XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი

 

ზარმაცებმა დაიწყეს ლექსების წერა.

წამოწვებიან დივანზე, ამთქნარებენ,

მუცელს იფხანენ,

არ იციან, რა აკეთონ და

ზუსტად ამ დროს თავპირისმტვრევით მოფრინავს მუზა.

ცერათითზე ჩამოჯდება ან მუხლისთავზე,

მოუღიტინებს ზარმაცს და ისიც გახალისდება.

ლექსის წერა უქნარასთვის ხომ ის საქმეა,

არასდროს რომ არ დაეზარება.

ადრე იყვნენ რომანტიკოსები,

სიმბოლისტები,

ფუტურისტები,

დადაისტები,

იმაჟისტები,

კონცეპტუალისტები…

იყვნენ გაბრაზებულები,

დაკარგულები,

დამსხვრეულები…

ახლა იქნებიან ზარმაცები.

XXI საუკუნის პოეზია იქნება ზარმაცების პოეზია.

დივანზე წამოწოლილების,

ლეპტოპზე რომ აკაკუნებენ ლექსებს

და ამთქნარებენ,

ლექსების წერაში რომ დრო გაჰყავთ და

ხანდახან ამაში ფულსაც აკეთებენ,

სახელსაც ითქვამენ,

სხვადასხვა ქვეყნებშიც დადიან ლექსების საკითხავად და

პრემიების ასაღებად,

და ამ სხვადასხვა ქვეყნების სასტუმროებშიც

წვანან ფუმფულა ქვეშაგებში,

კიდევ უფრო გემრიელად ამთქნარებენ

და ასე აგრძელებენ

თავიანთ პოეტურ მოღვაწეობას.

ზარმაცებმა დაიწყეს ლექსების წერა

და არაა ეს არც ცუდი და არც კარგი,

უბრალოდ ახალი ეტაპია პოეზიაში.

ზარმაციზმს უწოდებენ ალბათ მალე მას კრიტიკოსები

ან რამე უფრო ინტელექტუალურ

და ჟღერად სახელს შეარქმევენ,

და იქნება ზარმაციზმი რაღაც პერიოდი

ერთ-ერთი ყველაზე მოდური და

ახალი პოეტური ესთეტიკის განმსაზღვრელი მიმართულება

თანამედროვე პოეზიაში,

იქნებიან ნიჭიერი ზარმაცები და უნიჭო ზარმაცებიც,

მაგრამ ძირითადად ყველა ზარმაცი პოეტი იქნება,

მერე ეს ზარმაციზმიც მოძველდება,

მობეზრდება კაცობრიობას ასეთი ლექსები

და რაღაც ახალს მოიფიქრებს,

რაღაც სხვა გაჩნდება თავისთავად,

მანამდე კი იყოს ასე,

დაიღალა ძალიან კაცობრიობა,

გადაიქანცა,

აღარც იმის თავი აქვს, რომ

ანჟამბემანზე, ალიტერაციაზე,

ლექსის ზომაზე, გარითმვის წესებზე იფიქროს,

რთული სურათ-ხატებით და მეტაფორებით დაწერილი

რებუსივით ლექსები იკითხოს

და არც იმისი, რომ ასეთი ლექსები წეროს.

რაღაც გრძელი ლექსი გამომდის.

დავიღალე მგონი უკვე და მომბეზრდა კიდეც

ამ ლექსის წერა.

კიდევ თუ გავაგრძელე,

თქვენ წაკითხვა დაგეზარებათ,

ამიტომ ჯობს

აქ დავამთავრო ეს ჩემი მორიგი ზარმაცი ლექსი,

გადავბრუნდე და დავიძინო.

ძილი ნებისა, ჩემო ძვირფასო, ზარმაცო მკითხველო,

და არ დამიწყო ახლა, იქ ტავტოლოგიაა,

აქ რიტმია დარღვეული და ჩაასწორე,

გარანდე, გააშალაშინეო,

ლაკონურობაც აკლია, ცოტა შეკვეცეო –

არ მოსულა ამ მიმართულების პოეზიაში ეგეთები,

რაცაა ეგაა,

ალალად და გულმართლად –

აბა ტყუილა კი არ გამოიქცა ჩემსკენ კისრისტეხით მუზა მაშინ,

როცა დივანზე ვიწექი ნებიერად და ვიზმორებოდი,

ტყუილა კი არ დამაჯდა მუცელზე,

ტყუილა კი არ მიხიცინა ამდენი ხანი…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11