1. ფანქარი ცაშიდაჯოხი ცაში

 

“ფანქარი ცაში” ჩემი პირველი (და ჯერჯერობით ერთადერთი) რჩეული კრებულის სახელწოდებაა, რომელიც 2004 წელს გამოიცა, და აქედან გამომდინარე, ეს სათაური, როგორც თავისთავადი პოეტური სახე, მკითხველისთვის კარგადაა ნაცნობი, თუმცა ძალიან მეეჭვება, რომ ეს სახე მას უშუალოდ ლექსს “ფანქარი ცაში” ახსენებდეს რაიმე ფორმით.

რატომ “რაიმე ფორმით”? საქმე ისაა, რომ მე განვაგრძე ამ თემის პოეტური დამუშავება და 2010 წელს დავწერე “ფანქარი ცაში”-ს კონვენციური ვარიანტი (თითქოსდა როგორც მისი ტყუპისცალი), მაგრამ შემდეგ ორივე ვარიანტი ერთ, ორნაწილიან ლექსად გავაერთიანე და ამ სახით გამოვაქვეყნე კიდეც 2011 წელს გამოცემულ კრებულში “შრამი”.

იგი ამ კრებულში მოხვდა, როგორც 2004-2011 წლების შუალედში შექმნილი “საკანცელარიო ციკლის” ერთ-ერთი ლექსი (“ფანქარი ცაში”, “ფანქარი არაცაში”, “ფანქარი მიწაში”, “საშლელი” და “ქაღალდი და კაპიროვკა (საბეჭდი მანქანაც)”).

ამ ციკლში ჩემი აზრით საუკეთესოა “ფანქარი მიწაში”, რომელსაც “კონვენციურის” შემდეგ ასევე შეეძლო გამხდარიყო “ფანქარი ცაში”-ს ტყუპისცალი, მაგრამ ციკლის კონცეფციამ ამას ხელი შეუშალა.

რაც შეეხება ლექსს “ჯოხი ცაში”, რომელიც 2014 წლის კრებულში “პოეტური გამოცდილების სიმწარე” დაიბეჭდა, ესაა განწყობის ლექსი, რომელიც უშუალოდ, ყოველგვარი წინასწარი ჩანაფიქრის გარეშე დაიწერა ჩემს აივანზე და სადაც ასევე უშუალოდ და პაროდიულად შემოვიდა ცაში მყოფი ფანქრის თემა. და  საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ზემოთ მოთხრობილი პოეტური თავგადასავლების შემდგომ, მოულოდნელად სწორედ მას ეწია ბედი გამხდარიყო “ფანქარი ცაში”-ს ტყუპისცალი.

 

 

ფანქარი ცაში

 

არა და არ გამოილია ეს ფანქარი ცაში.

ფანქარი – დაუღლელ ხელს რომ უჭირავს და

ხატავს, წერს, ჯღაბნის მისით

60-გრამიან, 80-გრამიან, 0,1-გრამიან, 1000-ტონიან ქაღალდებზე.

გუტენბერგის ციური სამყარო

დღემდე მუშაობს შეუფერხებლად და თანაც ისე, რომ

არ სჭირდება სასტამბო საღებავი –

მხოლოდ ფანქარი –

ერთადერთი ცის ფანქარი და კიდევ სათლელი –

ჩვენი წინაპრების სულების ბასრი კბილებისაგან დამზადებული,

მისი ბეჭდური პროდუქცია კი,

ჟანრული მრავალფეროვნებით მეტად გამორჩეული –

ფანტასტიკა, სატრფიალო ლირიკა, სიზმრების ახსნა,

ანთროპოლოგია, ისტორიოგრაფია, მეტაფიზიკა,

რიცხვთა თეორია, დიზაინი, კულინარია და ა. შ. და ა. შ. –

დაბლა, დედამიწაზე გამოგზავნილი და

ჰაერში მოფარფატე,

ჩვენს სხეულებზე შემოგრაგნილი,

მიწაზე ფარდაგივით დაფენილი –

ძირითადად მაინც წაუკითხავი რჩება.

აგერ, ნახეთ მზარეული –

ის ეცნობა ათასნაირ კულინარიულ რეცეპტს,

მაგრამ რატომღაც არ აინტერესებს

ზეციური კულინარია.

აგერ, მკითხავი –

სიზმრების ამხსნელი უამრავი წიგნი აქვს გადაბულბულებული,

მაგრამ სიზმრების ზეციურ ახსნაზე

წარმოდგენაც არა აქვს.

აგერ, ფილოსოფოსი –

თავაუღებლად რომ ჩაჰკირკიტებს

ათასგვერდიან ნაშრომებს მეტაფიზიკაზე,

მაგრამ წამითაც არ ჩაუხედავს

ზეციური მეტაფიზიკის არცერთ წიგნში.

ფანქარი ცაში კი

არაფრით არ ჩერდება.

თხზავს და თხზავს

თანამედროვე ციურ ლიტერატურას –

ხან ეზოთერულს,

ხან ბულვარულს, –

მაგრამ მაინც საშინლად არაპოპულარულს

და არაკომერციულს

დედამიწაზე.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11