დავინახე, რა მძიმედ გადაადგილდნენ ოთახში ლანდები. შემდეგ, ახალმა ხმამ თქვა, „მიდი, წაუძინე, რას ელოდები, ჩვენ ყურადღებას ნუ გვაქცევ.“ ამ დროს მე უკვე ჩემი კუთხისკენ მივდიოდი.

ლოგინი ნესტიანი იყო და როცა წამოვწექი, საწოლმა ისეთი ჭრიალი დაიწყო, მეგონა, ზამბარები დააწყდებოდა. როგორც კი გავიშალე და ოთახს ზურგი შევაქციე, დაღლილობა მომერია და ძილმა თავი წამართვა. სადღაც შორიდან ძლივს ჩამესმა მოხუცი კაცის სიტყვები, „მართლა ფლეჩერია. ღმერთო, როგორ დაბერებულა.“

„ასე უნდა ეძინოს? შეიძლება კარგა ხანს არც  გაიღვიძოს.“  ქალის ხმა იყო.

„ეძინოს ასე, ერთი საათი,“ – ვიღაც სხვამ თქვა, – „მერე თუ არ გაეღვიძა,  ჩვენ გავაღვიძოთ.“

აქ დაქანცულობამ თავისი გაიტანა.

ვერ ვიტყოდი, რომ დიდხანს ან მოხერხებულად მეძინა. ამას ძილ-ღვიძილი უფრო ერქვა, ჩემს უკან, ოთახში მსხდომთა ხმები ჩამესმოდა. რაღაც მომენტში, გავიგონე, ქალმა რომ თქვა, „არ ვიცი, მაშინ როგორ მომაჯადოვა. ახლა ნამდვილი მაწანწალაა.“

თითქმის ძილში, უფრო სწორად ძილსა და ღვიძილს შორის (ეს ეთქმოდა ჩემს მდგომარეობას), მინდოდა გამერკვია, ის სიტყვები მე მეხებოდა თუ დევიდ მეგისს. ეს მანამდე იყო, ვიდრე ძილი წამიღებდა.

როდესაც კიდევ ერთხელ გამომეღვიძა, ოთახში ციოდა და ბნელოდა. ჩემს ზურგსუკან ლაპარაკს ხმადაბლა აგრძელებდნენ, მაგრამ ვერ ვარჩევდი, რაზე. თავს უკვე უხერხულად ვგრძნობდი, რომ დავიძინე. ორიოდე წუთით უძრავად ვიწექი და კედელს მივჩერებოდი. ალბათ რაღაცამ გამცა, რომ მეღვიძა, რადგან ქალის ხმამ საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა და შეხედეთ, შეხედეთო, თქვა. მერე სხვა ხმები ჩურჩულებდნენ, და მივხვდი, რომ ვიღაც ჩემკენ წამოვიდა. მხარზე ხელი ვიგრძენი და საწოლზე გადმოხრილი ქალი დავინახე. არ მივტრიალებულვარ და ოთახი არ დამითვალიერებია, მაგრამ რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ შუქი ბუხარის ნაკვერჩხლებიდან მოდიოდა და ქალის სახეს ჩრდილი ამიტომ ედებოდა.

„ახლა, ფლეჩერ,“ – თქვა მან, – „უნდა ვილაპარაკოთ. ძალიან დიდი ხანი გელოდე.“

შევეცადე, უკეთესად დამენახა. ორმოცს გადაცილებული იქნებოდა, და იმ შუქზეც კი ჩანდა მის თვალებში მთვლემარე სევდა. დავაკვირდი, მაგრამ ქალის  სახემ მოგონებებიდან  ვერაფერი წამომიტივტივა.

„უკაცრავად,“ – ვუთხარი. – „საერთოდ ვერ გიცანით. უნდა მაპატიოთ, ბოლო დროს მეხსიერება მღალატობს.“

„ფლეჩერ,“ – მითხრა ქალმა, – „როცა ერთმანეთს ვიცნობდით, ახალგაზრდა და ლამაზი ვიყავი, გაღმერთებდი, და ყველაფერი, რასაც ამბობდი, ჩემთვის შეკითხვებზე პასუხი იყო. აი, ახლა აქ ხარ. ამდენი წელი იმისთვის გელოდი, რომ გითხრა – შენ მე ცხოვრება დამინგრიე.“

„უსამართლოდ მექცევით. შეიძლება ბევრ რამეში ვცდებოდი, მაგრამ არასოდეს მითქვამს, რომ რომელიმე შეკითხვაზე პასუხი მქონდა. ერთადერთი, რასაც ვამბობდი, ისაა, რომ მაშინ ჩვენი პირდაპირი მოვალეობა იყო, დებატებში რაღაც წვლილი შეგვეტანა. ჩვენ გაცილებით მეტი გაგვეგებოდა, ვიდრე სოფლის ხალხს, წარმოიდგინეთ, საქმე როგორ წავიდოდა, ყოყმანი რომ დაგვეწყო, აქაოდა, საკმარისი ცოდნა არ გვაქვსო? თუმცა, მე არასოდეს მიხსენებია, რომ კითხვებზე მზა პასუხები მქონდა. აშკარაა, რომ რაღაცას ტყუილად მაბრალებთ.“

1 2 3 4 5 6 7