1. ლექსის წერის მეთოდი – 1” დალექსის წერის მეთოდი – 2”

 

ეს ტყუპი ლექსებიც მიყოლებით დაიწერა. მათი შექმნის მარტივი მიზეზი კი ალბათ ისაა, რომ ლექსის წერის სხვადასხვა მეთოდები შეიძლება არსებობდეს. ორივე მათგანი “პოეტური გამოცდილების სიმწარეში” (2014) არის შესული, ეს კრებული კი გამორჩეულია იმით, რომ მასში საკმაოდ ბევრი ლექსია თავად პოეზიაზე, ბევრი მცდელობაა სხვადასხვა სალექსო ფორმებით ამ ფენომენის დანახვისა და გააზრებისა.

პრინციპში მეტი თითქოს არც არაფერია დასამატებელი აქ. ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ მე პირველი ლექსი მაინც უფრო უკეთესი მეჩვენება.

 

 

ლექსის წერის მეთოდი – 1

 

აურიე ადამიანები ნივთებში,

მერე გამოაცალკევე.

სანამ გამოაცალკევებ,

ერთმანეთის თვისებები გადაედებათ.

ჰოდა, მერე წერე ადამიანებზე, როგორც ნივთებზე და

რაც მთავარია – პირიქითაც.

აურიე ლურჯი და ყვითელი ერთმანეთში,

მიიღებ მწვანეს.

ან ლურჯი და წითელი –

მიიღებ იასამნისფერს.

ბევრ პოეტს უყვარდა ფერები.

განსაკუთრებით თრაკლს.

სულ ერთმანეთში ურევდა,

თუმცა ალბათ იყვნენ ისეთებიც,

ფერები რომ სძულდათ.

აურიე სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთმანეთში –

მიიღებ ბლეიკს.

ან მინიმუმ – მილტონს.

თუმცა, თუ აურევ, იცოდე,

მერე გაგიჭირდება გამოცალკევება.

აურიე. ერთი სიტყვით – აურიე.

კარგად, ბოლომდე აურიე.

და მერე შეეცადე გამოაცალკევო.

ეგაა, მეტი არაფერი

პოეზია.

 

 

ლექსის წერის მეთოდი – 2

 

როცა ლექსის დაწერა ძალიან გინდება

და არაფერი კონკრეტული არაა არც შენს შიგნით

და არც შენს გარეთ,

თავს მაღლა წევ და ინდაურივით ყვიტყვიტებ:

“ღმერთი მაღალია!”

და მერე, ყოველთვის არა,

მაგრამ ხშირად მოდის სათქმელი,

და კარგი ლექსიც ითხზვება,

მაგრამ პირველ სტრიქონად ქცეული ეს ამოძახილი,

რომელმაც დაძრა ტექსტი,

ყოველთვის გადაიხაზება ხოლმე.

და გამოდის ნაწერი,

სადაც თითქოს ღმერთი გამქრალია,

სადაც თითქოს სულ სხვა რამეზეა ლაპარაკი.

თუმცა ხდება პირიქითაც:

საიდანღაც, თავისთავად,

ყოველგვარი ძალდატანების გარეშე

ჩნდება პირველი სტრიქონი,

მას მეორე მოსდევს, მესამე, მეათე,

და როცა ასრულებ ლექსს,

მერეღა გახსენდება შენი რიტუალი,

რომელიც მუშაობის დაწყების წინ არ შეასრულე.

და წევ მაღლა თავს ინდაურივით და ყვიტყვიტებ:

“ღმერთი მაღალია!”

და იგი რჩება შენთან,

როგორც ლექსის ექო,

რადგან ტექსტი უკვე შეთხზულია და

მის გადახაზვას არანაირი აზრი აღარა აქვს.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11