდავდა. შარდს დაცვის უფროსი ღვრიდა ხოლმე ოდის უკან.საჭმელს ალბათ იმიტომ არ მიირთმევდა, გარეთ მოსასაქმებლად რომ არ დასჭირვებოდა გასვლა. არ მოისაქმებდა ვედროში პრეზიდენტი. ვედროში მოშარდვაც ძნელი საქმე იყო მისი კულტურის ადამიანისთვის. შეიძლება, იმიტომ არ მიირთმევდა, რომ მოწამვლის ეშინოდა. ჩაის სვამდა და ოხრახუშის ნაყენს. თვითონ ხარშავდა და სასმელად. საკვებს საერთოდ არ იღებდა და კოლიტი როგორ ექნებოდა?!
მოდიოდნენ თითქმის ყოველდღე ძმები ჩქოტუები. გადავყავდით ახალ თავშესაფარში. სანოვაგე მოჰქონდათ ხანდახან და სასმელი. პრეზიდენტი სასმელსაც არ ეკარებოდა. დაჯღანული ბედნიერებით ხვდებოდნენ პრეზიდენტს ახალი მასპინძლები. ჩვენი დროის ცოტნე დადიანები და თევდორე კველთელები ხართო, ეუბნებოდა მათ პრეზიდენტი.
არ უნდა მეფიქრა ჩქოტუებზე რომ მოღალატეები არიანო, თქვა ერთხელ პრეზიდენტმა. ჩქოტუებს კი ყოველ მოსვლაზე ახალ-ახალი ინფორმაცია მოჰქონდათ, თუ ვინ ჰყავდათ მოსყიდული სამთავრობო ჯარებს.
ალყაში მყავსო, თქვენზე განუცხადებია უშიშროების მინისტრს მთავრობის სხდომაზე, ბატონო პრეზიდენტოო, უთხრეს ჩქოტუებმა. სრულად ვაკონტროლებთ მის გარემოცვასო, მოუხსენებია მას მთავრობისთვის და პრეზიდენტი ცოცხალი არ გვჭირდება ჩვენო, მთავრობის წევრებს უპასუხიათ.
პრესაში გამოქვეყნდა ბატონო პრეზიდენტო ეს ინფორმაცია და არ იქნება ტყუილიო.
ბევრჯერ მიფიქრია, რა უნდა მომხდარიყო, რა თანხა უნდა გადაეხადათ ჩემთვის, რომ მეც მოღალატედ ვექციე მთავრობას… როცა პრეზიდენტის დაცვის წევრად ამიყვანეს, იმდენად გამოუვალი მდგომარეობა იყო, ღალატზე ფიქრის დრო არავის ჰქონდა – პრეზიდენტი უზენაესი საბჭოს შენობიდან რამენაირად უნდა გაგვეყვანა. ახლა კი ალბათ ყოველ ჩვენთაგანზე ფიქრობდა პრეზიდენტი, აღმოვჩნდებოდით თუ არა მოღალატეები…
ისევ გვესტუმრნენ ჩქოტუები საღამოს და სანოვაგე და სასმელი მოიტანეს. ხორცი ხომ მოგვიტანეთო,დაცვის წევრებმა ჰკითხეს.
მოვიტანეთ, ციკანი დავაკვლევინეთო, ჩქოტუებმა უპასუხეს.
ბურვაკი ან დეკეული ვერ იშოვეთო, ბიჭებმა ჰკითხეს.
ჩვენს ხალხს ბურვაკები და დეკეულები თითქმის აღარ დარჩა. მარტო ჩვენს ხალხს კი არა, სოფელში, სამთავრობო ჯარების გავლის შემდეგ არავის აღარაფერი რჩებაო.
ბევრს ჭამდნენ ჩვენი ბიჭები. ბიჭები იმდენს ჭამდნენ, ხშირად მიფიქრია, რომ პრეზიდენტი მათ გამო იკავებდა ჭამისგან თავს. და არც ის იქნებოდა მოულოდნელი, ამდენი საჭმელის მოთხოვნის შემდეგ ვინმეს სამთავრობო ჯარებისთვის რომ შეეტყობინებინა ეს ინფორმაცია, რადგან ჩქოტუები პრეზიდენტის სახელით ითხოვდნენ მათგან სანოვაგეს! იქნებ უკვე იცოდნენ კიდეც სამთავრობო ჯარებმა, რომ სანოვაგე ჩქოტუებს ჩვენთან მოჰქონდათ და ფიქრობდნენ, ჭამონ ახლა ბიჭებმა, ამათი ციკნები და ბურვაკები, და როცა პრეზიდენტი აღარ იქნება ცოცხალი, მისი სიკვდილის მიზეზებზე კი არ იფიქრებენ, შვებით ამოისუნთქავენო.
სოფელ ჯაღარაში ვიყავით მაშინ. პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, საპატივცემულო ადგილი – ოდის ზედა სართული გამოუყო მასპინძელმა, მაგრამ დაცვის უფროსმა გადაწყვიტა, რომ ოდის ზედა სართული პრეზიდენტის დასაცავად არასასურველი ადგილსამყოფელი იყო და პრეზიდენტის საცხოვრებლად ოთახი ოდის ქვედა ნაწილში შეარჩია.
სირცხვილია, როგორ არ მივიღო პრეზიდენტი სასტუმრო ოთახშიო, ამბობდა მასპინძელი, მაგრამ როცა ვუთხარით, პრეზიდენტის სიცოცხლისთვის არის ასე საჭირო თქო, წინააღმდეგობა ვერ გაწია, სასწრაფოდ მოხვეტა თავისი ნივთები და თვითონ ავიდა ოდის ზედა სართულზე, სადაც მაშინ დაცვის წევრებივახშმობდნენ ციკნის ხორცით.
პრეზიდენტი პირველ სართულზე თავის ოთახში იყო. მე მის გვერდით ოთახში ვიყავი საწოლზე წამოწოლილი. პრეზიდენტმა გამოიხედა. შენ რატომ არ ვახშმობო, მკითხა. არ მშია, ბატონო პრეზიდენტო მეთქი და წამოვდექი საწოლიდან, რამე ხომ არ გნებავთ მეთქი. მოდი, ჩვენ ერთად ვივახშმოთო. პრეზიდენტს რამდენიმე წიგნი, ბიბლია, წყლის მათარა და „სტეჩკინი“ ეწყო საწოლის გვერდით.
გამიგონია, ამბობდნენ, ზვანბაიას ნაჩუქარი “სტეჩკინი” აქვს პრეზიდენტსო. არ ჰქონია პრეზიდენტს ზვანბაიას ნაჩუქარი “სტეჩკინი”.
გენერალ ჩაგუას რაზმი განაიარაღა სარდალმა მაშინ, სოხუმის დაცემის შემდეგ ენგური რომ გადმოლახეს. ბევრი პისტოლეტი მოიტანეს მაშინ. ერთი მებრძოლი იყო მათშორის, ძიღვი ბაღბაია. კარგად იცნობდა მას პრეზიდენტი. აიღო ბაღბაიამ “სტეჩკინი” და პრეზიდენტს მისცა.
კარგი პისტოლეტია “სტეჩკინი”. მაკაროვის ტყვიებსაც ისვრის, მაგრამ მაკაროვზე ბევრად უფრო მაღალი დონეა, უშიშროებას აქვს ძირითადად ეს იარაღიო.
დაცვის უფროსი ინახავდა პრეზიდენტის “სტეჩკინს” და პრეზიდენტმა მოსთხოვა, მომეცი პისტოლეტი, მე მექნებაო.
რად გინდა ბატონო პრეზიდენტო პისტოლეტი, ჩვენ აქ ვართ, არ დაგაჭირვებთო, დაცვის უფროსმა უპასუხა.
თავს რომ დაგვესხან, შენთან ხომ არ მოვალ მაშინ იარაღის სათხოვნელად, უმჯობესია, მე მქონდესო, პრეზიდენტმა უთხრა.
ამის შემდეგ თან ჰქონდა პრეზიდენტს „სტეჩკინი“. ახლა მაგიდაზე ედო წიგნებთან, მათარასთან და ბიბლიასთან ერთად. გახსნილი ჩანთებიც ჩანდა საწოლთან.
ცხელი ჩაი და ფინჯნებიც ეწყო მაგიდაზე. მოდი, ჩვენ ჩაით ვივახშმოთო, მითხრა. თვითონ დამისხა ჩაი და ჩემთან ერთად დაჯდა მაგიდასთან.
ამ ხნის განმავლობაში ოჯახში თუ ყოფილხარო, მკითხა.
ორჯერ ვიყავი ბატონო პრეზიდენტო მეთქი, ვუპასუხე.
როგორ არიან შენი ოჯახის წევრები, რა გითხრესო.
მე ვუპასუხე, თქვენს შესახებ უფრო მეკითხებოდნენ, ვიდრე ჩემს შესახებ მეთქი.დედაჩემმა მკითხა, პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე რომ დაემუქროს, მაშინ რა უნდა ქნაო.
ნუ გეშინიათ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საფრთხე არ შეექმნას მეთქი.
თავს რომ დაესხან სამთავრობო ჯარები, როგორ მოიგერიებთო.
რაც ჩემი ვალია, ის უნდა გავაკეთო, პრეზიდენტი უნდა გადავარჩინოთ მეთქი, ვუპასუხე.
შეეწირებიო, მამაჩემმა მკითხა. დედაჩემს ტირილი აუტყდა ამ სიტყვებზე. ვცადე, დამემშვიდებინა, ჩვენ მზად ვართ თავდასხმისთვის მეთქი, ვუპასუხე.
მისმენდა და გვერდზე იყურებოდა პრეზიდენტი, სადაც თავისი წიგნები ეწყო. არასოდეს თვალებში ყურება არ იცოდა. როცა გელაპარაკებოდა, თვალები დახრილი ჰქონდა. თვალებში რომ შემოეხედა, შეიძლება, ვერც მელაპარაკა.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ნათარგმნი უოლტ უიტმენი წავიკითხე მეთქი, ვუთხარი პრეზიდენტს.
მაშინ შემომხედა და გამიღიმა, რა წაიკითხეო.
ზეპირად ვისწავლე რამდენიმე სტროფი და გეტყვით, თუ შეიძლება მეთქი.
ასეთი კარგი ვახშამი დიდი ხანია არ მქონია, აბა, მითხარიო.