6. დღის ჰაიკუ და ღამის ჰაიკუ
90-იანი წლებიდანვე დავინტერესდი მე ამ სალექსო ფორმით. საკმაოდ ბევრი ჰაიკუ მაქვს დაწერილი, და როგორც წესი, ისინი სხვადასხვა ციკლებში ერთიანდებოდა ხოლმე. მათგან ყველაზე პოპულარულია “ეროტიკული ჰაიკუს” ციკლი, რომელიც 1997 წლის კრებულში “მსუბუქი, ძალიან მსუბუქი და არც ისე მსუბუქი” მოხვდა. მიხედავად იმისა, რომ ჩემი ჰაიკუები ციკლებად იკვრებოდა, არის ორი ციკლი, რომლებიც ტყუპ ციკლებს წარმოადგენენ.
ისინი სტრუქტურულად ყველანაირად ერთმანეთის სიმეტრიულია: დღის სამი ჰაიკუ და ღამის სამი ჰაიკუ. ორივეგან პირველი ჰაიკუ არის მზერა სახლის ფანჯრიდან, მეორეა ცისკენ მიპყრობილი მზერა და იქ დანახული სურათი, ხოლო მესამეში ორივეგან აქცენტი თვალიდან ყურზე, სმენადობაზე გადადის.
ეს ციკლები შესულია 2006 წლის კრებულში “სანამ დროა”.
დღის ჰაიკუ
***
ფანჯრებს რეცხავენ…
დაბანილი შუქი
შემოდის ოთახში.
***
ღრუბლები დაიშალნენ.
ხვალ სხვა ღრუბლები შეიკრიბებიან ისევ აქ.
ბირჟა უცვლელია.
***
ზაფხულის მშვიდი ხმები…
ალბათ დაახლოებით ასეთია
ჟღერადობა სამოთხეში.
ღამის ჰაიკუ
* * *
მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავებს გავცქერ.
მთვარე სახლის
მეორე მხარეს დაბუდებულა.
ბადრი მთვარე
მაიკლ ჯორდანის
მიერ ნატყორცნი სამქულიანის
შენელებული კადრი.
* * *
გამთენიის სიმყუდროვეში
სიგარეტის ბოლი
უცებ ამიხმაურდა.
7. ტყუპი ჰაიკუ
გარდა ამისა, არ შეიძლება არ გავიხსენო ორი ჰაიკუ, რომელთაც მე, სწორედ ასე, “ტყუპი ჰაიკუ” შევარქვი და ჯერ კიდევ 2000 წელს გამოვაქვეყნე კრებულში “ბენზინის ყვავილები”.
ტყუპი ჰაიკუ
* * *
იქნებ ქინქლასაც უნდა, თავისი ნიჟარა ჰქონდეს?
დაუცველი და დამფრთხალი ბზრიალებს შლეგივით,
თითქოს რომ გაჩერდეს – მოკვდება.
* * *
იქნებ სპილოსაც უნდა, თავისი ნიჟარა ჰქონდეს?
შეიყუჟებოდა და იდღესასწაულებდა თავისთვის, მოუხეშავად.
ხორთუმებო, წამოიცვით გირლიანდები!