ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! დასრულდა ჩვენი მძიმე მგზავრობა,
გვეღირსა ცის გასხივოსნება; ხომალდმა გაუძლო ღელვებს და გრიგალებს,
ჩვენი სანუკვარი ასრულდა ოცნება; ახლოა ნაპირი, მოისმის ზარები,
ისმის მოზეიმე ხალხის ჟრიამული,
თვალები მისდევენ ხომალდის მტკიცე ქიმს,
ფრიალებს ალამი სისხლით დანამული…
მაგრამ გული! გული! გული! სისხლის გუბე შესაზარი!
გემბანზე ხომ კაპიტანი ასვენია, ცივი, მკვდარი…
ჩვენო კაპიტანო, მამავ საყვარელო! ჩვენთვის აღარ დარობს დარი,
ეგებ სიზმარია, რომ შენ ამ გემბანზე გართხმულხარ ცივი და მკვდარი?
მაგრამ კაპიტანი აღარ მპასუხობს, დადუმებულან
უსისხლო ბაგენი, მამა საყვარელი ვერ გრძნობს ჩემს შეხებას,
მის მაჯისცემასაც ვეღარ მივაგენი,
იზეიმეთ, ნაპირებო, მე კი მმართებს ჩუმი ზარი,
გემბანზე ხომ კაპიტანი
ასვენია ცივი, მკვდარი.
დავამთავრე და შვებით ამოვისუნთქე, რომ ბოლომდე მახსოვდა ზეპირად.
რა გინდოდა ბიჭო აქო! მითხრა პრეზიდენტმა და თვალებში შემომხედა. იცი, ვის მიუძღვნა ეს ლექსი უიტმენმაო.
ვიცი, ამერიკის პრეზიდენტ ლინკოლნს მეთქი.
რა თქმა უნდა, ძალიან მიჭირდა ყოველი სიტყვის თქმა პრეზიდენტთან. მაგრამ მაინც ვუთხარი: უიტმენის მამათქვენისეული თარგმანიც ძალიან მომეწონა მეთქი. რომელიო, მკითხა.
მე ვხედავ კლასებს ბარბაროსებს განათლებულებს,
არ ვითაკილებ, განურჩევლად ვივლი მათ შორის
და ვესალმები დედამიწის ყველა ბინადარს…
ჩავამთავრე ამ ლექსის სტრიქონებიც.
აი, ვინ იყო ჭეშმარიტი კოსმოპოლიტიო, თქვა პრეზიდენტმა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უნდა ყოფილიყო უიტმენი, და ჩვენი ქვეყანაც უნდა ყოფილიყო მისი მსგავსი პოეტის სამშობლო, მაგრამ ჩვენი ქვეყნის რეალური მოქალაქეები ამას ვეღარ გრძნობენ. ჩვენ წაგვართვეს მაღალი კულტურის, მაღალი სამართლიანობის გაცნობიერების და მსახურების უნარიო. აწი რაც ამ ქვეყანაში მოხდება, ჩვენი როლის გარეშე განხორციელდება, თავსმოხვეული პოლიტიკური მაღალფარდოვნობით განხორციელდება და ისე განხორციელდება, რომ ჩვენ პოლიტიკურად მსოფლიო კულტურის არა მონაწილე და შემოქმედ, არამედ, დაქირავებულ, გამომყენებელ ერად გვაქცევენო.
ზემოდან დაცვის წევრების ხმა ჩამოდიოდა, სვამდნენ და პრეზიდენტის სადღეგრძელოს ამბობდნენ გამუდმებით.
იქნებ ის შეძლო, რომ ორი ცხენი იშოვო და გავექცეთ ამ ყველაფერსო.
ორ ცხენს ვიშოვი, რა თქმა უნდა, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ იმ ცხენებით სად წავიდეთ მეთქი…
დიდ ღალატს ვგრძნობ და წავიდეთ სადმე, თუ სადმე უღალატობაა. თუ არც არის, მაშინ წასვლასაც რა აზრი აქვსო…
დაცვის უფროსი შემოვიდა ამ დროს. ჯღუტი დღვილავა მოვიდა და შეხვედრას ითხოვსო, თქვა მან.
მაგ გარეწრისა და ნაძირალას სახელი აღარ გამაგონოთო, ასე თქვა მასზე პრეზიდენტმა.
წერილი მაინც გადაეცით, თუ პრეზიდენტი შეხვედრას არ ინებებსო, დაამატა დაცვის უფროსმა.
წერილი შემოიტანა.
გავალ ბატონო პრეზიდენტო მეთქი
არა, აქ იყავიო, მითხრა.
გახსნა ეს წერილი პრეზიდენტმა. აფხაზეთის და სამეგრელოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეთ და დედაქალაქისკენ გზას გაგიხსნითო, წერილში ეწერა. იცოდა ეს შემოთავაზება პრეზიდენტმა ჯერ კიდევ აფხაზეთიდან, როცა აფხაზებს უარით უპასუხა და როცა გამოგვდევნეს იქიდან.
ჯღუტი დღვილავამ თუ იცოდა ჩვენი ადგილსამყოფელი, ახლავე უნდა წავიდეთ აქედანო, პრეზიდენტმა თქვა.
შეწყვიტეს ზედა სართულზე ღვინის სმა. ჩქოტუები მოიყვანეს და იმათ თქვეს, რომ ხურთქი ბაღბავასთან შეგვიძლია წაგიყვანოთო.
ხომ ნამდვილად სანდოა ეს ხურთქი ბაღბავაო, პრეზიდენტმა იკითხა.
მეგობრობა არ აქვს ხურთქი ბახბავას სამთავრობო ჯარებთანო. ბახბავას ორი ბიჭი ჰყავს დაჭერილი მთავრობას, როგორ იქნება არასაიმედოო, უპასუხეს ჩქოტუებმა.
ბახბავას ბიჭები თუ ჰყავთ დაჭერილი სამთავრობო ჯარებს, როგორ შეიძლება, რომ პრეზიდენტის სიცოცხლე ვანდოთ მის ოჯახსო, დაცვის უფროსმა თქვა.
ვერ იზამს ღალატს ბახბავა, ჯერ ერთი, შეეშინდება ღალატის და მეორეც, ყველაზე უსაფრთხოდ ახლა მისი ბიჭები ციხეში არიან. რომც გამოუშვან ღალატის საფასურად, არ უნდა ისურვოს ბაღბავამ ახალ უბედურებაში გახვევა – ან სამთავრობო ჯარები მოსთხოვენ სამსახურს პრეზიდენტის წინააღმდეგ ან კანონიერი სამხედრო დაჯგუფებები აგებინებენ პასუხს პრეზიდენტის ღალატისთვისო.
შეიძლება, შვილების უბედურებაში გახვევის გამო თავი შეიკავოს, მაგრამ დიდი ფულისთვის, ყველაფერს იზამს ბახბავაო, დაცვის უფროსმა თქვა.
დიდი ფულის სანაცვლოდ ყველა ყველაფერს იზამსო, პრეზიდენტმა უპასუხა.
“გაზ 24-ით” დადიოდნენ ჩქოტუები. პრეზიდენტის ჩანთები ჩავაწყეთ მანქანის საბარგულში. პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, დაცვის უფროსი და კიდევ ერთი დაცვის წევრი ჩასხდნენ. ახლა მეტი ადამიანს წაყვანას ვერ შევძლებთ, მოგაკითხავთ და დანარჩენებსაც წაგიყვანთო, ჩქოტუებმა გვითხრეს.
პრეზიდენტი უკანა სავარძელში ჩაჯდა. ერთი მხრიდან დაცვის უფროსი მიუჯდა, მეორე მხრიდან პრემიერმინისტრი. და კიდევ მხოლოდ ერთი დაცვის წევრი ჩაჯდა წინ ჩქოტუებთან ერთად.