გენიალური პროვოკატორი, მგზნებარე ლექსების ავტორი, მუსიკალური ავანგარდის ლიდერი, მხატვარი, პიანისტი და სინეასტი – აი, არასრული სია მახასიათებლებისა, რომლებიც სერჟ გენსბურზე საუბრისას შეიძლება ჩამოვთვალოთ.

სერჟ გენსბურის სიყმაწვილემ ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პარიზში გაიარა. ეს იყო მხატვრობაზე შეყვარებული ახალგაზრდა კაცის გზა მუსიკალურ ავანგარდამდე. მას სურდა, მხატვარი გამხდარიყო, მაგრამ გაანადგურა საკუთარი ტილოების უმეტესობა, დაბადების სახელი და გვარი (ლიუსიენ გინზბურგი) სერჟ გენსბურად გადაიკეთა და საბოლოოდ, წარმატება მოიპოვა, როგორც ავტორ-კომპზიტორ-შემსრულებელმა. მომავალი ვარსკვლავის გზამკვლევი თეატრ Les Trois Baudets-ს მესაკუთრე და Philips-ის მხატვრული დირექტორი, ჟაკ კანეტი აღმოჩნდა. მან ერთ-ერთმა პირველმა შენიშნა გენსბურის ნიჭი, იგი საკუთარ თეატრში მოაწყო და ჩამწერი სტუდიებისკენ გაუხსნა გზა. ასე გამოვიდა გენსბურის პირველი ალბომი, რომელშიც შედის სიმღერა “ბილეთების გამხვრეტი” – მისი პირველი დიდი წარმატება. მასში ავტორი აღწერს მომაბეზრებელ, რობოტივით დაპროგრამებული არსებობით გამოწვეულ სულიერ მდგომარეობას. ამგვარი, სოციალური თემატიკა მასთან იშვიათია. ჩვეულებრივ, გენსბური ფრანგული შანსონის ეროტიკული მხარეა.

დასაწყისში, გენსბური პუბლიკამ არ მიიღო და, რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, აკრიტიკებდა და დასცინოდა მას “დიდი ყურებისა და დიდი ცხვირის” გამო. “კომბოსტოსთავა კაცი” იწყებს წერას სხვებისთვის – ბრიჟიტ ბარდოს, ჟიულიეტ გრეკოს, ნანა მუსკურის, სერჟ რეჯიანის, კორა ვოკერის, ფრანს გალისთვის (ამ ტრადიციას იგი მოგვიანებითაც გააგრძელებს და მისი სიმღერების შემსრულებელთა სიას შეემატებიან ჯეინ ბირკინი, იზაბელ აჯანი, კატრინ დენევი, ვანესა პარადი, ფრანსუაზ არდი, ბამბუ…).

თუმცა გენსბურის პირველი ალბომის გამოსვლა აღნიშნა ბორის ვიანმა. მან მომღერალი ჯერ კიდევ ალბომამდე შეამჩნია და კოლ პორტერს შეადარა. ვიანი აუცილებელი პერსონა იყო გენსბურის ცხოვრებაში, მისი მეტრი, მისი შემოქმედების ნაპერწკალი. სერჟმა ბორისი პირველად კაბარე Milord l’Arsouille-ში იხილა, სადაც მწერალი თავის ირონიულ და სახალისო სიმღერებს ასრულებდა. სწორედ მათი მოსმენისას გაუჩნდა გენსბურს სურვილი, “ამ ხელოვნებიდან თავადაც რაღაც გამოეყვანა”. ბორის ვიანი და სერჟ გენსბური ერთგვარი ძმები არიან: იგივე მისტერია, იგივე ირონია, იგივე პროვოკაცია, იგივე ტექსტობრივი სიმდიდრე… სწორედ ვიანის გაცნობის შემდეგ იწყებს არსებობას ის “გენსბური”, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. თუ იგი კარიერის დასაწყისში სხვებს უწევს აკომპანირებას, მალევე, ბორის ვიანის რჩევითა და ხელშეწყობით, თავად იწყებს საკუთარი ნაწარმოებების შესრულებას და თანამშრომლობს ვიანის მუსიკალურ არანჟისტ ალენ გორაგერთან. ასე იქცა გენსბური ფრანგული შანსონის ძირეული ტრანსფორმაციების დირიჟორად და თავისი თაობის საუკეთესო ავტორ-კომპოზიტორ-შემსრულებლად. გენსბური ერთმანეთს უნაცვლებს იე-იეს, ფანკს, პოპს, როკს, რეგის, რეპს, ჯაზს, აფროკუბურ მუსიკას და კლასიკას – თავისი მუსიკალური განათლების ბაზისს. ყველა ეს ჟანრი გენსბურის პალიტრაა – შთაგონების, ტექნიკისა და ექსტრავაგანტობის გასაოცარი ნაზავი.

გენსბურის მუსიკის პოპულარობა, დიდწილად, მისივე ტექსტების დამსახურებაა. ბგერების და რიტმის დიდოსტატი ახერხებს, იყოს მარტივი და თან დახვეწილიც. ეს არის პოეზია კომპლექსური რითმებითა და სიტყვებით თამაშით, ეროტიკული ალუზიებითა და ხშირად, გამომწვევი ორაზროვნებით, რაც იმ დროს ჯერ კიდევ მიუღებელი იყო. გამომწვევი სიმღერა გენსბურის ერთგვარ სამარკო ნიშნად იქცა. “სიმღერა-შოკი” მისი რეპერტუარის განმსაზღვრელი ელემენტია. გენსბური შანსონის ახალი ტალღის წარმომადგენელია. მან გამოძერწა დეკადენტური პოეზია, რომელიც თავადვე შეიყვანა მრავალი ტენდენციისადმი გახსნილ, მდიდარ და ნიუანსურ მუსიკალურ სამყაროში.

მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, სერჟ გენსბური “დაწყევლილი პოეტის” ხატს იქმნის და ვიიონის, ვერლენის, რემბოს, კორბიერის, არტოს, ჟენეს და მორისონის ხაზს თავისებური პიკანტურობით ავითარებს. “მომღერალ გენსბურს” ცვლის “პროვოკატორი გენსბარი”, რომელიც მთლიანად ბოჰემურ ცხოვრებაში იძირება. ამ დროიდან იწყება სკანდალები. მას ვხედავთ სხვადასხვა სატელევიზო გადაცემაში, მუდმივად ნასვამს. 1984 წელს, პოპულარულ ტელეგადაცემა “7/7”-ის პირდაპირ ეთერში, იგი წვავს ხუთასფრანკიან კუპიურას ნიშნად პროტესტისა “ფისკალური რეკეტის” წინააღმდეგ, რადგან მას “ბეგრავენ და შემდეგ, ამ ფულს ღარიბებს კი არ ურიგებენ, არამედ ბირთვულ და იარაღის ბიზნესში ხარჯავენ”. გენსბურს პროვოკაცია ხელოვნების დონეზე აჰყავს. მან შექმნა “მარსელიეზას” რეგი ვერსია, რამაც ნაციონალური ჰიმნის პატივისმცემელთა აღშფოთება გამოიწვია.

ალკოჰოლის და თამბაქოს გამუდმებული მოხმარება “გენსბარს” ჯანმრთელობას ურყევს. მიუხედავად ამისა, იგი ჯიუტად ინარჩუნებს ცხოვრების ბოჰემურ წესს და საკუთარი თავის ერთგული რჩება: “სიკვდილთან ჩემი ურთიერთობა არავის საქმე არ არის. დავლევ თუ მოვწევ, ჩემი გადასაწყვეტია”. გაუპარსავი, მწეველი და მსმელი მამაკაცის იმიჯით, იგი უშვებს ახალ ალბომს, რომელშიც რამდენიმე შედევრია.

სერჟ გენსბურმა სათავე დაუდო მრავალი განსხვავებული სტილის ნაზავს და პოპულარული გახადა ქვეყანაში, რომელიც მათ არ იცნობდა. ბევრი მისი ნაწარმოები შთაგონებულია კლასიკური მუსიკით: შოპენის ეტიუდებით, ბეთჰოვენის სონატებით, დვორჟაკის და ბრამსის სიმფონიებით. გენსბური ფრანგული შანსონის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მისი მუსიკა რეინტერპრეტირებული აქვს უამრავ ფრანგ და არაფრანგ ხელოვანს. გენსბურმა მუსიკალურად გააფორმა ორმოცზე მეტი ფილმი და შექმნა მუსიკა ვერლენისა და ბოდლერის ლექსებისთვის. გენსბურს მრავალი გრან-პრი თუ ცეზარი აქვს მიღებული. ამ მეტად ორიგინალური მუსიკალური სტილით, სიმღერის ტექსტებით და ზოგადად ცხოვრების მანერით, ფრანგული საზოგადოებისთვის სერჟ გენსბური ადამიანში განხორციელებული რევოლუციის სიმბოლოა. მან შეცვალა ხედვა არა მარტო მუსიკალურ-პოეტურ ჟანრში, არამედ ზოგადად ფრანგულ გემოვნებასა და ჩვეულებებში.

 

მთარგმნელისაგან

 

 

1 2 3 4 5 6