ცხედარი ბუნკერში რომ ჩავიტანეთ, ბევრი ხალხი შეგროვდა, კითხულობდნენ, რა მოხდაო. მერე მე გამომკითხეს. ვუთხარი, რომ მას მხოლოდ რამდენჯერმე გამოველაპარაკე. მისი სახელი ვიცოდი მხოლოდ, მეტი არაფერი ვიცი მეთქი.იმასაცვერ ვხვდებოდი, რატომ გადაირბინა ქუჩა და რატომ წავიდა იმ ჯინსისშარვლიანისკენ. მერე მითხრეს, კითხვებს ვინც გისვამდა პრეზიდენტის დაცვის უფროსი იყოო.
უნდა ვაჩვენოთ ტელევიზიით ამ ბიჭის ცხედარი, მთელმა ქვეყანამ უნდა დაინახოს, რას სჩადიან პუტჩისტებიო, ამბობდა ერთ-ერთი პოლიტიკოსი.
პრეზიდენტის მხარდამჭერები აჰყვნენ მას და გაიძახოდნენ, ტელევიზია მოიყვანეთ, გადაიღონ, როგორ გვხოცავენო. რამდენიმე ქალი იწყევლებოდა. პრეზიდენტი გამოჩნდა ამ დროს.
მასაც უთხრეს, გადაიღოს, ბატონო პრეზიდენტო, ეს ბიჭი ტელევიზიამ და აჩვენოს მთელ ქვეყანას, რას წარმოადგენენ პუტჩისტებიო.
არანაირი ტელევიზია! რასაც წარმოადგენენ პუტჩისტები, ეს მთელმა ქვეყანამ ისედაც იცის და არ შეიძლება, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი მისმა მშობლებმა ტელევიზიით ნახონო, უპასუხა პრეზიდენტმა.
მომდევნო დღეებში უზენაეს საბჭოზე შეტევა გაძლიერდა. ჩვენ ისევ გავდიოდით ბუნკერიდან და შენობის მისადგომებს ვიცავდით, მაგრამ საპასუხო ცეცხლი ბევრად უფრო ძლიერი იყო, რადგანარტილერიაც მოგვაყენეს. ბუნკერის გარე კედლები ჭურვების აფეთქებას ჯერ კიდევ უძლებდა, მაგრამ ეს აფეთქებები შიგნით მორალურ მდგომარეობას უკვე საფუძვლიანად არყევდა.
ხუნტა აცხადებდა, რომ პრეზიდენტს დერეფანს გაუხსნიდა და დანებების შემთხვევაში მას ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობას მისცემდა. პრეზიდენტი კი ისევ მოუწოდებდა ყველას, ხუნტისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ.
ამ დროს ბუნკერში მყოფი პოლიტიკოსები გამუდმებით პუტჩის მიზეზებზე მსჯელობდნენ. იმაზე ყველა თანხმდებოდა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაში დამნაშავე ოპოზიცია იყო – ზოგი ამბობდა, თავიდანვე ყველა უნდა დაგვეპატიმრებინა, ვინც ქუჩის აქციებს და ბარიკადებს აწყობდაო. ზოგი ისევ ხელისუფლების ძველ რიტორიკას იმეორებდა, არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და უნდა შეეგუოს ოპოზიცია, რომ ხელისუფლებაში ჩვენ უნდა ვიყოთო. ზოგი გაიძახოდა, ეს ყველაფერი სუკის ნომენკლატურამ მოაწყო, რათა ძველი პრივილეგიები დაიბრუნოსო. ერთხელ, ალიენდეზე რომ ჰყვებოდა, იმ პოლიტიკოსმაც ილაპარაკა პუტჩის მიზეზებზე: ყველაფერი იმის გამო ხდება,ამერიკის პრეზიდენტმა რომ განაცხადა ჩვენს პრეზიდენტზე, ის დინების წინააღმდეგ მოძრაობსო.
მაგრამ ამ გამონათქვამს ხომ საკადრისად უპასუხა ჩვენმა პრეზიდენტმა, დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიანო, შეახსენეს მას პრეზიდენტის მომხრეებმა.
უზენაესი საბჭოს ბუნკერში კამათი არასოდეს წყდებოდა. დაუსრულებლად ლაპარაკობდნენ, მაგრამ თანდათან ყველას ეტყობოდა, რომ პუტჩისტების გაძლიერებული თავდასხმები კანონიერი ხელისუფლების წარმატებების მოლოდინს თანდათან ამცირებდა. ღამღამობით უზენაესი საბჭოს ბუნკერს და პრეზიდენტის გარემოცვას ნელ-ნელა, როგორც პოლიტიკოსები და სამოქალაქო მხარდამჭერები, ასევე, ჯარისკაცებიც ტოვებდნენ.
პრეზიდენტის დაცვის უფროსმა რომ შემანჯღრია და ჩემი მეთაურის შესახებმკითხა, ბუნკერის კიბეებზე ახალი ჩაძინებული ვიყავი. უცებ გამოვფხიზლდი. თქვენი მეთაური სად არის, სად არიან ის ბიჭები, შენთან ერთად რომ იყვნენო.
მე ვუპასუხე, შენობის გარეთ პოზიციებზე ვიყავით ღამის განმავლობაში და არ ვიცი, ახლა სად არიან მეთქი. გასაგებიაო, ჩაილაპარაკა. აქ იყავი, არსად წახვიდეო. მალე დაბრუნდა და კიდევ მკითხა, გესმის, რა პასუხისმგებლობა დაგეკისრება პრეზიდნტის სიცოცხლის დასაცავად ჩვენთან ერთად რომ წაგიყვანოთო. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე.
სანამ ბუნკერს დავტოვებდით, სინათლე ჩაქრა, ხუნტამ მოახერხა და უზენაეს საბჭოს ელექტროენერგია გაუთიშა. ბუნკერიდან ჯერ რამდენიმე ამოვედით, პრეზიდენტისთვის მანქანა უნდა მოგვეძებნა. თითქმის ყველა მანქანა დაზიანებული იყო…
ალიენდეს შესახებ პრეზიდენტის ნათქვამი სიტყვა მახსენდებოდა. ვფიქრობდი, რომ გვერდიდან არ უნდა მოვშორებოდი უზენაესი საბჭოს კედლებთან ალიენდესავით არდანებებულ პრეზიდენტს… თუმცა, ამჯერად ისტორია უზენაესი საბჭოს კედლებთან არ დასრულებულა.
* * *
ახლა მხოლოდ ძმებმა ჩქოტუებმა და ჩვენმა მასპინძელმა იცოდნენ ჩვენი სოფელში ყოფნის შესახებ. სამებასავითაა ეს სამი ადამიანი პრეზიდენტის უსაფრთხოებისთვისო, თქვა დაცვის უფროსმა, როცა გამთენიისას ჩვენი თავშესაფრის მდებარეობას ვათვალიერებდით. მას პრეზიდენტისთვის შერჩეული ოთახის საიმედოობა აფიქრებდა, რომ შესამჩნევი არ ყოფილიყო გარეშე თვალისთვის და თან საჭიროების შემთხვევაში შეუმჩნეველი გასაქცევი გზაც გვქონოდა.
არ ეტყობოდა ჩვენს მასპინძელს, რომ სტუმრობისთვის საკმარისი სანოვაგე ჰქონოდა. ამიტომ, ამაზეც ჩქოტუებს უნდა ეზრუნათ. საკმაოდ მოხერხებულები იყვნენ ძმები ჩქოტუები,შეუმჩნეველად შეეძლოთ ჩვენი გადაადგილების ორგანიზება. პრეზიდენტისადმი მათ ერთგულებაშიც ეჭვი არავის ეპარებოდა, აფხაზეთიდან სამეგრელოში დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტს ისინი გვერდიდან არ მოშორებიან, მაგრამ ახლა გაჭირვებული მოსახლეობისგან ჩვენთვის საკმარისი სანოვაგის შეგროვება შეიძლება თვალში მოსახვედრი გამხდარიყო.
აფხაზეთში გადასვლა პრეზიდენტს, საერთოდ, დაგეგმილი არ ჰქონია. იქ გამგზავრება მაშინ გადაწყვიტა, როცა სამთავრობო ჯარების დასახმარებლად სამეგრელოში რუსეთ-უკრაინის საზღვაო ფლოტის ჯარების სარდალი ბალტინი შემოვიდა. კანონიერი ხელისუფლების დამცველ შენაერთებს რომ ძალა გამოეცალათ, პეზიდენტმა სისხლისღვრის გაგრძელებაზე უარი თქვა და აფხაზეთში გადავედით.
პრეზიდენტის და მისი გარემოცვისთვის მასპინძელი ილორში მოძებნეს. იქ ვიყავით დაბინავებული, როცა კანონიერი ხელისუფლების ფინანსთა მინისტრმა აფხაზური დელეგაცია მოიყვანა. პრეზიდენტის უერთგულესი ბასილ ზვანბაიაც ესწრებოდა ამ შეხვედრას. ზვანბაია ზუგდიდის კომენდანტი იყო, სანამ სამთავრობო ჯარები სამეგრელოს დაიკავებდნენ.
აფხაზურმა დელეგაციამ პრეზიდენტს უთხრა, აღიარე აფხაზეთის დამოუკიდელობა და თბილისში რამდენიმე დღეში პრეზიდენტად დაგაბრუნებთო.
არასოდეს ვაღიარებო, უპასუხა მან. მე რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვაღიარო, ამით აფხაზები დამოუკიდებლები კი არ გახდებით, პირიქით, ეს რუსებს გაუადვილებს აფხაზეთის მიერთებასო. რუსებს კი აფხაზეთიდან ჩვენი დახმარების გარეშე ვერასოდეს გაიყვანთ, ამიტომ, კანონიერი პრეზიდენტის დაცვა თქვენს ინტერესებშიაო. აფხაზებმა ამის შემდეგ აღარაფერი მოისმინეს და პრეზიდენტს აფხაზეთის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს.
მოუმზადებლად წამოვედით სამეგრელოში. ჯერ ენგურჰესის გვირაბში დავბანაკდით.იმ ნაგებობიდან გადიოდა წყალი ჰესის აგრეგატებთან. იქ დავყავით რამდენიმე დღე. მერე სამეგრელოს ტყეებში, კარვებში ვათევდით ღამეს.
უკვე ციოდა და გამოსავალზე უნდა გვეფიქრა, მაგრამ ყველა აფხაზეთის დაკარგვაზე ლაპარაკობდა. სამურზაყანოზე და კოდორზე, სოხუმსა და გაგრაზე. ერთხელ პრეზიდენტიც ჩაერთო ამ ლაპარაკში, როცა რუსები ფეხს მოიკიდებენ აფხაზეთში, მაშინ მიხვდებიან აფხაზები თავის შეცდომებსო, თქვა პრეზიდენტმა.
ამ დროს სამთავრობო ჯარებმა უკვე იცოდნენ, რომ პრეზიდენტი სამეგრელოში იყო გადმოსული, ჩვენს ადგილსამყოფელს ეძებდნენ, ადმირალ ბალტინის შენაერთები კი სამეგრელოს ქალაქების დამაკავშირებელ გზებზე იდგნენ სამხედრო ტექნიკით და ორივე ერთად კანონიერი ხელისუფლების მომხრე დაჯგუფებების გადაბირებაზე მუშაობდნენ. კანონიერი ხელისუფლების სამხედრო შენაერთები მთლიანად დაშლილი იყო, სარდალი კი უკრაინაში გაქცეულიყო.