უკვე შუაღამე იყო, როცა ტყისპირა სოფელში კანონიერ პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან ერთად ახალ თავშესაფარს მივადექით. მასპინძელი შესასვლელში გველოდებოდა, რომელმაც პრეზიდენტის დანახვაზე მეგრულად, თითქმის ჩურჩულით და გულწრფელი აღტაცებით სიხარულის გამოხატვა სცადა, მაშინვე ომერ ჩქოტუამ  იგი მეგრულადვე გააჩუმა. ომერ ჩქოტუა და მისი ძმა ჩვენი მეგზურები იყვნენ. თუმცა, არა მხოლოდ მეგზურები…

სამოქალაქო ომის ბოლო დღეებში კანონიერი პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი მათთან შემორჩენილ თხუთმეტიოდე დაცვის წევრთან ერთად სამთავრობო ჯარებმა თითქმის ალყაში მოგვაქციეს და ამ ალყას ყოველდღიურად ავიწროებდნენ. ჩვენ პრეზიდენტი სოფლიდან სოფელში გადაგვყავდა და მისი გადარჩენის გზებს ვეძებდით. სწორედ ძმები ჩქოტუები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც წინასწარ არჩევდნენ სანდო ოჯახებს და უსაფრთხო გადაადგილების მარშრუტს. ვცდილობდით, თან ბევრი ბარგი არ გვქონოდა, მაგრამ პრეზიდენტის და პრემიერმინისტრის ჩანთებთან ერთად იარაღის და საბრძოლო მასალის გარკვეული მარაგის ტარებაც გვიხდებოდა.

ახალი მასპინძლის სახლი ერთსართულიანი იყო, ხიმინჯებზე შეყენებული, მთლიანად ხის. კიბის და აივნის ფიცრები თითქოს ძლივს უძლებდა სამხედრო ფეხსაცმლის სიმძიმეს. შიგნით ღუმელი ენთო და მაგიდაზე მბჟუტავი ლამპა იდგა. ჩვენ ბარგი შევზიდეთ, მასპინძელმა ფითილს აუწია და სინათლესთან ახლომყოფთა სახეები გამოჩნდა – დაღლილი, გაუპარსავი.

ოთახში მასპინძელმა ხელმეორედ სცადა აღტაცების გამოხატვა. ამ დროს მის დაღრეჯილ აღტაცებას თითქოს შიში უფრო ეტყობოდა, მაგრამ შეიძლება, მხოლოდ ლამპის შუქზე მოჩანდა ასე, რადგან პრეზიდენტის მასპინძლობას შიში ნამდვილად ვერ გადააწყვეტინებდა.

ახლა მას თავად პრეზიდენტმა შეაწყვეტინა სიხარულის გამომხატველი ფრაზები – დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ჩემი სტუმრობა იმდენად არასასურველია, სასიხარულო ამაში არაფერიაო.

სახლში რამდენიმე ოთახი იყო, ყოველი მათგანი მბჟუტავი ლამპებით. ერთ-ერთში პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი მოეწყვნენ, გვერდით ოთახებში დაცვის ბიჭები გადავნაწილდით. მისაღებში მასპინძელს სუფრა გაეშალა. პრეზიდენტმა მოიბოდიშა, ვახშამზე უარი თქვა, ჩაი ითხოვა და ოთახიდან აღარ გამოსულა.

სოფელში პრეზიდენტის ყოფნის შესახებ მხოლოდ ძმებმა ჩქოტუებმა და ჩვენმა მასპინძელმა იცოდნენ. სხვას თუ ეცოდინებოდა, მხოლოდ მათგან შეეძლოთ, სცოდნოდათ. სანდო კაცებად ვუყურებდით ძმებ ჩქოტუებს. ბოლო კვირების განმავლობაში ისინი გვიწევდნენ მეგზურობას და ყოველთვის, როცა რამე საფრთხე ჩნდებოდა, ახალ თავშესაფარს ისევ ისინი შოულობდნენ…

 

 

 

* * *

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე პრეზიდენტის დაცვის სამსახურში ამიყვანდნენ. ეს მაშინ მოხდა, როცა უკვე ძალიან დაძაბული ვითარება იყო. უზენაერსი  საბჭოს უზარმაზარ შენობას ყოველი მხრიდან ესროდნენ. მე სამხედრო სამსახურს გავდიოდი და პუტჩი რომ დაიწყო, მთელი შენაერთი საბჭოს შენობის დასაცავად  გადაგვიყვანეს. როცა სროლა ატყდა, ტყვიები პრეზიდენტის ფანჯრებსაც მოხვედრია, მაგრამ ამ დროს იგი უკვე ბუნკერში იმყოფებოდა. თავშესაფარშიპრეზიდენტთან ერთად იყვნენ ხელისუფლების მომხრე პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერი მოქალაქეებიც. ხუნტა მას გამუდმებით ულტიმატუმებს უთვლიდა და მისგან დანებებას მოითხოვდა. ერთხელ იგი თავისი ოთახიდან გამოვიდა და ბუნკერში მყოფებს მიმართა:

ახლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ბედი წყდება, მე ვიბრძოლებ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის და ყველას მოვუწოდებ, დადგეს კანონიერი მთავრობის დასაცავადო. მე არსად წავალ, არ მიგატოვებთ! მზად ვარ პრეზიდენტ ალიენდესავით შევეწირო ჩვენს დამოუკიდებლობას და მოვკვდე უზენაესი საბჭოს კედლებთან, როგორც პრეზიდენტი ალიენდე მოკლეს თავის სასახლესთანო.

ამ სიტყვების შემდეგ ბუნკერში ტაშმა იფეთქა. პრეზიდენტის მხარდამჭერები ტაშს არ წყვეტდნენ, მის სახელს მუშტებშემართული გაიძახოდნენ და თვალებში ერთგულების სინათლე ენთოთ. ყველას უყვარდა პრეზიდენტი.

მისი გამოსვლის შემდეგ ბუნკერში სიმხნევემ დაისადგურა. სვამდნენ პრეზიდენტის სადღეგრძელოს, და ერთმანეთს გამარჯვების იმედებს უზიარებდნენ. ერთ-ერთი პოლიტიკოსი ჰყვებოდა, რომ მის მიერ ნახსენები სალვადორ ალიენდე გოსენსი ჩილეს პრეზიდენტი იყო, რომელიც თავისივე სასახლეში პუტჩისტმა სამხედროებმა მოკლეს… ბუნკერში მყოფ ყველა ადამიანს რწმენა და იმედი ჩაუსახა ამ  გამოსვლამ.

 

ჯარისკაცები მორიგეობით გავდიოდით ბუნკერიდან უზენაესი საბჭოს მისადგომების დასაცავად. ეტყობა, პუტჩისტები ხანდახან ტყვიებს ზოგავდნენ მარაგის შევსებამდე და არ ისროდნენ. ისინი რამდენიმე ათეულ მეტრში ბარიკადების მეორე მხარეს იმყოფებოდნენ. ხან გვიყვიროდნენ, რომ დავნებებულიყავით, ხან გვაგინებდნენ. ჩვენ ორნი უზენაესი საბჭოს გვერდით კედელთან, ვიწრო ქუჩაზე დამწვარ ავტომანქანას ვეფარებოდით.

ქუჩის მეორე მხარეს რამდენიმე მეტრში შენობის კუთხიდან ერთი პუტჩისტი გამოჩნდა. ძალიან ახლოს იყო მოსული, სულ რამდენიმე მეტრში. რამდენჯერმე გამოყო თავი, მერე შენობის კუთხესაც გამოსცდა. ისიც დავინახე, რომ ჯინსები ეცვა, ხელში კი პისტოლეტი ეჭირა. არ გვიმიზნებდა, ისე ეჭირა და უმისამართოდ იქნევდა ხელს. გამოჩნდა და მერე ისევ კუთხეს მიეფარა. არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა. სროლა არც გვიფიქრია. იმწუთას არავინ ისროდა. ისე ახლოს იყო, რომ დალაპარაკება შეგვეძლო. ქუჩის მეორე მხარეს ვინმე რომ ჩაივლის და დაპირისპირება აზრადაც არ მოგივა, რაღაცნაირად ასე იყო. ავტომატები რომ გვეკავა, თითქოს ესეც კი უხერხულად მომეჩვენა. ბარიკადების მხრიდან ყვირილი ისმოდა. იმას უძახდნენ, ჩვენთან ახლოს, შენობის კუთხესთან მოსულს.

ეს ბიჭი კი ჩემთან რომ იყო, მოულოდნელად წამოდგა და ქუჩა გადაირბინა. არ ვიცი, რას ვფიქრობდი, შეიძლება, მეგონა, რომ გამოელაპარაკებოდა. მიირბინა შენობასთან და კუთხეს მიუახლოვდა. ერთი წამით თითქოს შეჩერდა და შენობის კუთხიდან მეორე მხარეს გაიხედა.

გასროლის ხმა გავიგე, მაგრამ ალბათ მეგონა, რომ სხვაგან გაისმა ეს ხმა.ექოც თითქოს ჩვენსკენ არ წამოსულა, სადღაც პროსპექტისკენ გავარდა თითქოს და ამიტომ ვერ ვხვდებოდი, რატომ დაეცა და რატომ არ ინძრეოდა დაცემის შემდეგ. მეგონა, რომ წამოდგებოდა, არ ვიცი, რამდენ ხანს ველოდებოდი მის გამოძრავებას. ბოლოს დავინახე, რომ ის ჯინსისშარვლიანი გარბოდა და ბარიკადების უკნიდან რამდენიმე ჯერი გამოუშვეს ჩვენსკენ.

ქუჩა რომ გადავირბინე, შეიძლება მაშინაც მეგონა, რომ წამოვაყენებდი, უკან დაბრუნებაში დავეხმარებოდი, მაგრამ იმასაც ვხედავდი, როგორ იზრდებოდა ასფალტზე მისი სახის გვერდით სისხლისფერი ლაქა. ფეხებში ხელი მოვკიდე და შენობისკენ, მოფარებულ მხარეს მივაჩოჩე.მარცხენა საფეთქელთან ტყვიის ზომის მუქინახვრეტი ეტყობოდა, მხოლოდ პატარა ნახვრეტი. მივხვდი, შემავალი ნატყვიარი იყო და იმასაც მივხვდი, რომ სისხლი სადღაც მეორე მხრიდან სდიოდა. ამის ყურება აღარ მინდოდა. წამოწევა ვცადე, მაგრამ თითქოს მისი სხეული არ მემორჩილებოდა.

ხელები მოვხვიე, ძალა მოვიკრიბე, მხარი მივაშველე და წამოვწიე. უკან მივბრუნდი სწრაფი ნაბიჯით. სროლის ხმები მესმოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, საიდან ისროდნენ. მერე დავინახე, რომ ჩვენი ჯარისკაცები მორბოდნენ სროლით.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7