ტყუპი ლექსები

 

ხანდახან ხდება, რომ პოეტებს რაღაც ჟინი იპყრობთ და უნდებათ საკუთარ ლექსებზე წერა, ახსნა იმისა, თუ რა როგორ ითხზვებოდა, საიდან ჩნდებოდა კონკრეტული იდეა თუ ფორმა. ჩვენ ვიცით შესანიშნავი ნიმუშები ასეთი ავტორეფლექსიებისა, თუმცა კი იგი ალბათ მაინც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რამაა დღემდე ლიტერატურულ კრიტიკასა თუ ესეისტიკაში. ამჯერად მეც გავბედავ და შევეცდები რაღაც მსგავსი ჩავიდინო, იმ განსხვავებით, რომ ეს უფრო საკუთარ პოეტურ შემოქმედებაში გარკვეული ტიპის ტექსტების გამოკვეთის და შემდგომ კი ამ ტექსტებზე მინაწერების გაკეთების მცდელობა იქნება და არა თვითკრიტიკა – ანუ უფრო კონტექსტის ახსნა  და არა სრულფასოვანი ანალიზი.

თუკი თემას მივუახლოვდებით, გეტყვით, რომ ამ წერილში მე მსურს გესაუბროთ ტყუპ ლექსებზე, რომლებიც საკმაოდ აღმოჩნდა ჩემს შემოქმედებაში. შეიძლება უფრო სწორი ყოფილიყო მათთვის წყვილი, დაწყვილებული ლექსები დამერქმია, ან “ლექსების დუეტი”, რადგან ასეთი ლექსები ტყუპებივით ერთდროულად არ იბადებიან, მაგრამ მომეჩვენა, რომ როგორც ტერმინი, “ტყუპი ლექსები” (როგორც შეტყუპებულები) გაცილებით უკეთ ჟღერდა და ამიტომ მაინც ეს სახელწოდება ვარჩიე.

როგორ ჩნდებიან “ტყუპი ლექსები” ავტორის ცნობიერებაში, ანუ კონკრეტულად, როგორ ჩნდებოდნენ ისინი ჩემში? არის რამდენიმე ვარიანტი:

  1. იწერება ლექსი და რაღაც პერიოდის შემდეგ, მიზეზთა გამო, ჩნდება თვითირონიული დამოკიდებულება, რაც ქმნის ლექსის პაროდიულ ვარიანტს.
  2. იწერება ლექსი, რომელშიც ძევს რაღაც თეზა, და მოგვიანებით ჩნდება ანტითეზის დამუშავების სურვილიც, რაც ბადებს ამ ლექსის საპირისპირო,  პოლარულ ლექსს.
  3. იწერება ლექსი, რომლის თემა ავტორში აჩენს სურვილს შემდგომი დამუშავებისა და ჩნდება ლექსი, რომელიც არის გარკვეულწილად წინა ლექსის გაგრძელება, შევსება, ვარიაციული გაშლა.
  4. იწერება ლექსი, რომლის თემასაც ავტორი თავიდან უბრუნდება, ისე რომ ადრე დაწერილ ლექსთან არც კი აბამს შინაგან დიალოგს. წერს მას აბსოლუტურად დამოუკიდებლად და მხოლოდ შემდგომ, მსგავსი თემის გამო იგი ბუნებრივად წყვილდება ავტორის ადრინდელ ტექსტთან.

არ ვიცი, შეიძლება თეორიულად არსებობდეს სხვა ვარიანტებიც, მაგრამ მე, საკუთარი ტყუპი ლექსების ანალიზისას, ეს ვარიანტები დავინახე.

ტყუპი ლექსების შერჩევისას მე თავიდანვე გამოვრიცხე სხვადასხვა პოეტური ციკლებიდან (რომლებიც არცთუ ცოტა მაქვს) ორი ნიმუშის ამორჩევის ხერხი. პოეტური ციკლი სულ სხვა ფენომენია და მას ტყუპი ლექსებისგან განსხვავებული ფაქტორები ქმნის.

ახლა კი, ამ ზოგადი შესავალიდან, გადავალ კონკრეტიკაზე და წარმოგიდგენთ იმ ტყუპ ლექსებს, რომლებიც ჩემს წიგნებშია გაბნეული.

 

 

  1. “XX საუკუნის დასასრულის პოეტიდა “XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი

 

პირველი ლექსი შესულია 1993 წელს გამოცემულ “ანომალიური პოეზიის” (თანაავტორები: ზურაბ რთველიაშვილი და გიორგი ბუნდოვანი) კრებულში, მეორე კი 2019 წლის ამავე სახელწოდების კრებულში, ანუ მათ შორის სხვაობა 25 წელიწადზე მეტია. და რამდენადაც დიდია სხვაობა დროში, იმდენად დიდია სხვაობა ესთეტიკაშიც.

“XX საუკუნის დასასრულის პოეტი” ალბათ დღემდე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლექსია და გამორჩეულია თავისი ემოციური მუხტით, ენით, სოციალური დრამატიზმით. მინდა გავიხსენო მწერალთა სახლში 1992 წელს გამართული “ავანგარდული პოეზიის საღამო”, სადაც პირველად წავიკითხე ეს ლექსი პუბლიკის წინაშე. საღამო დაიწყო მისი დეკლამაციით და მე გამოვედი ბადურაში ჩალაგებული ცარიელი ბოთლებით ხელში მწერალთა კავშირის გამგეობის წევრების წინაშე. ამ პერფორმანსის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ 90-იან წლებში ეს ლექსი ჩემი “სავიზიტო ბარათი” გახდა.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ახალ ათასწლეულში ჩემმა პოეზიამ ადრინდელი სოციალ-პოლიტიკური აქტუალობა ასე თუ ისე დაკარგა და უფრო ირონიული და მჭვრეტელობითი ბუნების გახდა, და გამომდინარე იქიდან, რომ ახალი პოეტური სივრცე გახდა თვისებრივად განსხვავებული 90-იანების პერიოდის პოეტური სივრცისგან, ყოველივე ამან გამიჩინა სურვილი, გამეგრძელებინა თემა, ანუ აღმეწერა ამ ახალი ეპოქის პოეტის ხატიც. ეს აღწერა, საბოლოო ჯამში, სარკასტული და კრიტიკული გამომივიდა და XX საუკუნის დასასრულის პოეტის დრამატული ხატისგან განსხვავებით, XXI საუკუნის დასაწყისის პოეტის სახე ამ ლექსში გაშარჟდა.

ვინ იცის, თუ დამცალდა, იქნებ ღრმა სიბერეში მე დავწერო “XXI საუკუნის მეორე ნახევრის პოეტი” და ეს კონტრასტული პოეტური წყვილი ტრიოდ ვაქციო, თუ არადა, ეს ტყუპი ლექსები დარჩება ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდგომი, მაგრამ ამავე დროს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ორი პოეტური ეპოქის ასახვის მცდელობად.

 

 

XX საუკუნის დასასრულის პოეტი

 

აი, შეხედეთ, მოდის ისიც,

XX საუკუნის დასასრულის პოეტი.

მას ხელიდან გააგდებინეს ყვავილების თაიგულები და ვარსკვლავები,

ხოლო პირიდან ამოაგლიჯეს

სიყვარული, ერთგულება, მშვენიერება, სილამაზე

და მსგავსი კოხტაპრუწა სიტყვები.

აი, შეხედეთ, მოდის ისიც,

აცვია ჯინსები, ხელში უჭირავს ცარიელი ბოთლებით სავსე ჩანთა და

მინის ტარის მიმღები პუნქტისაკენ მიემართება.

მას აქვს პესიმიზმით გამოტენილი თავი და ცარიელი ჯიბეები.

მას გული ერევა რითმიანი ლექსებისა და

პოლიტიკური სტატიების კითხვისას.

მან იცის, რომ საუკუნის უზარმაზარი საავადმყოფოს

რეანიმაციულ განყოფილებაში აგდია პოეზია და ის და მისთანანი

სასოწარკვეთით ლამობენ კლინიკური სიკვდილიდან მის გამოყვანას.

ის და მისთანანი – XX საუკუნის დასასრულის პოეზიის კლოუნები.

ცირკი მოკვდა! მოკვდება პოეზიაც! –

ხარხარებენ მილიონიანი ქალქები თავიანთი მყრალი ხახებით.

და ისიც, ამ ხახაში ჩავარდნილი, მილასლასებს მის ენაზე – ქუჩაზე და აკვირდება საგნებს,

რომლებიც ხელში შეაჩეჩეს ვარსკვლავების და ვარდების ნაცვლად:

ტრამვაი, ასფალტი, კანალიზაცია, ბენზინი,

ერთჯერადი შპრიცი, ტრანსფორმატორი…

აი, ამ სიტყვების ხარახურისგან უნდა ააწყოს

“კონსტრუქტორი” პოეზიისა.

XX საკუნის დასასრული… – ძნელია დაიბადო სუფთა ჰაერზე,

ძნელია დაიბადო სიყვარულის ნიადაგზე მომხდარი

სქესობრივი აქტის შედეგად,

ძნელია დაიბადო საკეისრო კვეთის გარეშე,

ძნელია დაიბადო და სიცოცხლე არ დაგაყვედრონ,

ძნელია დაიბადო პოეტად და არ გიწოდონ ტაკიმასხარა,

ძნელია დაიბადო XX საუკუნის მეორე ნახევარში,

ძნელია დაიბადო…

და ისიც დაიბადა გაჭირვებით, კონვულსიებში,

დაიბადა პოეტი-ჯამბაზი,

ტვინში ჩააყარეს ახლადგამოჩარხული სიტყვების ჯართი,

რათა ოკრობოკრო სტრიქონებად გადაადნოს და

მერე მასზე, როგორც ბეწვის ხიდზე, ისე გაიაროს.

და აი, მიქანაობს ისიც მინის ტარის მიმღები პუნქტისაკენ,

ის, XX საუკუნის დასასრულის პესიმიზმით გამოტენილი პოეტი,

და ხელში ჩანთა უჭირავს, ცარიელი ბოთლებით სავსე…

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11