მისის დანკინმა ენის ბორძიკით რაღაცის თქმას შეეცადა. მგონი, ამბობდა, რომ იმ ღამეს ის იქ საერთოდ არ ყოფილა, თუ რაღაც ამდაგვარს.

  • იმ შენმა ძაღლმა ფეხი დამაგლიჯა. ბიჭი წამოიყვანე, რაელინ! – უთხრა

მისის პრიდლის, ხელი გაუშვა და კენისკენ უბიძგა, რომელსაც საზეიმო მოსართავი უკვე მოესროლა, მამას სიამაყით შეჰყურებდა და სიხარულით ხტოდა. მისტერ პრიდლი მისის დანკინისა და თამისკენ მიბრუნდა. ორივე გაშეშებული იდგა. მისტერ პრიდლიმ ნაბიჯი მათკენ გადადგა, თვალები უელავდა და წინ გაწვდილ ხელში დანას ატრიალებდა.

  • თუ გინდა, ჩემ ფეხს გაჩვენებ, გრეიფრუტისხელა სილურჯე დამრჩა. – ხმა

თითქოს დაურბილდა, თითქმის გაწონასწორებულად ლაპარაკობდა. – ახლა კი, შენ და შენს ნაშიერს გამოგფატრავთ.

უცებ დერეფნიდან ხმაური გაისმა, უფრო სწორედ, ფეხის ხმა, ვიღაცეები მორბოდნენ, მისის მილსი კი ისევ წიოდა:

 – აქეთ, აქეთ.
ოთახში ორი შეიარაღებული პოლიციელი შემოვარდა.  მისტერ პრიდლიმ აქეთ-იქით დაბნეულად მიმოიხედა. მისის პრიდლიმ ხელი მკლავში ჩაავლო.

– იქიდან მოუარეთ! ჰენრი ლი, აქ მოდი! – დაიძახა ერთმა პოლიციელმა.

ისე, რომ არავის შეუმჩნევია, სალიმ მისტერ პრიდლის გვერდი მშვიდად აუქცია და სცენიდან ჩამოვიდა, ჩაუარა იარაღმომარჯვებულ პოლიციელებს, გაარღვია მოქვითინე დედების ჯგუფი და დერეფანში გავიდა. მერე ტელეფონის აპარატთან მივიდა და ყურმილი ჩამოხსნა. წამოსვლის წინ, ლეამ მონეტა მისცა, რომ ზეიმის დასრულების შემდეგ სახლში დაერეკა.

ვიდრე სალი ლეას ელაპარაკებოდა, სასადილოს პოლიციელებმა კარი ფეხით გააღეს და ზურგსუკან ხელებშეკრული მისტერ პრიდლი გამოათრიეს. მიუხედავად იმისა, რომ მისტერ პრიდლი აქეთ-იქით სევდიანად იყურებოდა და აღარავის ემუქრებოდა, პოლიციელები საკმაოდ უხეშად ექცეოდნენ – ურტყამდნენ და აგინებდნენ.
სალიმ ყურმილი დაკიდა და ჩაბნელებულ ქუჩაში გავიდა. გარეთ უამრავი ხალხი, სასწრაფო დახმარების ერთი და პოლიციის ორი მანქანა იდგა. ექიმებს სკოლიდან  ხალხი საკაცით გამოყავდათ, რამდენიმე დედას გული წაუვიდა, ფრენკ დეტვეილერს პანიკის შეტევა დაემართა, ზოგიერთი დედა ისე გულმოდგინედ ცდილობდა რაც შეიძლება მალე გამოსულიყო შენობიდან, რომ რაღაცას წამოედო და ფეხი მოიტეხა.
მისის მილსი სალის ფეხდაფეხ მიჰყვა. ის პოლიციელს მომხდარის შესახებ ელაპარაკებოდა. სალი გამხიარულდა: მისის მილსი ამბობდა, რომ მისტერ პრიდლიმ ის კართან მიიმწყვდია და ლამის დანით სახე დაუსერა. რა თქმა უნდა, გამოიგონა, სალიმ ხომ იცოდა, რომ ასეთი რამ არ მომხდარა.

ყველა ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა, ყვიროდა, კიოდა, ტიროდა, წიოდა. სალის მათი ხმები  შორიდან ჩაესმოდა. თავისი ასობგერა კისრიდან მოიხსნა, მიწაზე დაიფინა, ზედ დაჯდა, და კისერი დაიგრძელა. სადაცაა, სიბნელეში  ჯექსონის მანქანას გამოჩნდებოდა და სახლში წაიყვანდა. რა სასაცილოა, სალის გარდა არავინ იცოდა რა მოხდა. მათ უფლის სასწაული იხილეს და არა უწყოდნენ.

                                                                                             ინგლისურიდან თარგმნა   დალილა გოგიამ

 

 

 

 

1 2 3 4 5