როჯერ ბათონმა მხრები აიჩეჩა. „ნუ ნერვიულობ, არ დაიკარგები. ოღონდ, ის გოგო არასწორად მიდიოდა. ვენდი აქედან საკმაოდ შორს ცხოვრობს, ავტობუსი დაგჭირდება, მაგრამ ავტობუსიც დიდი ხანი მოუნდება, ასე, ორი საათამდე. მაგრამ არა უშავს. წამოდი, მე მიგიყვან გაჩერებასთან.“

და სახლებისკენ აიღო გეზი.  გავყევი. უკვე ძალიან გვიან იყო და შევამჩნიე, რომ ჩემს თანამგზავრს ერთი სული ჰქონდა, როდის დაიძინებდა. რამდენიმე წუთი ისევ სახლებს შორის ვიარეთ და სოფლის მოედანზე გავედით. სიმართლე რომ ვთქვა, ასეთ პატარა ადგილს კაცი მოედანს ვერ უწოდებს. იქურობას ერთადერთი ლამპიონი ანათებდა და მის შუქზე ძლივს გავარჩიე რამდენიმე დაკეტილი მაღაზია. ირგვლივ სრული სიჩუმე იდგა და არაფერი იძროდა. მიწას ოდნავი ნესტი დაკრავდა.

როჯერ ბათონი შეჩერდა და იქვე კუთხეზე მიმანიშნა.

„აი, იქ თუ დადგები,“ – თქვა მან, – „ავტობუსი გამოივლის. როგორც გაგაფრთხილე, ვენდისთან მალე ვერ მიხვალ,  ასე, ორი საათი მაინც უნდა იარო. ნუ ინერვიულებ, ახალგაზრდები დაგელოდებიან, სხვა მაინც ბევრი არაფერია მათ ცხოვრებაში ისეთი, რისიც შეიძლება სჯეროდეთ.“

„ძალიან გვიანია, დარწმუნებული ხარ, რომ ავტობუსი დადის?“ – ვკითხე.

„კი, დადის. ლოდინი კი დაგჭირდება, მაგრამ ბოლოს აუცილებლად მოვა.“ – მითხრა და მეტი დამაჯერებლობისთვის ხელი მხარზე დამადო. – „აქ ალბათ დიდხანს მოგიწევს დგომა და მოიწყენ, მაგრამ დამიჯერე, როგორც კი ავტობუსი გამოჩნდება, მაშინვე გახალისდები. თანაც, კარგად გაერთობი – იმ ავტობუსით ყოველთვის მხიარული ხალხი მგზავრობს, გზაში სულ იცინიან და ხუმრობენ. როგორც კი ახვალ, თბილად შეგხვდებიან, საუბარს გაგიბამენ, იქნებ სასმელი და საჭმელიც კი შემოგთავაზონ. შეიძლება, იმღერონ კიდეც, გააჩნია, რომელი მძღოლი შეგხვდება, ზოგ მძღოლს უყვარს სიმღერა, ზოგსაც არა. ასე რომ, ფლეჩერ, აბა შენ იცი, გამიხარდა შენი ნახვა.“

ხელი ჩამომართვა, შეტრიალდა და წავიდა. ვუყურებდი, ორ სახლს შორის სიბნელეს როგორ შეერია.

ლამპიონის ქვეშ დავდექი, ჩანთა მიწაზე დავდე. ავტობუსის ხმას დაძაბული ვაყურადებდი, მაგრამ უცნაურად ჩუმი ღამე იდგა. და მაინც, როჯერ ბათონის აღწერილი ავტობუსი მხნეობას მმატებდა, მგზავრობის დასასრულს მღელვარებით ველოდებოდი, იქ შეკრებილი ახალგაზრდების თაყვანისცემას, და სადღაც ჩემს შიგნით, ოპტიმიზმის მოზღვავება ვიგრძენი.

 

ინგლისურიდან თარგმნა  დალილა გოგიამ

 

1 2 3 4 5 6 7