„ფლეჩერ,“ – მითხრა ქალმა უცნაურად ნაზი ხმით. – „როცა აქ, შენთან მოვდიოდი, ერთად ვიწექით. ამ კუთხეში ყველანაირი ბინძური მშვენიერება ჩაგვიდენია. ახლა ვერ ვხვდები, შენზე რატომ ვგიჟდებოდი. მე შემომხედე, მოვახერხე და სილამაზე შევინარჩუნე. მართალია, აქა-იქ ნაოჭები გამიჩნდა, მაგრამ დღემდე ტანზე მოტმასნილ კაბებს ვიკერავ და ჩემი სხეულით ვტრაბახობ. უამრავ კაცს ვუნდივარ. შენს თავს შეხედე, არცერთი ქალი ზედ არ შემოგხედავს, აქოთებული ჭინჭები და ხორციღა დარჩი.“

„არ მახსოვხართ“. – ვუთხარი მე. – „თანაც, სექსისთვის აღარ მცხელა, სხვა, უფრო სერიოზული საფიქრალი გამიჩნდა. მაშინ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, უფრო მეტი კი მერე, როცა იმ შეცდომების გამოსწორებას ვცდილობდი. არასოდეს გავჩერებულვარ, ხედავთ, ახლაც ვმოგზაურობ, სულ გზაში ვარ, რომ ის ზიანი, რაც ოდესმე ვინმეს მივაყენე, როგორმე ავანაზღაურო.  ვერ ვიტყვი, რომ სხვებიც ჩემსავით რამის გამოსწორებას ცდილობენ. დაგენიძლავებით, რომ მაგალითად, მეგისი, ამით თავს დიდად არ შეიწუხებდა.“

ქალი თმაზე მეფერებოდა.

„შენ თავს შეხედე. მე, აი, ასე გეფერებოდი, თითებს შენს თმაში ვათამაშებდი. ახლა კი, ამ გულისამრევ ძაფებს ხედავ? დარწმუნებული ვარ, ათასგვარი მწერი გყავს შესეული.“ და თითები აბურდული თმის კვანძებში გაეჭედა. ვერაფერი ეროტიული ვერ ვიგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აღელვება უნდოდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ დედასავით მეალერსებოდა. წუთით თავი ბავშვივით უსაფრთხოდ ვიგრძენი, ნეტარების ბადეში გავეხვიე და ძილი მომერია. ქალმა მოულოდნელად შუბლზე მაგრად დამარტყა.

„რატომ არ გინდა დაგველაპარაკო? უკვე ხომ გამოიძინე. ბევრი რამის ახსნა მოგიწევს.“ ადგა და ოთახში დაბრუნდა.

საწოლში გადავტრიალდი და ოთახის თვალიერება დავიწყე. დავინახე ქალი, რომელმაც იატაკზე დაყრილ ხარახურას გვერდი აუარა და თითქმის ჩამქრალი ბუხრის გვერდით სარწეველა სავარძელში ჩაჯდა. იქვე კიდევ სამი ადამიანის კონტურები მოჩანდა. ერთი ვიცანი – ის მოხუცი უნდა ყოფილიყო, კარი რომ გამიღო. ორი კი, დაახლოებით იმ ქალის ასაკის ქალი, რომელიც რაღაცას მემართლებოდა,  მოგრძო სკამის მსგავს რაღაცაზე იჯდა.

კაცმა შენიშნა, რომ მათკენ მივბრუნდი და დანარჩენებს ჩემზე ანიშნა. ოთხივე დადუმდა და მივხვდი, რომ სანამ მეძინა, ჩემზე ლაპარაკობდნენ. რთული არ იყო, დაახლოებით მაინც მივმხვდარიყავი, რას იტყოდნენ. ჯერ ნამდვილად შეწუხდებოდნენ იმ გოგონას გამო,  გარეთ რომ შემხვდა და იმ გავლენის გამოც, რომელიც შეიძლება მის თანატოლებზე მომეხდინა.

„ძალიან ემოციურები არიან, მათ გადარევას რა უნდა.“ – იტყოდა კაცი. – „გავიგე, როგორ ეპატიჟებოდა თავისთან სახლში.“

რაზეც, გრძელ სკამზე მჯდომი ერთ-ერთი ქალი უპასუხებდა, „ჰო, მაგრამ ის ზიანს ვეღარავის მიაყენებს. ჩვენს დროს სულ სხვა იყო, მისნაირები უცხო სილამაზით და დახვეწილობით გვხიბლავდნენ და ჩვენც ამიტომ გავებით. ახლა კი, ასეთი მიხრწნილი და გადამწვარი ტიპი კანტი-კუნტად რომ გამოივლის ხოლმე სოფელში, მაშინდელ ამბებს მისტიურ საბურველს აცლის. ვერ ხედავთ, ესენი თვითონაც გადასხვაფერდნენ –  აღარ იციან, რისი სწამთ და სჯერათ.“

1 2 3 4 5 6 7