ბილეთების გამხვრეტი1
მე ვარ ბილეთების გამხვრეტი,
წინ რომ ჩაუვლი და არც გახედავ.
გვირაბში, სადაც მზე ვერ აღწევს,
მგზავრი მგზავრს ასწრებს.
დრო რომ მოვკლა, თან მაქვს ერთი
ძველი “რიდერზ დაიჯესტი” –
შიგ ყვებიან, დიდის ამბით,
თუ როგორ ასწორებს მაიამი…
მე კი დავმდგარვარ ამ ხვრელში და
ვოხუნჯობ მშვიდად…
არ არსებობს ცუდი საქმე –
გამხვრეტად ვმუშაობ აქ მე!
ეს – მეორე კლასი,
ეს – პირველი კლასი…
ვხვრეტ და ვხვრეტ, ვხვრეტ და ვხვრეტ, კვლავაც ვხვრეტ და ვხვრეტ!
მე ვარ ბილეთების გამხვრეტი.
– თქვენ “ოპერაზე” უნდა ჩახვიდეთ!..
ხვრელში ვცხოვრობ, სხვა სახლს არც ვეძებ.
და ტანსაცმელზე
ქაღალდების ფიფქი მადევს
და მიმყვება ლოგინამდე.
აქ ზეცად ქაშანურია,
ვარსკვლავებად – საგანრიგო სია.
ზოგჯერ, ოცნება გამიტაცებს,
ბაქანს ზღვად აქცევს,
შორ ნისლებში ვიკარგები,
ვხედავ, ჩემკენ მოდის გემი,
რომ მიხსნას ხვრელიდან, სადაც ვხვრეტ და ვხვრეტ!
მაგრამ გემი ქრება…
გონი მიბრუნდება
და ვრჩები ხვრელში და კვლავაც ვხვრეტ და ვხვრეტ!
მე ვარ ბილეთების გამხვრეტი.
– თქვენ, ჯობს, “ლევალუადან” წახვიდეთ!..
მომბეზრდა და ამომივიდა!
გავიქცე მინდა,
გავიპარო, როგორც ქურდი
და შორს მოვისროლო ქუდი!
მოვა დრო და ფრთებს მეც გავშლი,
მეც გავინავარდებ ბუნებაში,
გამეფინება შარაგზები,
და წავალ გზნებით!
და თუ ჩემი ზარი ისმა,
გავუდგები სამარის გზას.
ვხვრეტ და ვხვრეტ, ვხვრეტ და ვხვრეტ, ისევ ვხვრეტ და ვხვრეტ!
დროა, გიჟმა მუშამ,
გავიკეთო შუბლში
ნახვრეტი, ნახვრეტი, ბოლო ნახვრეტი!
და ერთ ხვრელში ჩავეტევი
და მორჩება ნახვრეტები!
ნახვრეტები,
ნახვრეტები,
ნახვრეტები,
ნახვრეტები…
1 მონპარნასის სასაფლაოზე, ხშირად ნახავთ გენსბურის საფლავზე მიმობნეულ მეტროს ბილეთებს, რომლებსაც “ბილეთების გამხვრეტის” ავტორის თაყვანისმცემლები მისდამი სიყვარულის ნიშნად ტოვებენ. სიმღერის პირველი აკორდები ძალიან ახლოა “ჯეიმს ბონდის” თემასთან. გენსბური ამბობდა კიდეც, რომ მან “მონტი ნორმანს რამდენიმე წლით დაასწრო”.
ვხვრეტ და ვხვრეტ, ვხვრეტ და ვხვრეტ, ისევ ვხვრეტ და ვხვრეტ!