სხვა შემთხვევაში ეს ალბათ მისი საყვარელი წელიწადის დრო იქნებოდა ალიგენის ტყეებში. ხის ჩრდილები გამყიფდნენ და ქარსაც სინოტივე მოჰქონდა. მაგრამ გასულ კვირას ტაი სასწავლებელში დაბრუნდა. ახლა ერთი დღე მეორეში ამთავრებდა სიცოცხლეს. სახლი დაცარიელდა. შინ მხოლოდ მამა იყო. ისიც თავისთვის, ბნელ ოთახში იჯდა.

ლუმი ხის ქოხის აშენებით იყო გართული. ტყეში მოგროვილი მსხვილი ტოტები იფნის ტანს ააყუდა და შიგ შესაძრომად სამკუთხედი ხვრელი დატოვა. მაგრამ რამდენჯერაც შიგნით შეძვრომა სცადა, იმდენჯერ ფარღალალა ქოხის რამდენიმე ტოტი აქეთ-იქით გადაუცვივდა.

ის იყო, შეძვრა ხელახლა აგებულ ქოხში და ახლა შიგნიდან ცდილობდა მის გამაგრებას, რომ მამაკაცის ხმა შემოესმა: „ასე არაფრად ივარგებს“. გოგომ ფრთხილად გამოიჭყიტა ტოტებიდან და ვეებერთელა, მძიმე ფეხსაცმელს და ზემოდან გადმოშვებულ რუხი ველვეტის შარვლის ბოლოს მოჰკრა თვალი.

ბიჭები, სკოლის ავტობუსიდან რომ იცნობდა, ხანდახან გზას იმოკლებდნენ და მათ ნაკვეთზე ჩაიშხუილებდნენ ხოლმე ტალახიანი ველოსიპედებით. ტაი დაიხმარა, ხის ბოძზე ფიცრის ნატეხი მიაჭედა და მისივე ძვირფასი ჯაყვით ზედ ოკრობოკრო ასოებით ამოჩორკნა: „ნებართვის გარეშე შემოსვლა აკრძალულია“. ბიჭებმა თავისი მაინც არ დაიშალეს. ძველებურად დაშლიგინობდნენ და ველოსიპედებიდან ტალახს აშხეფებდნენ. მაგრამ ამ ბიჭებს ხრინწიანი, ყივანა ხმები ჰქონდათ და არა ისეთი ბოხი, როგორიც ახლა გაიგონა.

ქოხიდან თავი გამოყო. მძიმე, მაღალყელიან წყვილ ფეხსაცმელს თვალი ააყოლა და გამხდარი კაცი დაინახა. სახეზე ჩრდილი ადგა. ღია ნაცრისფერი საქარე ქურთუკი და ნაცრისფერი კეპი ეხურა. თვითონაც თავიდან ფეხებამდე რუხი იყო, როგორც ირგვლივ შემოჯარული ხეების ტოტები.

ქოხიდან გამოძვრა და დაპატარავებული ფლისის ქურთუკი ქვემოთ ჩამოიქაჩა.

„თქვენ ჩვენს მიწაზე უნებართვოდ შემოხვედით“.

„არაფერიც“.

ლუმიმ ყველაზე მსხვილი ტოტის შესაგულებლად ქოხს მალულად შეავლო თვალი.

„შენ თუ დეფის გოგო ხარ, თქვენი ნაკვეთი აგერ, იმ ნაკადულამდეა. იმის იქით კი ხუთიოდე აკრი მე მეკუთვნის. აი, საზღვარი სად გადის!“ – კაცმა თითი ასწია და ნაკადულს ჰაერში გააყოლა.

ლუმი გაჩუმდა. თან ცოტა დაიბნა. აღარ იცოდა, ვინ იყო მართალი.  ასე ღრმად აქამდე მარტო მისი ძმა შემოდიოდა ხოლმე ტყეში.

„ჯეკი მქვია“, – თქვა უცნობმა.

გოგო წეღან შეთვალიერებული ტოტის  ასაღებად წაიწია.

„ეს შენი აშენებული სამალავი არაფრად ვარგა“, – კიდევ ერთხელ გაუმეორა კაცმა. „ტყეში თუ დაიკარგე ან ღია ცის ქვეშ მოგიწია ღამის გათევა, ასეთი ხუხულის აშენება საერთოდ არ ღირს. ამას ჯობია, ქარმა და წვიმამ თავზე გადაგიაროს“.

მან ფეხსაცმლის წვერი მსუბუქად გაჰკრა ქოხის ძირს და თავშესაფრის ნახევარი წამში ჩამოიშალა.

გოგო გადაქცეულ ტოტებს დააცქერდა. ისევ ვერ უთხრა ვერაფერი. რა უნდა ექნა ასეთ დროს? უნდა გაწყრომოდა? იქნებ, სარკაზმის მოშველიება ჯობდა? მაგრამ რა და რა  სიტყვებით უნდა მიეღწია ასეთი შედეგისთვის, ეს უკვე აღარ იცოდა. ამასობაში კაცს ერთი მოზრდილი ხმელი ტოტი დაეთრია და ცდილობდა, ასე ექვსიოდე ფუტის სიგრძეზე ფეხით ჩაეტეხა. „ეს შენი ქოხის საყრდენი სვეტი იქნება“, – უთხრა. „შენი ზომაა, ანუ, რომ დაწვები და ხელებს თავს ზემოთ გაჭიმავ, შენსიმაღლე უნდა იყოს. მე, რა თქმა უნდა, უფრო დიდი სვეტი დამჭირდებოდა, მაგრამ ახლა ამას შენნაირი ცეროდენასთვის ვაკეთებ“.

1 2 3 4 5 6 7