„მოიცა, მთელი მსოფლიოს შემოვლას აპირებ?“

„ეგ ჯერ არ ვიცი“.

„როდის გეცოდინება?“

„აი, სხვაგან რომ ვიქნები, მაშინ“.

„და… უკან დაბრუნებას საერთოდ აღარ აპირებ?“

ჯეკმა ფეხსაცმლის წვერი იქვე დაგდებულ ტოტს გაჰკრა და ცეცხლში შეაგდო. „არ ვიცი. შეიძლება,  დავბრუნდე კიდეც“.

გოგომ მაღლა აიხედა. ცა მოქუფრულიყო და მისი სილურჯე ნელ-ნელა იწრიტებოდა. სად მიდიოდა ხოლმე ეს ფერი, სად უჩინარდებოდა? კაპიუშონი უფრო ძალიან ჩამოიფხატა სახეზე და ხელები ვინილის ჯიბეებში ჩაიწყო, თითქოს საკუთარ ბაკანში შეძვრა. იცოდა, ჯეკი ტყე-ტყე ისე იბოდიალებდა, დოლარსაც არ დახარჯავდა. მას ყველაგან შეეძლო ცხოვრება. ყველგან, სადაც მთა და ტყე იყო, ისე, რომ მის კვალს ვერავინ მიაგნებდა. ჯეკს გაქრობა შეეძლო.

ცოტა ხნის შემდეგ კაცი ფეხზე წამოდგა. ისე მოხდენილად და უხმაუროდ, ხელებზე დაყრდნობაც კი არ დასჭირვებია. გოგოს ზემოდან ჩამოხედა და უხერხულმა ღიმილმა გაუწელა პირი. „თოვლის თავშესაფარი მიწურისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. გინდა მიწურის გაკეთება ვცადოთ?“

გოგომ უარის თქმა დააპირა. „შენი მიწურისნაირი?“

„აბა, რა!“

„შენი მიწურის გვერდით?“

„როგორც შენ გინდა“.

ლუმი ჯეკს წინ გაუძღვა. ნაკადულს აუყვენენ. ჯეკის მიწურამდე მივიდნენ და მის გარშემო წინ და უკან სიარულს მოჰყვნენ.

„ბუნებრივად ჩაღრმავებული ადგილი მოძებნე“, – უთხრა ჯეკმა. „ასე ბევრ ენერგიას დავზოგავთ“. ჯოხის წვერით ნიადაგში ერთ ჩაზნექილ ადგილზე მიუთითა. „აი, ასეთი“, – თქვა. „ახლა კი კიდევ უფრო მეტად ამოვაღრმავოთ“.

საქმეს შეუდგნენ. სანამ უფრო მოხერხებულ საშუალებას იპოვიდნენ ორმოს ამოსათხრელად, ხან ჯოხით თხრიდნენ, ხან ქვებით და ხანაც ხელებით. ბოლოს კი ლუმი ბრტყელი, წვეტიანი ქვით ჩიჩქნიდა მიწას და ტალახს, ხოლო ჯეკი მოზრდილი ქვით ებრძოდა მიწას.

მორჩნენ თუ არა, თქვა: „საკმაოდ მალე გავუმკლავდით საქმეს. კარგია, რომ პატარა ხარ. დიდხანს თხრა არ დაგვჭირდა“.

ხუთიოდე ფუტის სიგრძის თხრილი იყო. ჯეკის მიწურის გადასწვრივ. გოგო  შიგ ჩაწვა და თავი ბლისტერში მოთავსებული პატარა აბივით იგრძნო.

„ახლა ჭერს მივხედოთ“, – თქვა კაცმა. თხრილი გადაჯვარედინებული ტოტებით და ფოთლებით გადახურეს, ტალახით შელესეს და ზემოდან წიწვები და ფოთლები დააყარეს. ჯეკმა შესაძრომი ხვრელისთვის კარიც სახელდახელოდ დაწნა.

„როდის მიდიხარ?“

„განთიადისას, მეგობარო“.

რომ შებინდდა, მიწურების წინ ცეცხლი გააჩაღეს და ზედ ერთი ქილა ხორცის კონსერვი გაიცხელეს. ჩანდა, გოგო შინ წასვლას არ აპირებდა და არც კაცს უთხოვია, დამტოვეო. კონსერვს რომ ჭამდნენ, თოვა დაიწყო. სულ მსხვილ-მსხვილი ფანტელები ცვიოდა. ლუმი პირს აღებდა და ენით იჭერდა ფიფქებს. ცხელი და მარილიანი ხორცის შემდეგ სიამოვნებდა მათი სიგრილე. მთელი ტყე უცბად გათეთრდა და გაიფიფქა.

„გცივა?“ – შეეკითხა ჯეკი.

„არა. ქურთუკი მათბობს“.

მოგვიანებით გოგო თავის მიწურში შეძვრა. მოწნული კარი შეღებული დატოვა და იქიდან უჭვრიტინებდა ცოტა ხნის წინ მთლად შიშველ, ახლა კი თოვლით დაბამბულ ხეებს. ერთი მათგანი ჯერ კიდევ ვერ შელეოდა რამდენიმე ხმელ და მოცახცახე ფოთოლს.

მიწურში შეყუჟულმა თავი ასწია და ჯერ კიდევ კოცონთან ჩაცუცქული ჯეკი შეათვალიერა. ხელში მოზრდილ ქვას ათამაშებდა. სამგზავროდ მომზადება არ სჭირდება, – გაიფიქრა უცებ, წასაღებიც კი არაფერი აბადია. სიცივემ უფრო რომ მოუჭირა, ლუმიმ ხვრელს დაწნული კარი ააფარა. ჯეკიც იჯდა ერთხანს ცეცხლის პირას, მერე კი ისიც თავის მიწურში შეიმალა. გოგომ ხმაზე მიხვდა, როგორ გაიწვართა კაცი ფოთლების სქელ ლეიბზე.

ის ახლა სულ ახლოს იყო მასთან. სადღაც სამიოდე ფუტის დაშორებით მისი თხრილის მოპირდაპირე თხრილში იწვა. მისი სხეულის სითბო თითქოს ლუმიმდეც ჟონავდა. გოგოს დედა გაახსენდა. მოეჩვენა, რომ კისერზე რაღაც შეაცოცდა, ან იქნებ, უბრალოდ, მოექავა კიდეც ის ადგილი. გარეთ ღამე იყო, ბნელი, გრძელი და უცნაური ხმებით სავსე. რული არ ეკარებოდა ჯეკთან ახლოს ფოთლებში დამარხულს.

„როდის მიდიხარ?“ – კიდევ ერთხელ იკითხა.

„შენ რომ გაიღვიძებ, წასული დაგხვდები“. ჯეკის ხმა თითქოს შორიდან მოისმოდა. ჩანდა, ჯერ ისევ ფხიზლობდა. „თბილად ხარ?“

არა, სრულებითაც არ უჭირდა იმის გაგება, ჯეკს აქედან წასვლის სურვილი რომ გაუჩნდა. რაღაცნაირად ესმოდა კიდეც მისი.

1 2 3 4 5 6 7