ეს თქვა და მოგონებები გამიცოცხლდა. გამახსენდა, რომ როჯერი მაღმერთებდა, მე კი პასუხად უმოწყალოდ ვამცირებდი. თუმცა, ჩვენს შორის რაღაც უცნაური ურთიერთგაგება სუფევდა, იცოდა, რომ ჩემი ქცევა მისსავე სასიკეთოდ იყო მიმართული. ესმოდა,  როცა გაუფრთხილებლად მუცელში მუშტს ჩავარტყავდი, ან, დერეფანში გვერდით ჩავუვლიდი, დავიჭერდი, ხელს გადავუგრეხდი და მანამდე არ ვუშვებდი, ვიდრე არ იტირებდა, ამას მის გასაძლიერებლად ვაკეთებდი. ამიტომ, მოულოდნელობის ეფექტის ასამაღლებლად, მას ჩემი შიში უნდა ჰქონოდა. ეს ყველაფერი მაშინვე გამახსენდა, როგორც კი ეს წლებისგან მოტეხილი კაცი მომესალმა.

„რა თქმა უნდა,“ – განაგრძო როჯერ ბათონმა, ალბათ მიხვდა, რაზეც ვფიქრობდი. „შეიძლება თხუთმეტი წლის ასაკში ისეთი ძლიერი არ ვყოფილიყავი, შენ რომ სხვანაირად მომქცეოდი. ასეა თუ ისე, სულ მაინტერესებდა, როგორი გავიზრდებოდი, რამდენიმე წლით გვიან რომ გაგვეცნო ერთმანეთი.“

სახლებს შორის მიხვეულ-მოხვეული ქუჩები კიდევ ერთხელ გავიარეთ. გოგონა ისევ წინ მიდიოდა, ამჯერად უფრო სწრაფად. ზოგჯერ თვალს თუ მოვკრავდი ხოლმე, საით გადაუხვია, და გამიელვა, რომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, კვალი არ დამეკარგა.

„დღეს, რა თქმა უნდა,“ – თქვა რობერტ ბათონმა, – „ფორმაში აღარ ვარ, მაგრამ უნდა გითხრა, ჩემო ძველო მეგობარო, რომ შენ ჩემზე გაცილებით უარესად გამოიყურები. შენთან შედარებით, ათლეტი ვარ. ახლა აქეთ-იქით დაწანწალებ, არა? ასეა? უნდა ვაღიარო, რომ შენ კი გადახვედი ინგლისში, მაგრამ კანადაში ჩემთვის იდეალად დარჩი. სულ შენ მახსენდებოდი და საკუთარ თავს დაუსრულებლად ვეკითხებოდი: ფლეჩერი რას გააკეთებდა? რას იტყოდა ახლა რომ დავენახე? რას იფიქრებდა? სადღაც თხუთმეტი წლის ასაკში კი, ყველაფერს სხვანაირად შევხედე და ბუნებრივია, ძალიან გავბრაზდი. ახლაც, როცა ჩემი ბავშვობა მახსენდება ხოლმე, შენზე ვამბობ, ღმერთო, რა დაუნდობელი იყო ამაში და იმაში-თქო. როცა წამოვიზარდე, კუნთებიც გამიმაგრდა და თვითრწმენაც მომემატა. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ბავშვობაში საშინელი ნაძირალა ბრძანდებოდი. არ გეგონოს, იმას ვამბობდე, რომ ახლაც ნაძირალად გთვლი. ჩვენ ყველანი შევიცვალეთ. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს“.

თემის შეცვლა მინდოდა და ვკითხე, „დიდი ხანია, აქ ცხოვრობ?“

„დაახლოებით, შვიდი წელია. რა თქმა უნდა, სოფელში შენზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ზოგჯერ მეც ვსაუბრობ ხოლმე ჩვენი ადრეული ურთიერთობის შესახებ. თუმცა, ყოველთვის ვამბობ, რომ არ გახსოვარ, ან რატომ უნდა გახსოვდეს პატარა, გაჩხიკული ბიჭი, რომელსაც სულ დასცინოდი? ჩვენთან ახალგაზრდების კერპი ხარ. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდები. რა თქმა უნდა, ისინი, ვისაც არასოდეს უნახიხარ, ყველაზე მეტად გაფასებენ. ალბათ იმისთვის ჩამოხვედი, რომ ამით დატკბე. არ გადანაშაულებ. ალბათ  გაქვს უფლება, სულ ცოტათი მაინც დაიბრუნო საკუთარი თავის პატივისცემა.“

უცებ გაშლილ მდელოზე აღმოვჩნდით და ორივე გავშეშდით. უკან გავიხედეთ და დავინახეთ, რომ სოფელს გავცდით. რაღაც  მანძილზე სოფლის განაპირა სახლები მოჩანდა. როგორც გული მიგრძნობდა, გოგონა სადღაც დავკარგეთ. სწორედ იმ წამს ამოვიდა მთვარე. როჯერ ბათონი მომიბრუნდა. მთვარის შუქზე მისი სახე ნაზი, ლამის მოსიყვარულეც კი მომეჩვენა.

„და მაინც, უკვე პატიების დროა, ბევრი არ იდარდო, როგორც მიხვდი, წარსულიდან  ზოგი რამ  ბრუნდება, მაგრამ ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ იმაზე, რაც ბავშვობაში ჩაგვიდენია.“ – მითხრა მან.

„მართალი ხარ,“ – ვუპასუხე მე. მერე მოვტრიალდი და სიბნელეში მიმოვიხედე. – „არ ვიცი, საით უნდა წავიდე. სადღაც ახალგაზრდები მელოდებიან. ალბათ ბუხარი დაანთეს და ცხელი ჩაიც მოამზადეს, შეიძლება სახლში გამომცხვარი ნამცხვარიც ჰქონდეთ, შეიძლება წვნიანიც. როგორც კი მათთან ოთახში შევალ, ალბათ აღფრთოვანებული სახეებით დამხვდებიან და ტაშს  დამიკრავენ. აი, რა მელოდება სადღაც. მე კი, აქ ვდგავარ და არ ვიცი, საით წავიდე.“

1 2 3 4 5 6 7