„გკითხე, თბილად თუ ხარ-მეთქი“.

„არა“, – უპასუხა. არ ცრუობდა.

პასუხმა იმდენ ხანს დაიგვიანა, ლუმიმ იფიქრა, ალბათ ჩაეძინაო. ბოლოს მოესმა: „ადექი და ჩემ მიწურში შემოძვერი“. ისეთი ჩუმი  ნათქვამი იყო, გოგოს შეეძლო თავად გადაეწყვიტა, გაიგო თუ ვერა.

ჯეკის მიწურში შეცოცდა და ხელის ფათურით გაიკვლია გზა. ერთი ხელით მიწაზე დაპრესილ ფოთლებს ეყრდნობოდა, მეორეთი – ჯეკის ფეხსაცმელს. ლეიბი ზუსტად იმხელა იყო, რამხელაც ჯეკს სჭირდებოდა, მაგრამ ის მაშინვე გვერდზე მიიწია და გოგოსთვის ადგილი გაათავისუფლა. ლუმი ისე დაწვა, რომ მათ შორის ცოტაოდენი ადგილი დარჩენილიყო. კაცმა კი ის მაშინვე მკლავებში მოიქცია და მთელი სხეულით მიეხუტა.

ჯეკს ცეცხლზე მეტად უდიოდა ცეცხლის სუნი – დამწვარი შეშისა და ბოლის მწკლარტე სუნი.

ამ სუნმა, სხეულის სითბომ და მიწურში მდგარმა ნოტიო ფოთლების მოტკბო სურნელმა ძილი მოჰგვარა. მოგვიანებით, ამ ღამეს რომ იხსენებდა, ეჩვენებოდა, რომ ბურანში წასულს ჯეკის ხმა ჩაესმოდა, „კიდევ გცივა? ჩაგეძინა? ახლა ხომ გათბი?“

დილით რომ გაიღვიძა, ჯეკი მართლაც წასული დაუხვდა. სხეულზე მაგრად შემოიხვია ხელები, თითქოს ახალი ქურთუკის ჩახუტებას ლამობსო. არა და, როგორ ცდილობდა, არ ჩასძინებოდა! თუმცა რა აზრი ჰქონდა მის სიფხიზლეს? გრძნობდა, ჯერ იმდენი არ შეეძლო, რომ გზაზე დამდგარი კაცი გაეჩერებინა.

მიწურის გარეთ სქლად იდო თოვლი და ხის შიშველ, თითქოს სამათხოვროდ გამოწვდილ ტოტებსაც ზოლებად გასდევდა თოვლის თეთრი ფენა.

უცებ ძალიან მოუნდა ჯეკისთვის დაეძახა. იქნებ ჯერ სულაც არ იყო შორს წასული, მაგრამ შიშობდა, მისი მაღალი, მწივანა ხმა ჩიტებსა და თავიანთ სოროებში შემალულ პატარა ცხოველებს დააფრთხობდა. ან კი რატომ უნდა დაეძახა? კითხვაც და პასუხიც ხომ მტრედის ღუღუნივით ერთნაირი იქნებოდა – სად? სად? სად?..

დილა თოვლში უმიზნოდ სიარულსა და ერთმანეთში ჩახლართული გზების გაკვალვაში გაიყვანა. სხვის ნაფეხურებსაც დაეძებდა, მაგრამ საკუთარის გარდა საგულისხმო ვერაფერი იპოვა. ჯეკის მიწურში დაბრუნდა, მის ლეიბზე დაწვა, ხელები და ფეხები ახლა თავისუფლად გაწვართა. ახლა მოულოდნელად უკან რომ დაბრუნებულიყო? აი, ამ წუთას რომ შემოეღო მიწურის მოწნული კარი? ლეიბზე გაშხლართულს უეჭველად პატარა ტოტს ესროდა და უქმად ყოფნას დაუწუნებდა.

მიწურში დარჩა. ხანდახან თუ გადიოდა გარეთ საკვების მოსაძებნად ან ცეცხლის დასანთებად. არავის დალაპარაკებია. თავის თავსაც კი.

მეორედ რომ შებინდდა, ძახილი შემოესმა. სულ ერთი სიტყვა. მისი სახელი.

ჯეკი! ის დაბრუნდა! მიწურში მწოლიარემ დაიჩურჩულა: „სალამი, ჯეკ!“ მერე კიდევ თქვა, ამჯერად უფრო ხმამაღლა და მხნედ. ყელი ეტკინა, თითქოს მის დახშულ ხორხს ლუქი ააძვრესო.

ძახილი განმეორდა. ტაი უხმობდა. სულ გადაავიწყდა, რომ უნდა ჩამოსულიყო. მის ხმას თოვლის ქულები შთანთქავდნენ და ძახილიდან ქარიღა რჩებოდა. ცოტა ხნის შემდეგ უცნაური ხრაშუნი შემოესმა. ტყის სული, გაიფიქრა, ტყის სული მოდის ჩემს წასაყვანად. მზად იყო, მოსულიყო და გამხდარი, გამოფიტული ხელი მის ყელში ჩაეყო, მისი უკანასკნელი, ცოცხალი ნაწილის ძებნაში მის სხეულში ეფათურებინა და ეპოვა ის, ერთი ციდა მკვრივი ბურთულა, სულ რაღაც ალუბლის კურკის ხელა.

„ლუმი!“ – ხმა მინასავით მყიფე იყო და შორიდან მოისმოდა.

ტაი ეძებდა, აქ, ტყეში. უცებ მიწურის სიცხე აუტანლად მოეჩვენა. კარს ფეხი გაჰკრა, გარეთ გამოძვრა და სახლისკენ გაიქცა. მირბოდა და აბუქებდა სქელ და ფხვიერ თოვლს. მალე ტაის ზურგსაც მოკრა თვალი, ორ ათრთოლებულ ვერხვს შორის სულის მოსათქმელად რომ შეჩერებულიყო. ლუმის ძახილზე მყისვე მოიხედა.

„შენ ხარ?“ მოვარდა და დის ნამცეცა სახე ხელისგულებში მოიმწყვდია.

„რამდენი ხანი აპირებ დარჩენას?“

„თითქმის მთელი კვირა“. გოგოს ტუჩის ერთი კუთხე ოდნავ აებრიცა მაღლა. ეს არ იყო ნამდვილი ღიმილი. არც არასდროს ყოფილა.

ბიჭს წვივში წიხლი უთავაზა, მან კი მსხვილი მკლავები შემოხვია.

„როცა წახვალ, შეგიძლია, მეც წამიყვანო?“ გამჭოლმა, ცივმა ქარმა დაუბერა და  პატარა თითები ტაის ქურთუკის ბოლოებში შემალა.

„უჰ, როგორ ცივა!“ ტაი სულს ძლივს ითქვამდა. „სად იყავი?“

„კარავში“.

„მეგონა, მამა სულ გაგიჟდა-მეთქი. მართლა გარეთ იყავი? ამ ამინდში?“

„მე ვიცი, როგორ ვიზრუნო სითბოზე“.

„კარავი ვერსად შევამჩნიე. არადა, მთელი ტყე მოვიარე“.

„კარავი არ გამიშლია“. სახე ტაის ცივ, ხელოვნური ქსოვილის ქურთუკში ჩარგო.

„კარავი არ გაგიშლია?“ გაოცებულმა ტაიმ თავი ააღებინა და თვალებში ჩახედა. გოგოს კაპიუშონი უკან გადასცურებოდა და სიცივისაგან ყურები და ლოყები ეწვოდა. ისევ სცადა ჩახუტებოდა, მაგრამ ძმამ უბიძგა და თოვლში ჩააგდო. სისველემ ისე გაუთოშა ხელები, კინაღამ იკივლა.

„წამიყვანე, რა! რომ წახვალ, ხომ მეც წამიყვანე!“

ბიჭმა მაღლა აიხედა, ლუმის მისი თვალები რომ არ დაენახა. იდგნენ და ზემოდან შიშველი, ხმელი ხეები ჩამოსცქეროდნენ.

 

ინგლისურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა

 

1 2 3 4 5 6 7