იქვე ერთი გამხმარი იფნის ჯირკი ეგდო. ტაიმ ის იფანი სამიოდე წლის წინ მოჭრა. ჯეკმა ბოძი სწორედ იმ ჯირკში ჩაარჭო. მერე ქოხისთვის ლუმის მოგროვილი ტოტები მოაგროვა და ბოძზე ყველა მხრიდან მიაყუდა. „ესეც შენი კარვის ჩონჩხი“, – თქვა.

გოგო ფოთლების გროვაში ჩამჯდარი ადევნებდა თვალს ჯეკის საქმიანობას. კაცი დაახლოებით მამამისის სიმაღლის იქნებოდა, ოღონდ მასზე ბევრად გამხდარი. საქარე ქურთუკი რომ გაიძრო და პერანგის სახელოები აიკაპიწა, ისიც შენიშნა, რომ მკლავებზე ბევრად მეტად მოჰკიდებოდა მზე, ვიდრე სახეზე.

გოგომ ერთი ფოთოლი აიღო და ტალახში ამოავლო. „მთელი დღე უნდა მოუნდე ამას?“ – იკითხა.

ჯეკმა გაიცინა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ჩონჩხი რომ მზად ჰქონდა, ახლა ფოთლების და  წვრილი წოწკების მოგროვება დაიწყო შიგ ჩასაწვნელ-ჩასატანებლად. „და, შენ არ აპირებ, დამეხმარო?“ – გასძახა გოგოს.

ლუმი ფეხზე წამოდგა და ჯეკის დადგმულ კარავს ფეხით დაუწყო ფოთლების მიყრა. ჯეკმა მიწაზე გაშლილ თავის ქურთუკში ბლომად მოგროვილი ფოთოლები კარავს ზედ დააყარა. გოგომ ისევ ფეხით მიხვეტა კარავთან მიწაზე ჩამოცვენილი ფოთლები. ცოტა ხანში კი თავადაც დაიხარა და მკლავებით დაიწყო ფოთლების მოხვეტა. დავიწროებული ფლისის ქურთუკი მიხრა-მოხრაში ხელს უშლიდა, ამიტომაც გაიხადა და მიწაზე დააგდო. ცოტა ხანში ფოთლებისგან პირწმინდად მოასუფთავეს იქურობა. გარშემო შიშველი, წვიმისგან დამბალი მიწა გამოჩნდა. ღირდა კი ეს თავშესაფარი ამდენ წვალებად? ერთი მოჩხლართული ჯოხების და ფოთლების გროვა იყო და მეტი არაფერი. სამაგიეროდ, ისეთი იდუმალი და უჩინარი იყო, ოციოდე იარდიდან რომ შეეხედა ადამიანს, ვერ დაინახავდა.

„ფოთოლი სულ ცოტა ორი ფუტის სისქეზე მაინც უნდა დააყარო. მხოლოდ ასეთი სისქის ფენას შეგიძლია შეეფარო და ანდო სიცოცხლე“. ჯეკმა თითებით ნეკერჩხლის ფოთოლი მოსრისა და გააგრძელა: „შესანიშნავი მასალაა. შიგნითაც დაგჭირდება. დაიმახსოვრე, მიწა სითბოს ღრუბელივით იწოვს. ის შენ სითბოს გართმევს. ამიტომ კარავი ფოთლებით უნდა გამოტენო, მერე შიგნით შეძვრე  და დატკეპნო, კიდევ შეყარო და კიდევ დატკეპნო და ა.შ.. აი, ზუსტად ამ დროს ჯეკი უეცრად მუხლებზე დაეშვა და ახლა ისინი ერთმანეთს პირდაპირ სახეში შესცქეროდნენ. მთლიანად მუქი ჟანგისფერი იყო, მარტო თვალები ჰქონდა ღია ცისფერი. „მხოლოდ მაშინ მიეცი თავს ჩაძინების უფლება, გაიგე?“

ჯეკმა კარავს შესაძრომიც დაუტოვა. გოგონას ფლისის ქურთუკს ხელი წამოავლო, ელვა-შესაკრავი ბოლომდე აუწია და ისიც ფოთლებით გამოტენა. სახელოები კი ერთმანეთზე გადაკვანძა და თვალის დახამხამებაში მშვენიერი, ფუმფულა ბალიში ეჭირა ხელში. „ეს ბალიში კარის ამოსაქოლად გამოგადგება. გარდა ამისა,  გახსოვდეს, რომ კარი ყოველთვის ქარის საპირისპირო მხარეს უნდა გააკეთო ხოლმე“. მერე კართან  ცოტაოდენი ფოთლები და ფიჩხი კიდევ დაყარა.

„შეძვერი, ოღონდ ჯერ ფეხები შეყავი,“ – უთხრა.

გოგომ ლოყა ჩაიკვნიტა. ცარიელ, ბნელ სახლში დაბრუნებას, ისევ ამ პაწია ბუნაგში შეძრომა ერჩივნა. ჩაიჩოქა და მაინც თავით, მუცელზე დაწოლილი შეხოხდა. ქოხში შეყრილი ფოთლები აშრაშუნდნენ, მაგრამ თავად კარავი არც შეტოკებულა. მყარად იდგა.

„შუქი თუ შემოდის საიდანმე, კარის გარდა?“

„არა“. შიგნით ბნელოდა და თბილოდა. მოეჩვენა, რომ ფოთლების უზარმაზარი გროვით შემოჯარულ ჰაერის პატარა სფეროში იჯდა. თითქოს ხეების ჩურჩულიც კი გაიგონა.

„დატკეპნე ეგ ფოთლები. კარგად დატკეპნე და მოასწორე“. კაცმა კიდევ შეყარა შიგნით რამდენიმე ბღუჯა. „დატკეპნე და ახალი ფენაც დაამატე“. – თქვა და გოგომაც დაუჯერა.

კარგა ხანს უხსნიდა, რატომ იყო კარი ასეთი თავშესაფრის სუსტი წერტილი, მაგრამ გოგოს უფრო და უფრო უჭირდა მისთვის ყურის გდება. კაცმა ცოტა ხნის წინ გაკეთებული ფლისის ბალიში კარში შეჩურთა და მერე ორივენი ხელებით ზედ ფოთლებს ახვეტავდნენ. ერთი შიგნიდან, მეორე კი გარედან. გოგომ იცოდა, რომ გარეთ დღის სინათლე იყო, მაგრამ იქ, სადაც ახლა იწვა, უკუნი იდგა. საკუთარი სუნთქვის ხმა ჩაესმა. მის სულ მცირე გამოძრავებაზე ფოთლები შრაშუნს იწყებდნენ. გოგოს ეჩვენებოდა, რომ ირგვლივ კუნაპეტი ღამე ჩამოწოლილიყო. ან თვითონ დაბრმავდა, ან სამყაროდან საერთოდ გაქრა შუქი.

„ახლა აქ ღამის გათევაც შეგიძლია,“ – თქვა ჯეკმა და ხმას დაუწია. „არც საძილე ტომარა დაგჭირდება და არც სხვა არაფერი. დილით კი ცოცხალი და უვნებელი გამოხვალ“.

გაუნძრევლად იწვა და ცდილობდა წარმოედგინა, როგორ ღამდებოდა და თოვდა, სანამ ის თავის სამალავში იყო. კარში გაჩრილ ბალიშს რომ მიაწვა და გარეთ გამოძვრა, ჯეკი წასული დახვდა. მელნისფერ ცაზე თითქოს ვიღაცას ბრტყელი ფუნჯით მარჯნისფერი საღებავი გაესვა. გოგომ ტანსაცმელი ჩამოიფერთხა და შინ წავიდა.

მეორე დღეს ახალი სამალავი გააკეთა. ამჯერად ნაკადულს მთლად ზემოთ აღარ აჰყოლია, მაგრამ მაინც იმ ტერიტორიაზე დარჩა, რომელსაც ჯეკი იჩემებდა. ახლა წინაზე ორჯერ თუ სამჯერ მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ დამთავრებულ სამალავს შორიდან რომ შეხედა, კმაყოფილი დარჩა. ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც პირველი. მერე ერთხანს შიგნით იწვა. წოლა რომ მოსწყინდა, გარეთ გამობობღდა, ჯოხი აიღო და ახლოს მდგარ ხეს შემოჰკრა. ორი დამფრთხალი ყვავი ხმამაღალი ჩხავილით აიჭრა ცაში.

ამასობაში, როგორც იქნა, ჯეკიც გამოჩნდა. უსიტყვოდ შეათვალიერა გოგოს ნახელავი. ისევ ის მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შარვალი და ქურთუკი ეცვა, ქუდიც იგივე ეხურა.

„აი, ეს უკვე კარგია, მაგრამ, მოდი, ცოტას მაინც შევალამაზებ“. – თქვა და ქოხს ერთ ადგილას ფოთლები დაამატა. „რომ იწვიმოს, წყალი ჩამოგივა“.

გოგოს გააკანკალა.

„სისველეს შეუძლია მოგკლას,“- თქვა. „ჰიპოთერმიაზე გსმენია რამე?“ ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ კი უთხრა: „გინდა, ჩემი გაკეთებული თავშესაფარი გაჩვენო? ცოტა სხვანაირია. მიწური. თანაც აქვეა, ახლოს. ამ ბილიკით თუ წავალთ, სულ ნახევარი მილის სავალზეა.

სწრაფი ნაბიჯით აუყვა გზას. უკან ერთხელაც არ მოუხედავს, რომ ენახა, გოგო მიჰყვებოდა თუ არა. ის კი მორჩილად, ლამის სირბილ-სირბილით მისდევდა კაცს ნაკადულისკენ მიმავალ ბილიკზე. ერთხანს ასე იარეს და ბოლოს გოგოსთვის ტყის სრულიად უცნობ ადგილას აღმოჩნდნენ. აქ ხეები შემეჩხერებულიყო, უფრო ბუჩქნარი ჭარბობდა. მიწა შემჭკნარი, უსიცოცხლო ხვიარებით და ხმელი ფიჩხით იყო დაფარული.

1 2 3 4 5 6 7