იმ მეორე დედამ ნაძვის ხის ბრჭყვიალა წვიმა ხელზე დაიხვია და სალის წრე დაარტყა. თან თმას უწევდა, ათვალიერებდა და უკმაყოფილო სახით დაჰყურებდა,

  • არ ვიცი, გრძელთმიანი ბავშვი რატომ არ აარჩიეს. შეგვეძლო წვიმები თმაშიც ჩაგვეწნა, სულ ცოტათი გრძელი მაინც რომ ჰქონდეს.
  • სალი, თმა რატომ შეიჭერი? მოკლე თმა მოგწონს? – თბილად ჰკითხა მისის დანკინმა.

სალის სახეზე ცეცხლი მოეკიდა.

  • ვიდრე არ გავიზრდები და თმის მოვლას არ ვისწავლი დედა თმის გაზრდის ნებას არ მრთავს. დედა ამბობს, პატარა გოგოებს გრძელი თმა არ უხდებათ და თანაც უგემოვნობის ნიშანიაო.

მისის დანკინმა და იმ მეორე დედამ ერთმანეთს გადახედეს და სწორედ ამ დროს გაახსენდა სალის, რომ თამი დანკინს თმა წელამდე ჰქონდა.თუმცა რა უნდა ექნა, როცა  სიმართლეს ამბობდა: დედამ მართლა ასე თქვა. ამას გარდა, სალის აზრით, მოკლე თმა იმის ნიშანიც იყო, რომ გოგონა მიწიერ სიამოვნებაზე უარს ამბობს!

მისის დანკინმა ხმა ჩაიწმინდა და ოქროსფერი წვიმები ამოარჩია.

  • დედა მოვა? – იკითხა და წვიმა თავზე გვირგვინივით შემოარტყა, მაგრამ სალის

თვალებზე ჩამოუცურდა.

  • არა, მემ. – უპასუხა.

მისის დანკინმა ფანქრით დახატული წარბი ისე ასწია, თითქოს მართლა გაუკვირდა.

  • რას ამბობ, შვილის ზეიმს აცდენს? რა სირცხვილია. რატომ არ მოვა?
  • გასულია ქალაქიდან. – თქვა სალიმ და უცებ იგრძნო, რომ ტირილს ვეღარ

შეიკავებდა.

  • მგონი, რაღაც აკლია, არა, ქეროლ?- თქვა იმ მეორე დედამ სალის ზურგსუკან და

სალის ირგვლივ ისევ შეშფოთებული სახით შემოუარა. – აი, ამ მხარეს რა უჭირს, აქედან ასე თუ ისე წააგავს ანგელოზს.

ორივე კარგა ხანი უყურებდა სალის. უცებ, კენიმ ისევ ხტუნვა დაიწყო.

-მე როდის ჩამაცმევთ, მე როდის ჩამაცმევთ, მეც მინდა ჩემი ფორმა.  – გაუჩერებლად

წიოდა და სულს ვერ ითქვამდა.

მისის დანკინი კენს მიუბრუნდა.

  • შენ ოდესმე დაწყნარდები? – შეუყვირა.
  • მე ველური ყურძენი მაქვს. – წაიმღერა კენიმ და პლასტმასის ველური ყურძნის მტევანი მაღლა ასწია. – აი, ახლა უნდა მაკოცო. – თქვა და წითელი პუნშით მოთხვრილი პირით სალისკენ მიიწია.

სალიმ თავი გაატრიალა.

ზეიმი დაიწყო. სასადილოს დერეფანში მოუსვენრად ცქმუტავდნენ შობის ასობგერები. სანტას ელფების გამოსვლის შემდეგ თავის ჯერს ელოდებოდნენ. მათთან მეთვალყურედ რამდენიმე დედა იყო გამწესებული. სალის სასადილოდან სულელური სიმღერის ხმა ესმოდა. მისის მილსი პიანინოზე შეცდომებით უკრავდა. აშკარა იყო, დაკვრა არ იცოდა. კენიმ იდაყვი ნეკნებზე გაკრა.

  • რომ მინდოდეს, აქვე გცემდი.

სალიმ ყურადღება არ მიაქცა, მუცელი სტკიოდა და სინათლე თვალებს ატკიებდა.

 “Jingle Bell Rock”-  ელფები სანტა კლაუსს მხიარულად უმღეროდნენ, ამას მოყვა “I Saw Mommy Kissing Santa Claus“* მეტისმეტი იყო! იესოს დაბადების სიწმინდე სამარცხვინოდ  შებღალეს და მაინც, უფალმა არაფერი იღონა და ამ წარმართებს შოუს გაგრძელების საშუალება მისცა.

  • ტელეფონს რას უყურებ, ხომ არ გგონია, შეყვარებული დაგირეკავს? – არ

ეშვებოდა კენი.

უფალი ყველა ბოროტი ადამიანის დანთებულ სინათლის ჩააქრობს! უფალი ყველა უწმინდურს გააძევებს თავისი სახლიდან!

– ვინ არის შენი შეყვარებული? – კითხა კენიმ და ისევ ახლოს მივიდა. – რაზეც გინდა დაგენიძლავები, ვინმე ნაბიჭვარი იქნება.
სალიმ გაიგონა, როგორ აიღო მისის მილსმა ფორტეპიანოზე ბოლო აკორდი და გული აუფრიალდა. დედებმა დარბაზში ტაში დაუკრეს.

  • მე ერთ შეშლილს ვიცნობ, – დაიწყო კენიმ ფრთხილად – ცოტა ჭკუასუსტია, ტომ ბიბეტი ქვია, იცი რას აკეთებს? გრძელი ჩხირი დააქვს და ყველას უმიზნებს, ვითომ კლავს. მგონი, ჩემი ბიძაშვილიც კია.
  • შშშ. – გააჩუმა დედამ, რომელიც დედების რიგში სულ ბოლო იდგა. – აბა, ჩამწკრივდით, ერთ ხაზზე გასწორდით.

კენიმ შეიცადა, ვიდრე დედა მიბრუნებოდა და ისევ დაიწყო:

  • ტომ ბიბეტი ტუპედოში ავტობუსით დადის და იქ თავისნაირ შეშლილ ბავშვებს ხვდება. ალბათ შენი შეყვარებულიც იქაა.

ახლა სხვა დედა მოუბრუნდათ.

  • რომელი ვერ აჩერებს ენას?
  • კენი! – დაღლილი ხმით ერთად უპასუხეს როზმარი მიჩელმა და ფრენკ დეტვეილმა.
  • უთხარით, ახლავე გაჩუმდეს. – თქვა დედამ და სასადილოს კარი გააღო.

ზეიმისთვის მოტანილი პროჟექტორების სინათლე დერეფანში დროშასავით შემოვარდა.

  • აბა, დაიწყეთ. – თქვა რომელიღაც დედამ ასობგერა C -ს და კარისკენ უბიძგა.

განათებული სცენიდან სალიმ პირველ რიგში ჩარიგებული აპრიალებული სახეების გარდა ვერაფერი დაინახა.  მშობლების აპლოდისმენტებმა თავზე ქარიშხალივით გადაუარა და ლამის წააქცია. მთელ ოთახში ფოტოაპარატები ჩხაკუნობდა. ვიღაც ვიდეო კამერითაც იღებდა, სკამებს შორის დადიოდა და ხალხს ფეხებზე აბიჯებდა. ტაში ნელ-ნელა შეწყდა და ისეთი სიჩუმე ჩამოდგა, რომ მხოლოდ ვიდეოკამერის ხმა და საშობაო ზეიმის პროგრამის შრიალი ისმოდა.

– C  ნიშნავს კანფეტს, –  ენის ბორძიკით დაიწყო C-მ.

შოკოლადს და პიტნას

საშობაო წინდაში

ბევრი ……..

  • სიტკბო გვინდა – უკარნახა ვიღაცამ.
  • სიტკბო გვინდა. – დაასრულა მადლიერმა C -მ.

  C – სთვის დაკრული ტაშის დასრულებას  H -მა არ დაუცადა და თავისი ლექსი სასწრაფოდ დაიწყო. ჩქარ-ჩქარა არაკრაკებდა სიტყვებს, რომ ყველასთვის ეჩვენებინა, რა კარგად ჰქონდა დაზუთხული თავისი სიტყვა:
– H ნიშნავს წმინდას,

შობის წითელი და მწვანე,

არის დიდი სილამაზე.

მერე თამი დანკინმა გადადგა წინ ნაბიჯი, თავი გვერდზე გადაწია, თვალები დააჭყიტა და ლექსი ენის მოჩლექით წაიკითხა:

-R ნიშნავს ირემს.

მოჰქრიან და საჩუქრებს მოაქროლებენ.

ჩვენს სახურავზე რომ დაეშვებიან

მათი ფლოქვების ცემას გავიგებთ.

ნეტავ, რა ჰგონია, ვერავინ ხვდება, რომ ხელოვნურად იქცევა?!

– აუუუ! – ამოიღმუვლეს  დედებმა, როცა თამიმ ლექსი ჩააღიღინა და ნამდვილი მქუხარე ტაში დასცხეს. აშკარაა, მისი ბავშვური ტიტინი და ტანის ზომა გულზე მოხვდათ – ის ყველაზე მომცრო გოგო იყო მთელ კლასში. თამიმ ჩაიხითხითა და რევერანსიც კი გააკეთა. როგორ გაიტყლარჭა! სალის გული ერეოდა, ალბათ, სწორედ ასეთი იქნებოდა მოსესდროინდელ ეგვიპტეში მცხოვრები ცუდი ზნის ებრაელი მონა ბავშვი. თავად თამი დანკინმა  ყველაზე უკეთ იცოდა, რომ არაბუნებრივად იქცეოდა, მაგრამ ოღონდ მერე ეტრაბახა, რომ ვიღაცას თავი მოაწონა და ნებისმიერ ხერხს გამოიყენებდა!

სალიმ უცებ გააცნობიერა, რომ უკვე მისი ჯერიც დგებოდა. ჯერ მზად არ იყო!  რამდენიმე წამში თავისი ლექსი მასაც უნდა ეთქვა. ძალიან აღელდა, თვალები ცრემლით აევსო და ჩახჩახა სინათლესაც კი ბუნდოვნად ხედავდა. ეგონა, რომ მათი  ნომერი რამდენიმე საათი მაინც გაიჭიმებოდა.

 

 

1 2 3 4 5