ვერაფრით ვეღარ დაიძინა. ალბათ სითბოს ბრალი იყო. გათბობას კარგა ხანია გადაეჩვია. ბოლოს სქელ და ფუმფულა საბანში გახვეულს მაინც მოერია ძილი და ჩასთვლიმა.

დილით ტაის მუჯლუგუნმა გამოაფხიზლა. თვალები გაახილა და მისი ძლიერი ნიკაპი დაინახა.

„რა იყო? მოხდა რამე?“

„შენა…იმედი მაქვს, რომ მთელ შენს თავისუფალ დროს გარეთ, იმ კაცთან არ ატარებ“.

გოგო წამოჯდა. „არაფერს არ ვაშავებთ“.

„ვიცი“.

„რაღაც არ გეტყობა“.

საწოლი ოთახის ფანჯრები ლუმის ტყეს გაჰყურებდა, მაგრამ ახლა დარაბები დახურული იყო და გოგო მხოლოდ სმენით აღიქვამდა მას. გარეთ ქარი ქროდა. ხის კენწეროები აქეთ-იქით ქანაობდნენ და ისე შრიალებდნენ, როგორც კალიების ლაშქარი.

ბიჭმა ზეწარი გაუსწორა და საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა. „ხალხში გავიკითხე. ცხადია, ბევრი რამ იცის. ნატურალისტად უმუშავია შტატის პარკში. ნატურალისტები ხომ გაგიგონია? აი, ის ტიპები, ბუნებაში ლაშქრობებს რომ აწყობენ, პამფლეტებს წერენ და ყველა ხისა და ჩიტის სახელი ზეპირად იციან. მაგრამ შენ მაინც უნდა იფრთხილო, გაიგე? როგორც ხალხი ამბობს, ცუდი რამეც შემთხვევია“.

„რა ცუდი რამე?“

„ბევრი არც მე ვიცი. ადრე ცოლი ჰყოლია და მერე უცებ მომკვდარა“.

ლუმიმ საბანი ნიკაპამდე აიჭიმა.

„ჩვენი მომიჯნავე ნაკვეთი მართლა აქვს ნაყიდი, მაგრამ სახლი იქ ჯერ არავის უნახავს“.

ერთ მოღრუბლულ დილას მზის ამოსვლას ვეღარ დაასწრო ლუმიმ. ფლისის ქურთუკზე აქა-იქ შერჩენილი ფოთლები სწრაფად ჩამოიფერთხა და შინისკენ გასწია.

„სად იყავი?“ მამა სააბაზანოს კარში იდგა. კისერი დაეგრძელებინა და ისე მიშტერებოდა, გეგონება ჭუჭყიანი მინის უკნიდან ათვალიერებსო.

„გარეთ ვიყავი, კარავში“.

„კარავი იპოვე?“

ლუმიმ თავი ჩაღუნა.

„ფარანი გქონდა წაღებული? ფარანი წაიღე ხოლმე. მოხერხებული სახელური აქვს“, – გაურკვევლად ჩაილუღლუღა, მაგრამ ლუმი მიხვდა, იმ ელექტროფარანს გულისხმობდა, დედამისს რომ უყიდა. დედას ხომ ზაფხულის ღამეებში გარეთ, ტერასაზე ჯდომა უყვარდა. ასეთ დროს დედას ხანდახან მამაც მიუჯდებოდა ხოლმე გვერდით. ეს მაშინ, ჯერ კიდევ დღის ცვლაში რომ მუშაობდა და საღამოებს სახლში ატარებდა. ლუმის კარგად ახსოვს გასაშლელ სკამზე ფეხმოკეცილი დედა და მამის მიერ შეჭმული ვაშლის ხრაშუნი.

ნაშუადღევს მთელი სარდაფი გადაქექა. ფარანიც იპოვა და კარავიც. ორივე ერთ თავღია ყუთში ეყარა, დედას ხელსაწყოებთან ერთად. ლუმიმ კარავი კარგად დაფერთხა, ფარანსაც  მოაშორა მტვერი და ტყეში წაიღო. მერე ორივე ერთ-ერთ სამალავში შეჩურთა, რომელსაც აღარ ხმარობდა და ხვრელი ისევ საგულდაგულოდ ამოქოლა.

ნიადაგი ნოტიო იყო და აქა-იქ თეთრი ლაქები ეყარა. პირველი თოვლი მოვიდა. მალე ტაიც დაბრუნდებოდა შინ, თანაც მთელი კვირა დარჩებოდა.

„თოვლისგან თავშესაფრის აშენება მასწავლე, რა!“ – სთხოვა ჯეკს.

ჯეკს გაეცინა. „ჯერ სად არის სამაგისო თოვლი“.

საღამოს ერთ ჯირკს ცეცხლი მიუკიდეს და იმას მიეფიცხნენ ჩაცუცქულები. ლუმი ალმოდებულ ჯირკს ჯოხით უჩიჩხინებდა, თუმცა ცეცხლი ისედაც მშვენივარად იყო გაღვივებული. ჯეკმა ზურგჩანთას პირი მოხსნა, იქიდან ვარდისფრად დაგორგლებული რაღაც ამოიღო და გოგოს ესროლა. გოგომ გაშალა. წყალგაუმტარი, თბილი ქურთუკი იყო, თან ზუსტად მოერგო. ბოლომდე აიწია ელვა-შესაკრავი, ისე, რომ ქურთუკის მაღალი ყელი პირამდე მისწვდა. კაპიუშონიც ჩამოიფხატა თავზე და მისი ზონრებიც მოჭიმა. სახე ძლივსღა მოუჩანდა ვიწრო ზოლად.

„მულტფილმის გმირს ჰგავხარ“, – უთხრა ჯეკმა.

„მგონი, კიდევ რაღაცის თქმა გინდოდა“, – ამოთქვა მაღალი საყელოდან.

„მივდივარ“.

გოგომ თვალები ნერვიულად აახამხამა. „როგორ თუ მიდიხარ?“

„სულ მივდივარ“.

„სად?“

„ქვეყნიერების გარშემო“.

1 2 3 4 5 6 7