„თავი ადუღებული წყლით სავსე ჩაიდანს მიგიგავს“, – უთხრა ჯეკმა. „ახლა კი ცოტა ხანს შეისვენე, თორემ თავზე უფრო მალე წაგეკიდება ცეცხლი, ვიდრე ამ ხით აანთებ“.

ლუმიმ ღიმილის შესაკავებლად თვალები მაგრად მოწკურა.

ჯეკი არაფრით არ ჰგავდა მეხუთეკლასელ ბიჭებს, გამუდმებით რომ ერთმანეთს ებღლარძუნებოდნენ, მერე განზრახ ბორძიკობდნენ და უწმაწურ სიტყვებს ხმარობდნენ. გარდა ამისა, ყველა ერთმანეთს ჰგავდა – ერთნაირი მაისურები, სპორტული შარვლები და ზონრებშეხსნილი მაღალყელიანი ბოტასები ეცვა ყველას.

თვითონ ლუმი ადრე ერთ ბიჭთან მეგობრობდა. ბიჭს გარი ერქვა და სათვალეს და საყელოიან პერანგებს ატარებდა. მთელ ნაშუადღევს მის ბაღში ატარებდნენ. იქ მდგარ უზარმაზარ პინიას ჩანგლებს, გარის დის თმის ჯაგრისებსა და ფეხსაცმელებს ესროდნენ და ელოდნენ, უკან როდის ჩამოვარდებოდა ნასროლი ნივთი მისი ქოლგასავით ფართოდ გაშლილი ტოტებიდან. მაგრამ რაც დედა გარდაიცვალა, მას შემდეგ ლუმისთვის გარის ოჯახში სადილობა აუტანელი გახდა. დედამისი გამუდმებით ეკითხებოდა – „ვახშმობთ ხოლმე სახლში? ყოველ საღამოს? სასადილო მაგიდასთან რამდენი სკამი გიდგათ?“

დილაობით, სანამ მამა შინ დაბრუნდებოდა, ლუმი უხმაუროდ შედიოდა სახლში. იმ დღეს სკოლაში თუ იყო წასასვლელი, შხაპსაც იღებდა. თუ არა და, ელოდა, სანამ მამა დაიძინებდა და ისევ გარეთ გადიოდა.

ტყეში ცეცხლს ანთებდა. შეგროვილ რკოს ქვებით ნაყავდა. ბალახს გლეჯდა და მის ჯერ კიდევ სულ მთლად ნორჩ ღერებს თეთრ ბოლოებს აკვნეტდა. ერთხელ ერთი გამხდარი კალიაც დაიჭირა – ალბათ შემოდგომიდან შემორჩენილი – ფრთები და ულვაშები დააგლიჯა და ბრტყელ ქვაზე დადებული კოცონზე შეწვა. კალიის ხორცი მისი პატარა ვარდისფერი ფრჩხილის ხელაც არ იყო. გაახსენდა, ერთხელ როგორ გაუწყრა ჯეკი, საჭმელად ჩიტის დაჭერა რომ შესთავაზა, თვითონ კი ზიზღით დაიმანჭა და პირიდან გულისრევის ხმა ამოუშვა.

შებინდებისას გამოძვრებოდა ხოლმე თავშესაფრიდან, ბანდანას ფოთლებისა და ბალახის ნამით ჟღენთდა. მერე ფრთხილად ჩაწურავდა  ბოთლში და ისევ მიდიოდა წყლის შესაგროვებლად. ამის გაკეთება იოლი არ იყო, და არც ამ გზით მოპოვებული წყალს ჰქონდა სასიამოვნო გემო. ტყეში მაინც უამრავი თავშესაფარი ააშენა. ამასობაში ცეცხლის დანთებაც შეეძლო, თანაც, ყველანაირი – მშრალი თუ სველი, ფუტურო თუ მყარი ხისგან, მაგრამ მაინც მთელი მონდომებით ვარჯიშობდა და ვარჯიშობდა.

„თავშესაფარი, ცეცხლი, წყალი და საკვები“, – ჩამოუთვალა ჯეკმა. „სწორი თანმიმდევრობა, აი, ასეთია. უწყლოდ სამი დღე გაძლებ, უჭმელად სამ კვირამდე, მაგრამ, იცოდე, თუ დასაძინებლად თბილი და მშრალი ადგილი არა გაქვს, სამიოდ საათსაც ვერ გაიტან თავს“.

ტაი ამჯერად მთელი ოთხი დღით ჩამოვიდა. მადლიერების დღისთვის არდადეგები ჰქონოდათ. სამზარეულოში იდგა, სპაგეტის ხარშავდა და ისე მოძრაობდა ქურასა და მაგიდას შორის, თითქოს სახლიდან ფეხიც არ მოეცვალა. ფართო მხრები მოერკალა, დიდი, ქერათმიანი თავი ახალად მომზადებული სოუსით სავსე ქვაბზე დაეხარა და გემოს უსინჯავდა. „აბა, როგორ ხარ, ნამცეცავ“, – უთხრა  საჭმლით გამოტენილი პირით და თითით ცხვირზე დაუკაკუნა.

სადილის შემდეგ შოკოლადის სიროფიანი რძის კოქტეილები გაიკეთეს. როგორც ჩანს, ტაი საყიდლებზეც გასულიყო. ჭამის დროს ლუმი გატაცებით უყვებოდა ძმას, როგორ უნდა გადარჩე ველურ ბუნებაში. მეორე დღეს კი ტყეში წაიყვანა და თავისი საუკეთესო ქოხი აჩვენა. „მაინტერესებს, მართლა ვარგა თუ არა“. – ტაიმ კარავზე ნიკაპით მიანიშნა.

„რას ჰქვია, ვარგა თუ არა?“

„შიგ ღამე თუ გაგითევია-მეთქი“.

ლუმიმ თავი დახარა, თითქოს სწორი პასუხის მოძებნას ცდილობდა.

მერე პინიის გირჩები შეაგროვეს და ლუმიმ აჩვენა, როგორ უნდა გამოერჩია იქიდან თესლი. „ჰმ, ესენი ბევრად  პატარებია იმათზე, მაღაზიაში რომ იყიდება ხოლმე“, – თქვა ტაიმ.

თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. „და მაინც, მიღებულ და დაკარგულ კალორიებს თუ შევადარებთ, დადებითი ეფექტი სჭარბობს“ – დასძინა.

„მართლა?“ – ტაიმ ხელისგულზე დაყრილი პინიის თესლი შეათვალიერა.

მადლიერების დღეს ტაიმ ლუმი დამხმარე მზარეულად აიყვანა და საუკეთესო დავალებებიც მას მიანდო. გოგომ სიმინდი დამარცვლა, შესაწვავად გამზადებულ ინდაურს თაფლი წაუსვა და პიურესთვის მოხარშული კარტოფილიც საგულდაგულოდ ჭყლიტა.

ტაიმ კარტოფილის საჭყლეტი გალოკა და უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა. „რაღაც მაინც აკლია, იცი?“

გოგომ მხრები აიჩეჩა. დედა პიურეში ჩუმად ხახვის სოუსსაც ამატებდა ხოლმე. ჩანდა, ტაის ეს არასდროს შეუნიშნავს.

სადღესასწაულო ფაიფურით გაწყობილ სუფრას ერთად შემოუსხდნენ. ღვინის ჭიქებიც პირამდე აივსეს ერთმანეთში არეული შტოშისა და ვაშლის წვენით.

„ყოჩაღ თქვენ“, – თქვა მამამ. „ეს სადილი მართლა თქვენ მოამზადეთ? სიმინდს რა დაამატეთ? როგორ, არაფერი? ფანტასტიურია!“ ტაიმ ინდაურს ბარკალი რომ შეატეხა, მაშინაც აღტაცებულმა შეჰყვირა: „ეს ფერი ნახეთ, რა!“

ტაიმ ბარკალი შორიდან დაუგდო თეფშზე.

„ფრთხილად, სტაფილო დაშაქრულია“, – თქვა ლუმიმ, მამამ მოზრდილი ულუფა რომ გადაიღო, და ყურებამდე გაიღიმა.

თავად ლუმის ყველაფერს ჩაროზი  ერჩივნა – ხაჭოთი, ათქვეფილი ნაღებითა და დაფხვნილი ბისკვიტით – მაგრამ, სამწუხაროდ, ჩაროზი იმასაც ნიშნავდა, რომ სადილი დასასრულს უახლოვდებოდა. ამიტომ ორი ნაჭერი შეჭამა. თან რაც შეეძლო ზანტად იცმუცნებოდა.

იმ ღამეს კიბეზე მამა-შვილის კამათს მოჰკრა ყური. „ხომ იცოდი, რომ მეგობარი გოგო მყავს? და, მადლიერების დღეც რომ მასთან უნდა გამეტარებინა!“ – ეუბნებოდა მამას გაცხარებული ტაი.

ძმა საშუალო ტანის იყო, ჩადგმული. მამაზე ერთი საფეხურით მაღლა მაინც უნდა დამდგარიყო კიბეზე, რომ მისთვის თვალი გაესწორებინა. მამას, მგონი, არაფერი უპასუხებია. წუთიერ სიჩუმეს შემოსასვლელი კარის გაღებისა და გაჯახუნების ხმა მოჰყვა.

რომ დაწვა, მამა ფეხაკრეფით ამოვიდა მაღლა. გოგომ სასწრაფოდ დახუჭა თვალები და ახლა მარტო გრძნობდა, როგორ გადმოაბიჯა მისმა სიფრიფანა სილუეტმა ოთახის ზღურბლს. ტყის მოარული, დაღლილი სული. ლოგინში მწოლიარეს ისე დახედა, გეგონებოდა, ფაიფურის ფიგურა იყო, ან სურათი. ფეხაკრეფითვე დატოვა ოთახი და თავის საძინებელს მიაშურა. იქიდან პატარა პლასტმასის ქილის ჩხარუნი შემოესმა გოგოს. ჰიდროკოდონი, ამოიკითხა ერთხელ ქილის ეტიკეტზე. კბილებისთვის მჭირდებაო, აუხსნა მაშინ მამამ.

1 2 3 4 5 6 7