კაცი კი აუცილებლად გადააქნევდა თავს. „დავინახე, ის გოგო რა თვალებით მიშტერებოდა. ეს კი გასაცოდავებულა, მაგრამ თუ მისმა უზარმაზარმა ეგომ იგრძნო, რომ აფასებენ და შეუძლია თავისი იდეებით სხვების ყურადღება ისევ მიიპყროს, რაღა შეაჩერებს. ასე, რომ ადვილი შესაძლებელია, იგივე განმეორდეს. კარგად მახსოვს, ადრეც ზუსტად ასე მოხდა. თუ ეს ახალგაზრდები გავლენის ქვეშ მოაქცია, თავის ჭკუაზე ატარებს. გოგოები ასეთ რამეებზე ჭკუას კარგავენ. დღეს ახალგაზრდებს  ბევრი ავტორიტეტი  არ ჰყავთ და ადვილი შესაძლებელია, ეს აყროლებული ხორციც კი დიდ ვინმედ მოეჩვენოთ.“

როცა მეძინა, მათი საუბარი ნამდვილად ასე წარიმართებოდა, მაგრამ ახლა, როცა მათ ჩემი კუთხიდან გავცქეროდი, დამნაშავეებივით ისხდნენ და ჩუმად დაჰყურებდნენ დანაცრულ ბუხარს. სასაცილოა, მაგრამ თვალს მარიდებდნენ. ორიოდე წუთი ვაცალე, იქნებ რომელიმეს ხმა ამოეღო და ბოლოს ვთქვი: „მეძინა, მაგრამ  ვხვდები, რასაც იტყოდით.  დიახ, ზუსტად იმას ვაპირებ, რისიც ასე გეშინიათ. ახლავე წავალ იმ გოგო-ბიჭებთან, ვასწავლი, როგორ დახარჯონ მოჭარბებული ენერგია, როგორ აიხდინონ ოცნებები, როგორ შეიცნონ მარადიული ფასეულობები ამ სამყაროში. თქვენს თავებს შეხედეთ, რა პათეტიურები გახდით. დაკრუხებულხართ ამ ოთახში და განძრევის გეშინიათ, მეგისის გეშინიათ, ჩემიც გეშინიათ, ვინც იმ დროიდან მოდის, ყველასი გეშინიათ. გეშინიათ გარეთ გასვლის და საკუთარი სიტყვის თქმის, რადგან ოდესღაც რაღაც შეცდომები დავუშვით. იმედი მაქვს, ის ახალგაზრდები ჯერ არ დაგითრგუნიათ იმ ლეთარგიით, რითიც იმ წლების შესახებ ქადაგებთ. დღეს მათ მე დაველაპარაკები და ნახევარ საათში მთელ იმ საცოდავ ნაქადაგარს გაგიბათილებთ.“

„ხედავთ?“ – მიუბრუნდა კაცი დანარჩენებს. –  „ვიცოდი, რომ არ მოისვენებდა. უნდა შევაჩეროთ, მაგრამ როგორ?“

ოთახის მეორე ბოლოში გავედი,  ჩანთა ავიღე და გარეთ, ღამეში გავედი. გოგონა ისევ იქ დამხვდა. როგორც ჩანს, მელოდებოდა და თავის ქნევით ჩემკენ წამოვიდა.

ჟინჟლავდა, შევბრუნდით და სახლებს შორის ვიწრო გზას ავუყევით. ზოგიერთი სახლი ისეთი ჩამომპალი იყო, შემეშინდა, გვერდი არ გამეკრა. გოგონა ერთი-ორი ნაბიჯით მისწრებდა, დროდადრო უკან იხედებოდა და მამოწმებდა, მივყვებოდი თუ არა. „ვენდის ძალიან გაეხარდება. როგორც კი დაგინახათ, მაშინვე ივარაუდა, რომ თქვენ იყავით. ახლა კი, როცა ასე დავაგვიანე, დარწმუნდებოდა, რომ არ ცდებოდა. უკვე ყველა შეიკრიბებოდა  და გელოდებიან.“ ერთხელ მითხრა.

„დევიდ მეგისსაც ასე შეხვდით?“

„დიახ. ძალიან გაგვიხარდა, როცა ჩამოვიდა.“

„დარწმუნებული ვარ, გაიბღინძებოდა. საკუთარ პერსონას ყოველთვის გადაჭარბებულად აფასებდა.“

„ვენდი ამბობს, რომ მეგისი ერთ-ერთი საინტერესო ტიპი იყო, თქვენ კი, როგორ ვთქვა… ძირითადი. ვენდი ფიქრობს, რომ თქვენ მართლა მნიშვნელოვანი ადამიანი იყავით.“

წამით დავფიქრდი.

„იცით,“ – ვთქვი მერე, – „ბევრ საკითხზე აზრი შევიცვალე. თუ ვენდი ელოდება, რომ ჩემგან იმასვე გაიგონებს, რასაც მაშინ ვამბობდი, იმედი გაუცრუვდება.“

როგორც ჩანს, გოგონას ჩემი სიტყვები აღარ ესმოდა. თავდაჯერებულად მიმიძღოდა სახლებსა და  ბუჩქებს შორის.

ცოტა ხნის შემდეგ უკნიდან ფეხის ხმა შემომესმა, ვიღაც მოგვყვებოდა. თავიდან ვიფიქრე, რომ სოფლის რომელიმე მაცხოვრებელი სეირნობდა, მაგრამ მერე გოგონა ლამპიონის ქვეშ შეჩერდა და უკან გაიხედა. მეც თავი ვალდებულად ჩავთვალე, შემოვბრუნებულიყავი და უკან მიმეხედა. ჩვენკენ შავპალტოიანი  კაცი მოდიოდა.  მოგვიახლოვდა, ხელი ჩამომართვა, და მითხრა:

„აი, შენც აქ ხარ.“ არ გაუღიმია.

და მივხვდი, რომ ამ კაცს ვიცნობდი. ერთმანეთი ბოლოს მაშინ ვნახეთ, როცა ათი წლის ვიყავით. სახელიც მახსოვდა, როჯერ ბათონი ერქვა. კანადაში ორი წელი ერთ კლასში ვსწავლობდით, მერე ჩემი ოჯახი ინგლისში დაბრუნდა. როჯერ ბათონი და მე ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ, რადგან ის მორიდებული ბიჭი იყო და თანაც, ჩემსავით ინგლისელი, ხშირად გვიხდებოდა ხოლმე ერთად ყოფნა. მას მერე არც მინახავს და არც არაფერი გამიგია მასზე. ახლა, ლამპიონის შუქზე კარგად ჩანდა, რომ წლებმა არ დაინდო – თმა გაცვენოდა, სახე დაკეჭვნოდა და ღარები დატყობოდა.

„როჯერ,“ – ვთქვი მე, – „ახლა მე და ეს ახალგაზრდა ქალბატონი მის მეგობრებთან მივდივართ სტუმრად. ისინი ჩემთან შესახვედრად შეიკრიბნენ,  თორემ აუცილებლად გეწვეოდი.“

„მაგაზე არ იდარდო,“ – მითხრა როჯერ ბათონმა და გზა სამივემ ერთად გავაგრძელეთ. – „ვიცი, რომ ბევრი საქმე გაქვს. მაგრამ უნდა ვილაპარაკოთ, ძველი დრო გავიხსენოთ. როცა ბოლოს სკოლაში მნახე, ერთი სუსტი ბიჭი ვიყავი. მაგრამ ხომ იცი, როგორც ხდება – ყველაფერი იცვლება, როცა თოთხმეტი-თხუთმეტის ხდები. მეც შევიცვალე. მაშინ შენ კანადიდან უკვე დიდი ხნის წასული იყავი. ბევრჯერ მიფიქრია, რა მოხდებოდა, ერთმანეთს იმ ასაკში სადმე რომ გადავყროდით. სულ სხვა ურთიერთობა გვექნებოდა, დამიჯერე.“

1 2 3 4 5 6 7