საშობაო ზეიმი

სკოლის სასადილო, ფერადი ჩახჩახა სინათლის, საახალწლო დეკორაციების, ნაძვის ხის მოსართავების, პრიალა წვიმებისა და კედლებზე აქა-იქ მიკრული ქაღალდის სანტა კლაუსების მიუხედავად, მაინც ცემენტისიატაკიან უფანჯრო სკოლის სასადილოდ რჩებოდა, ჭერზე გაკრული კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ყუთების მსგავსი ბუდეებიდან გადმოკიდებული ნათურებიდან ისევ მომწვანო შუქი იღვრებოდა. სალის ახსოვს, როგორ იჯდა პირველ კლასში ამ ნათურების ქვეშ მშიერი, მაგრამ არ ჭამდა ქათმის სენდვიჩს, რადგან ის ლეამ მოამზადა. ბურუსივით სინათლე ცუდ ხასიათზე აყენებდა და სადაც იყო, ცრემლებს გადმოყრიდა.

ახლა ის უკვე მეოთხე კლასშია, და ეს სინათლე ისევ ასევდიანებს და სახლში გაქცევის სურვილს უმძაფრებს. აქამდე სასადილოში საღამოს არასოდეს ყოფილა. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, დღისითაც ზუსტად ასეთია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლა მაგიდები აკეცილია და სკამები მაყურებლებისთვის რიგებად აწყვია. უკანა კედელთან განთავსებული ხის პატარა სცენა სახელდახელოდ გამოჩორკნილს ჰგავს. დღეს სასადილოში საზეიმო განწყობაა – მისის მილსის მეოთხე კლასი დღეს საშობაო წარმოდგენას მართავს და ყველა სადღესასწაულოდაა მოკაზმული. ზოგიერთი გოგონა ისე გამოიყურება, თითქოს მთელი დღე სილამაზის სალონში გაეტარებინოს. სალის მოკლე თმა აქვს და განსაკუთრებული დავარცხნა არ დასჭირვებია. ზეიმისთვის თეთრი პერანგი და წითელი რეიტუზი ჩაიცვა და უჯრულა წინსაფარი გაიკეთა. საერთოდ, მოსწონდა, როცა ასე ეცვა, მაგრამ დღეს ცოტათი შეუსაბამოდ ეჩვენებოდა. წამოსვლის წინ, თავის ოთახში, გამწარებული ეძებდა ისეთ ჩასაცმელს, რაც რელიგიურ იერს მისცემდა. ბოლოს, თავზე თეთრი მაქმანის თავშალი მოიხვია.  ზუსტად ის იყო, რაც უნდოდა: თან პატარძალს დაემსგავსა, თან წმინდა მარიამს. ცოტა ხნით სარკეში ივარჯიშა, მავედრებელი იერი მიიღო, ხელისგულები ამოატრიალა, ხელები ზევით აღაპყრო, მზერა ჭერს მიაბჯინა. ლეა, მისი ძიძა, ოთახში ისე შევიდა, რომ სალიმ ვერაფერი გაიგო და მის დანახვაზე ლამის სიცილით მოკვდა. სალი გაღიზიანდა, მაგრამ მაინც თავის აზრზე დარჩა –  ეს თავშალი ნამდვილად გამოხატავდა საშობაო განწყობას და ლეას უთხრა, რომ ყველა გოგონას დაავალეს თეთრი თავშლის მოხვევა, თუმცა ძიძა მაინც ვერ დაარწმუნა.

სალის როლი საშობაო წარმოდგენაში იყო ასობგერა T სიტყვაში Christmas (შობა). ყოველ ასობგერას თითო მოსწავლე განასახიერებდა. ზეიმის დროს ბავშვებს გულზე თავისი ასობგერა უნდა ჩამოეკიდათ და სცენაზე ჩამწკრივებულიყვნენ. როცა მათი რიგი მოვიდოდა, წინ ნაბიჯს გადმოდგამდნენ და ახსნიდნენ, რას ნიშნავდა მათი ასო. მაგალითად, C ასობგერას სიტყვაში Christmas (შობა) წარმოადგენდა სიტყვა  candy (კანფეტი),  H-ს –  Holly (წმინდა)  და ა.შ.

T  Tinsel (ნაძვის ხის მოსართავი წვიმა)
აისივით კაშკაშა

როგორ გვაბედნიერებს

ყოველ შობა დილას.“
ეს იყო სალის ლექსი. ოღონდ, ნამდვილი ლექსი კი არ იყო, მისის მილსმა შეთხზა თითო სტროფი ყველა მონაწილისთვის. სალის არც ლექსები მოსწონდა, არც სიტყვა Christmas, ანუ  შობის შემადგენელი ასობგერების ასახსნელად შერჩეული სიმბოლოები. სალი დარწმუნებული იყო, რომ ასობგერა C-ს საშობაოდ Christ*(ქრისტე) უფრო მოუხდებოდა, ვიდრე candy*, რომელიც უბრალოდ კანფეტს ნიშნავდა და შობის რელიგიურ მნიშვნელობას არ ესადაგებოდა. იგივე ლოგიკით,  უკეთესი იქნებოდა, თუ H  Herod-ს (ჰეროდის) აღმნიშნავდა, ხოლო M – Mary-ს (მარიამს). თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სალი ძალიან კმაყოფილი იყო, რომ ასობგერა M-Mistletoe (ველური ყურძენი) კენი პრიდს ერგო, რადგან ველური ყურძენი სასიყვარულო თავგადასავლების სიმბოლოა და  მაყურებელი სალის აუცილებლად დასცინებდა, რადგან ტრადიციის მიხედვით, ველური ყურძნის დანახვაზე წყვილები ერთმანეთს კოცნიან.

რამდენიმე დღის წინ სალი შეეცადა თავისი საუკეთესო მეგობრისთვის, თამი დანკინისთვის მისის მილსის მიერ ქრისტეს შობის უგულვებელყოფისა და მისი პრიმიტიული ლექსების შესახებ თავისი მოსაზრებები გაეზიარებინა. მართალია, მოცუცქნული თამი ბავშვებში დიდი პოპულარობით  არ სარგებლობდა და ზოგჯერ ცხვირიდან ცინგლებიც სდიოდა, მაგრამ სალის ის მაინც უყვარდა, რადგან თამი უარს არასოდეს ამბობდა სალის გამოგონილ თამაშებზე. სალი თავის თამაშებს ბიბლიურ სიუჟეტებზე აგებდა. როგორც წესი, მიწაზე მოწყვეტით ეცემოდა, ვითომ წამებით აღესრულა, თამი კი მის გვერდით ჩაიკეცებოდა, ქვითინებდა და ღმერთს მის მკვდრეთით აღდგენას ევედრებოდა. სალის მსახიობობის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა. უსასრულოდ შეეძლო უძრავად წოლა და მაშინაც კი არ სუნთქავდა, როცა თამი გაუჩერებლად ანჯღრევდა და  გამწარებული თმას ქაჩავდა. ზოგჯერ სალის სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა და გულგახეთქილი პატარა თამი ტირილს იწყებდა.
დღეს თამი დანკინი სასადილოს მეორე ბოლოში ფუმფულა გოგოს გვერდით იჯდა. გოგონებს თავზე ირმის რქები ედგათ და პატარა ქაღალდის ჭიქიდან თხილს ტუჩების ცმაცუნით ჭამდნენ. შუბლშეკრულმა სალიმ მას ჯერ პირდაპირ თვალებში  შეხედა, მერე თავი ძალიან ნელა მიაბრუნა. დიახ, სპეციალურად მოიქცა ასე. თამიმ უნდა იცოდეს, რომ სალიმ ის სხვა ბავშვთან ერთად დაინახა და შერიგების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

ასე, ორი კვირის წინ, დასვენებაზე, თამი რეზინობანას თამაშობდა, როცა სალიმ დაუძახა და განზე გაიყვანა. აუცილებლად უნდა აეხსნა მისთვის, რამხელა მკრეხელობა იყო ის, რომ მისის მილსი საშობაო ზეიმზე იესოს არც კი ახსენებდა! სწორედ ამიტომ, სალის და თამის საკუთარ თავზე უნდა აიღოთ ლოცვისა და ეფიტიმიის ტვირთი, დღე და ღამე უნდა ელოცათ, რომ უფალს მისის მილსისთვის თავისი მრისხანება ეჩვენებინა.

  • უკეთესი იქნება, თუ კისერზე ქვას ჩამოკიდებენ და ზღვაში გადააგდებენ, ამისთვის უნდა ილოცო! – დაავალა სალიმ.

თამი უცნაურად გადიდებული თვალებით უსმენდა, თან ცქმუტავდა  და აქეთ-იქით იხედებოდა. ბოლოს უთხრა:

  • მაგრამ მე მიყვარს მისის მილსი. – და უკან, თავისი რეზინობანას სათამაშოდ

გაიქცა.

ამ ზეიმამდე სალი ღმერთს ევედრებოდა, გულმოწყალება გამოეჩინა, ახლა კი შურისძიებას შესთხოვდა. დარწმუნებული იყო, თუ ღმერთს თავის ერთგულებას  დაანახვებდა, ის აუცილებლად შეისმენდა მის ლოცვებს და საკმაოდ მკაცრ ზომებსაც მიიღებდა. ამისთვის სალი უკან არაფერზე იხევდა – სახლში თვალახვეული იქამდე დადიოდა, ვიდრე ლეამ არ გაიგონა, როგორ აწყდებოდა ის ავეჯს ოთახებში და თვალსახვევი არ მოახსნევინა; საკუჭნაოში უხეში მავთულებიანი საფენი იპოვა და თავის ოთახში ამოიტანა, რომ  მთელი ღამე მასზე მუხლმოდრეკილს ლოცვები ცად აღევლინა და უფლისთვის თავისი თანგანწირვა დაემტკიცებინა. შუადღისას თავისი სენდვიჩი მოისროლა, საღამოს კი უარი განაცხადა დესერტზე. მხურვალე ლოცვებში ის მასწავლებლისთვის ყველაზე ულმობელ სასჯელს მოითხოვდა, რაც კი ბიბლიაში წაეკითხა: ცეცხლის წვიმას, მკბენარებს… მისი აზრით, მისის მილსი დანდობას  ნამდვილად არ იმსახურებდა. უნდოდა, სასადილო ისე ჩამოშლილიყო, როგორც სამსონს ჩამოექცა ტაძარი თავზე.

მიუხედავად სალის მონდომებისა, მისის მილს სკოლის ზეიმამდე არაფერი მოსვლია, მაგრამ სალის მაინც სჯეროდა, რომ ღმერთი მის ლოცვებს უპასუხებდა.

უცებ სალის  მხარში ვიღაც უზარმაზარი ტორით  ჩააფრინდა. მობრუნდა და მასზე გადმოხრილი მისის მილსი დაინახა, რომელიც ალუბლებივით გადმოკარკლული ცარიელი თვალებით ზემოდან მკაცრად უმზერდა. მისის მილსს წითელი ნაქსოვი კაბა ეცვა და წელზე ბაფთა ისე ჰქონდა შემორტყმული, რომ მუცელი ჩვეულებრივზე უფრო მეტად ჰქონდა გადმოვარდნილი, გაფშეკილი ატმისფერი თმა დაეხვია და აეფუებინა, მაგრამ კულულები უკვე ჩამოშლოდა. სალის კმაყოფილებით გაახსენდა დედას სიტყვები, რომ მისის მილსისთვის უხერხული იყო ასეთი მოუწესრიგებელი თმით სიარული. „საწყალი, იქნებ სალონის ფული არც აქვს.“ თანაგრძნობით თქვა მაშინ დედამ.

– სალი! –  მიმართა მისის მილსმა ისტერიულად, თან ხელს არ უშვებდა. ცოტაც და

სალის გული აერეოდა, ისე არ უყვარდა, როცა მისის მილსი ეხებოდა. – აქ რა გინდა? არ ვიცი, რაზე ფიქრობ. აი, იქ, იმ ასობგერებთან ერთად უნდა იდგე. ჯერ ფორმაც კი არ გაცვია! რა დღეში ვარ, ღმერთო!

  • დიახ, მემ. – სწრაფად უთხრა სალიმ და სცადა, მისგან გათავისუფლებულიყო.
  • რას ელოდები! – მისის მილსმა ზეიმისთვის დაბეჭდილი ქაღალდის პროგრამა

ზურგზე მსუბუქად მიარტყა და თვალი გააყოლა.

  • მოეზადე, ურწმუნო! მალე ქვითინი, გოდება და კბილების ღრჭიალი გელოდება! – სიამოვნებით გაიფიქრა სალიმ.

ასობგერები სასადილოს კართან თანმიმდევრობით იდგნენ და თავის ფორმებსა და ჭიქა პუნშს ელოდებოდნენ. სალის თამის დედის, მისის დანკინის დანახვა არ ესიამოვნა. სულ ორიოდე დღის წინ სალი ბოსტნეულის საყიდლად გაყვა ლეას და მაღაზიაში მისის დანკინი შეხვდათ. მან სკოლის შესახებ ერთი-ორი შეკითხვა დაუსვა სალის და მერე ლეას უთხრა:

  • აი, ამას, დიდი წარმოსახვა აქვს.
  • უკაცრავად? – ვერ გაიგო ლეამ.
  • ალბათ არც დაიჯერებთ, – დაიწყო მისის დანკინმა წკრიალა ხმით და რაღაც

უცნაურად დახედა სალის. – თამის ფანატიკოსივით ელაპარაკა.

ამის გაგონებაზე, სალის ცრემლები მოადგა, ცოტაც და გული ამოუჯდებოდა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, ლეამ დაიცვა და მისის დანკინს ძალიან სწრაფად უპასუხა:

  • ეს ბავშვი საკმაოდ ნიჭიერია. სამი წლისამ კითხვა ისწავლა, ძალიან გონიერია!

 

1 2 3 4 5