ერთი მოშიშვლებული გორაკის წინ შეჩერდნენ. ჯეკმა ფოთლების ყველაზე სქელ გროვაში შეყო ხელი და გოგოს ისეთი სანახაობა გადაეშალა თვალწინ, აღტაცების დასაფარავად მაგრად მომუჭა ორივე ხელები. მიწურს ტოტებით და ხვიარებით მოწნული ორმაგი, ფოთლებით ამოტენილი კარი ჰქონდა, რომლის იქითაც კანოეს ფორმის მიწური მოჩანდა. იატაკზეც ფოთლების სქელი ლეიბი ეგო, ლეიბის გვერდით კი ლობიოს კონსერვის ცარიელი ქილა იდგა.

„ნამდვილი სახლი არა გაქვს?“ – იკითხა გოგომ.

„მაქვს“.

„მერედა, იქ რატომ არ ცხოვრობ?“

კაცმა მხრები აიჩეჩა და სამალავში შესაძრომად ჩაიმუხლა. – „ვემზადები“.

„რისთვის?“

გაჩერდა და გოგოს მიაშტერდა. – „თვითონაც არ ვიცი“.

ვახშმად ლუმიმ  დაჭრილი პურით და ძეხვით სენდვიჩი გაიკეთა. სამზარეულოს გარდა მთელი სახლი ჩაბნელებული იყო. გოგო სენდვიჩით ხელში დერეფანში გამოვიდა და შუქი აანთო. ფეხაკრეფით ჩაუარა კარს, რომლიც უკანაც მამა ეგულებოდა.

მამა რამდენიმე საათში გაიღვიძებდა და საავადმყოფოს აფთიაქში  ღამის ცვლაში სამუშაოდ წავიდოდა. ლუმიმ იცოდა, რომ ის ახლა საწერ მაგიდასთან მდგარ სავარძელში იჯდა, ხელები სავარძლის კიდეებზე ეწყო, თვალები ღია ჰქონდა, გუგები კი ყაყაჩოს თესლებივით დავიწროებული. ისე იშვიათად და მძიმედ ახამხამებდა, თითქოს მისი ქუთუთოები დედამიწის მიზიდულობის ძალას ებრძოდნენ. ლუმის სწამდა, რომ მამას სხეულში ტყის სული ჩასახლებოდა და ის ამოძრავებდა, დაღლილი, გზააბნეული სული. აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო  იმის მიზეზი, რომ მამა მის არსებობას ვერასოდეს ამჩნევდა. ხელებს ისე იბანდა, თითქოს რაღაც საშინლად დამღლელისთვის ემზადებოდა. ნელა და ზედაპირულად სუნთქავდა. ჩვევა ჰქონდა, ღამით, სახლიდან რომ გადიოდა, კართან მისული კიდევ ერთხელ შემობრუნდებოდა ხოლმე და სახლს ისე მოავლებდა ხოლმე თვალს, თითქოს მის ზეპირად დასწავლას ცდილობსო. ასეთ დროს ლუმი ხშირად რომელიმე ოთახში იმალებოდა.

აი, იმ ღამეს კი კართან დაელოდა მამას. „გარეთ, კარავში ვაპირებ ღამის გათენებას“, – გამოუცხადა.

მამამ ნიკაპი მოიფხანა. „ხვალ სკოლაში ხარ წასასვლელი. თანაც მე ღამით შინ არ ვიქნები“.

გოგომ ფრჩხილები მაგრად ჩაირჭო ხელისგულებში. არ უნდა ეთქვა. უბრალოდ, უნდა ამდგარიყო და წასულიყო. მამა ხომ მაინც ვერაფერს გაიგებდა.

„მომავალ კვირაში ვცადოთ, კარგი? დასვენების დღეები რომ მექნება. სარდაფში ჩავიდეთ და მოვძებნოთ, ისა, რა ჰქვია…“ – მამამ სიტყვას დაუწყო ძებნა. „…ხო, კარავი. სადმე კემპინგზე წავიდეთ. სუფთა ჰაერი არცერთს არ გვაწყენს“.

კემპინგზე არც მანამდე ყოფილან და იცოდა, არც ახლა წავიდოდნენ. ის ბილიკებიც დედამ აჩვენა, სადაც შხამა თუთუბო იზრდებოდა. დედა ფარმაკოლოგიის სქელტანიან სახელმძღვანელოებში ყვავილებსა და ფოთლებს აწყობდა ხოლმე გასაშრობად, ისინი კი წიგნების სიფრიფანა, თითქმის გამჭვირვალე ფურცლებს ალაქავებდნენ. ერთხელ მან და დედამ მზიან ადგილას მიწაში დამპალი გოგრა ჩაფლეს. მიწიდან ჯერ ლორთქო და ხვიარა ღეროები ამოიზარდნენ და მიწა დიდი, ბრტყელი ფოლებით დაფარეს, მერე კი სულ ახალი, მზისკენ თავაღერილი ყვავილები და ერთი გვერდელა ნაყოფი გამონასკვეს. დედისთვის ამ ამბავში მოულოდნელი არაფერი იყო.

დედა რომ გარდაიცვალა, სკოლაში იყვნენ. მისი ცხედარი ტაიმ იპოვა სახლისკენ მიმავალ გზაზე. თვითონ საკაცის კიდესღა შეასწრო თვალი, როცა სასწრაფო დახმარების მანქანაში შეჰქონდათ. კარდიომიოპათია. მამამ სულ ერთადერთხელ ახსენა ეს სიტყვა, მან კი სამუდამოდ დაიმახსოვრა. ეს სიტყვა იმას ნიშნავს, რომ თურმე შენს გულს ძალიან ეშინოდა, შენ კი ამის შესახებ არაფერი იცოდი.

იმ ღამით რაღაცამ გამოაღვიძა და მთელი ხმით იყვირა: „დედა, მოდი!“ თუმცა მაშინვე გაახსენდა, რომ დედა იქ აღარ იყო, მაგრამ მაინც ვეღარ გაჩერდა და ყვირილი განაგრძო: „დედა, მოდი ჩემთან, რა, შენთან მინდა, მალე მოდი ჩემთან!“ მანამდე გაჰყვიროდა, სანამ დაფეთებული მამა და ტაი ერთად არ შემოცვივდნენ ოთახში.

მეორე ღამესაც იგივე განმეორდა, მესამე ღამესაც და კიდევ ბევრჯერ. ერთხელ როგორც იქნა, მოახერხეს და წერტილი დაუსვეს ამ გაუთავებულ ყვირილს. მამა უაზროდ ჩაშტერებოდა სახეში, ტაიმ კი წასჩურჩულა: „გაჩუმდი, თორემ შენი ღრიალი მამასაც მოგვიკლავს“. მერე ტაიმ მისი საწოლის გვერდით იატაკზე გაიშალა ლოგინი. მამამ კი უმწეოდ გაშალა ხელები, თითქოს იმის ახსნა უნდოდა, ნახე, აქ ჩვენს გარდა არავინ და არაფერი არ არისო. ახლა უკვე ვერცერთი მათგანი ვეღარ იძინებდა. მამამ შინ აბები მოიტანა. მას შემდეგ მამას და ტაის ხანდახან შუადღემდე უგონოდ ეძინათ. მარტო ლუმი ფხიზლობდა. „მეც მომეცით აბები, რომ მეც დავიძინო!“ – ემუდარებოდა.

„საამისოდ შენ ჯერ პატარა ხარ,“ – უთხრა მამამ.

მამის სამსახურში ყოფნისას ლუმის ტყეში ეძინა. თავშესაფრების აშენებაში ისე დაოსტატდა, რომ ამისთვის სულ ერთი ან ორი საათი სჭირდებოდა. აგებული ქოხი, რაღა თქმა უნდა, უნდა გამოეცადა კიდეც. რამდენიმე საშინლად ცივი ღამის შემდეგ, ისეთი სამალავის მოწყობა ისწავლა, რომელიც შეძლებისდაგვარად ქარგაუმტარი იქნებოდა. აქამდე არ იცოდა, თუ რას ნიშნავდა თავისი სამყოფი ადგილის საკუთარი ხელით აგება. ბუნებას მის  თითოეულ გოჯს სძალავდა. მერე გატრუნული იწვა ამ სოროში და ქარის ზუზუნსა და ფოთლებში მოძრომიალე ცხოველების ხმას უსმენდა. ხანდახან მგლოვიარე მტრედი დაიწყებდა ხუთი ნოტისგან შემდგარ მოძახილს. შებინდების შემდეგ კი ცივსა და ბნელ ღამეს ბოლო აღარ უჩანდა. ბრმასავით იწვა აბსოლუტურ სიბნელეში და ელოდა, როდის გაბაცდებოდა, როდის გახდებოდა ეს სიბნელე ოდნავ უფრო ნაკლებად ბნელი, რაც იმის ნიშნავდა, რომ გარეთ, ბოლოს და ბოლოს, გათენდა.

ხანდახან ჯეკიც გამოჩნდებოდა ხოლმე. გოგოს ეჩვენებოდა, რომ ქოხში მწოლი სწორედ მას ელოდა და ჯეკიც მხოლოდ მის საძებნელად დაიარებოდა ტყე-ტყე. ჯეკმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლებოდა ჯოხების ხახუნით ცეცხლის დანთება. პირველად რომ სცადა, ხის ნაჭერს ბოლიც კი ვერ აადინა, სამაგიეროდ, ხელისგულები გვარიანად დაუწყლულდა. თავიდან სცადა. ამჯერად მალევე აუღო ალღო და ახლა უფრო სწრაფად და ღონივრად ატრიალებდა ამოღრუტნულ ხეში ჩარჭობილ და ხელისგულებში მოქცეულ ჯოხს.

„ნახე“, – უთხრა ჯეკმა და თავზე მიანიშნა. „შენ თვითონაც ბოლავ“.

გოგომ მაღლა აიხედა  და ორთქლი დაინახა, რომელიც მისსავე შალის ქუდს ასდიოდა.

1 2 3 4 5 6 7