იყო დრო, როცა რამდენიმე კვირას მთელ ინგლისში მოგზაურობაში ვატარებდი და ოდნავადაც არ ვიღლებოდი. უფრო მეტიც, სწორედ მოგზაურობა იყო, რაც ცხოვრების ხალისს მაძლევდა. ახლა კი, როცა წლები მომემატა, ადვილად ვიბნევი და ძალა მეცლება. ალბათ ამის ბრალია, რომ როცა დაბინდებისას სოფელში ჩავედი, გზა საერთოდ ვერ გავიკვლიე. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც ერთ დროს ვცხოვრობდი და საკმაოდ დიდი გავლენითაც ვსარგებლობდი.

სოფელში ვეღარაფერი ვიცანი, დაუსრულებლად დავდიოდი ცუდად განათებულ ქუჩებში და ლამის მთელ სოფელს გარს ვუვლიდი. ძალიან ვიწრო ქუჩებში იმ მხარისთვის დამახასიათებელი ქვის პატარა სახლები იდგა. ზოგი ქუჩა ისე ვიწროვდებოდა, რომ ბარგასხმული  ძლივს ვეტეოდი, წამდაუწუმ ქვის კედელს ვედებოდი ხოლმე. ბორძიკით, მაგრამ მაინც შეუპოვრად მივიწევდი სიბნელეში იმ იმედით, რომ სოფლის ცენტრს მივაგნებდი, საიდანაც ორიენტაციის აღებას შევძლებდი, ან ვინმე სულიერს მაინც ვნახავდი. კარგა ხნის მერე, როცა ვერც ერთი მოვახერხე და ვერც მეორე, საშინელი დაქანცულობა ვიგრძენი და გადავწყვიტე, ნებისმიერ კარზე დამეკაკუნებინა.  ვიმედოვნებდი, რომ კარს ნაცნობი თუ არა, ის ადამიანი მაინც გამიღებდა, ვისაც ვახსოვდი.

ყველაზე დაფხავებულ კართან გავჩერდი. სახლიდან გამომავალი მკრთალი შუქი კარის ჩარჩოს კვეთდა. ზედა ღრიჭომ მიმახვედრა, რომ შიგნით მხოლოდ მოხრილი თუ შევიდოდი. სახლიდან ხმამაღალი ლაპარაკი და სიცილი ისმოდა. მაგრად დავაბრახუნე, რომ ხმაური გადამეფარა. ზუსტად მაშინ, ჩემს ზურგსუკან ვიღაცამ თქვა, „გამარჯობა“.

მივბრუნდი. ჩემგან ცოტა მოშორებით, სიბნელეში, ახალგაზრდა ქალი იდგა, ასე, ოცი წლის, გაცვეთილი ჯინსები და დახეული ჯემპრი ეცვა.

„ცოტა ხნის წინ გვერდით ჩამიარეთ,“ – მითხრა, – „დაგიძახეთ და ყურადღება არ მომაქციეთ.“

„მართლა? უკაცრავად. არ მინდა, უზრდელად ჩამთვალოთ“.

„ფლეჩერი ხართ, არა?“

„დიახ,“ – ვუპასუხე. რაღაცნაირად მესიამოვნა.

„ჩვენი სახლის წინ დაგინახეთ და ვენდიმ თქვა, რომ თქვენ იყავით. ძალიან გაგვიხარდა. თქვენ ერთ-ერთი იმათგანი ხართ, არა? აი, დევიდ მეგისი და სხვები რომ იყვნენ.“

„დიახ,“ – ვუთხარი მე, – „მაგრამ  მიკვირს, მეგისი ასე რომ გამოყავით, იქ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ფიგურებიც იყვნენ.“  სახელები ჩამოვთვალე და საინტერესო ის იყო, რომ გოგონა ყველა მათგანის გაგონებაზე თავს მიქნევდა, რადგან ყველა ეცნობოდა.

„ეს ყველაფერი თქვენს დაბადებამდე მოხდა,“ – ვუთხარი მას – „მიკვირს, რომ ასეთი ამბები იცით.“

„ჩვენამდე მოხდა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე მათ, ვინც მაშინ აქ ცხოვრობდა. ვენდიმ მაშინვე გიცნოთ, თქვენი ფოტო აქვს ნანახი.“

„არ ვიცოდი, თუ თქვენ, ახალგაზრდებს, ასე გაინტერესებდათ ჩვენი ამბები. ბოდიშს გიხდით, რომ ვერ შეგამჩნიეთ, როდესაც გვერდით ჩაგიარეთ. ხომ ხედავთ, ისეთ  ასაკში ვარ, უცხო ადგილები მაბნევს.“

კოტეჯიდან ლაპარაკი ისევ ისმოდა. უფრო მაგრად დავაბრახუნე, ამჯერად უფრო ნერვიულად, მიუხედავად იმისა, რომ გოგონასთან საუბრის დასრულებას არ ვჩქარობდი.

1 2 3 4 5 6 7