ამასობაში გაიარა მეათემ თვემაც. დიდმა ქართველმა გინეკოლოგებმა ნემსით ხელოვნურ მშობიარობას ისევ მოცდა გვირჩიეს. მერე მეთერთმეტემე თვემაც კეთილინება მოსვლა, მაგრამ ბავშვი კატეგორიულად არ აკპირებდა დედის მუცლიდან გამობრძანებას.

მოკლედ, ჩვენი შვილი მთელი თორმეტი თვე არაფრით ჩნდებოდა და დედის მუცელი მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც გულიკო დეიდამ ეკლესიაში სიარული დაიწყო. იქ მას  კვიპრიანეს და იუსტინეს ლოცვები წაუკითხეს. იმავ საღამოთი სახლში მობრუნებულმა ფერმიხდილმა გულიკო დეიდამ მთხოვა გვეყიდა ქართული აკვანი და ბაზალეთისა ტბის პირას წავსულიყავით დასასვენებლად. ჩვენ პაპა კაკო თბილისის ბინის საყარაულოდ დავტოვეთ, ბაზალეთზე მეორე დღესვე გავემგზავრეთ და ოთახი ვიქირავეთ. გულიკო დეიდა მთელ დღეს დამზრალ წყალთან ატარებდა და ცარიელ აკვანს ზამთრის ტბის ლივლივის რიტმში არწევდა.

ტბაზე სტუმრობის თორმეტი დღის თავზე გულიკო დეიდას წყლების დაღვრა დაეწყო და იქიდან სასწრაფოდ გამოსაქანებელი შეიქნა: შედეგად, ელიტარულ ქართულ სამშობიარო “ულტრა-მეანში” ჩვენ საოცრად ბალნიანი შვილი გვეყოლა.

სტატისტიკურად, ასეთი შემთხვევები არცთუ იშვიათია, მაგრამ რაღაც დროის გასვლის შემდეგ ახალშობილებს, როგორც წესი, პირწმინდად სცვივათ დედის მუცლიდან გამოყოლილი ღინღლი. სწორედ ამის იმედად, ახალშობილის ჭარბთმიანობისთვის თავიდან არც ჩვენ მიგვიქცევია ყურადღება, მაგრამ რაღაც ხნის შემდეგ, მუცლის ბალანმა არათუ ცვენა, არამედ თვალშისაცემი ზრდა-ფურჩქვნა-დაკულულება იწყო.

თბილისელმა მედიკოსებმა ბევრი უკაკუნეს ჩვენს ბიჭს მუხლისთავებზე რეზინის ჩაქუჩი, ანალურადაც უზომეს სიცხე და ცივ ფონენდოსკოპსაც ხშირად ადებდნენ გაბანჯგვლულ გულ-მკერდზე, მაგრამ ცხადი დასკვნა მაინც ვერაფრით დადეს და ისევ მოცდა გვირჩიეს.

მის თმიანობას მე, ერთი პირობა, ჩვენივე თავის, ანუ ჩვენი ბავშვის განმპირობებლების შორეულ წინაპართა გენეტიკას ვაბრალებდი: _ მიუხედავად იმისა, რომ მეც და გულიკო დეიდაც არაფრით გამორჩეული, ალაგ-თმიანი ადამიანები ვართ, მაინც ჯიუტად ვვარაუდობდი, რომ ბავშვის გადამეტებული ღინღლიანობა ელემენტარული გენეტიკური ანომალია იყო და უშორესი წარსულიდან ჰქონდა სტარტი აღებული _ ალბათ იმ შორეული დროიდან, როდესაც სამყაროში განვითარების წინარე სტადიაზე მდგომ ჰომო-საპიენსებს შინაურ ცხოველებად ჰომინიდები ჰყავდათ და ხანდახან, სავსემთვარობისას, ვნებიანი აცეტების ჟამს, ისე უშუალოდ შედიოდნენ მათთან ფიზიკურ კონტაქტში, რომ ვერც კი განარჩევდნენ სხვა ჰომო-საპიენსებისგან.

დღეს მე და გულიკო დეიდა ვფიქრობთ, რომ ყველაფერი გაცილებით რთულად და არაგენიალურადაა.

სახელს რაც შეეხება, მე ბავშვს `ა, გული~ მხოლოდ და მხოლოდ გულიკო დეიდას საპატივცემულოდ დავარქვი, მაგრამ დაბადების მოწმობაში `ა, გულის~ ვიღაც გონებაშეშუპებულმა გურჯმა იმბეცილებმა მაინც აგული ჩაუწერეს.

აგულის არა მხოლოდ გარეგნობა, ხასიათიც უცნაური აღმოაჩნდა. თითქოს ეს თმა-ბეწვიანობა არ კმაროდა, ის ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში წლოვანებისთვის შეუფერებელ თვისებებს ამჟღავნებდა.

უპირველეს ყოვლისა, ის ძალიან გულჩათხრობილი იყო და სულ წიგნებში ჰქონდა თავი ჩარგული. მართალია, მან ფეხი ცხრა თვისამ აიდგა, მაგრამ ხმის ამოღება მეტისმეტად დაუგვიანდა, არადა, აშკარად ეტყობოდა, ყველაფერი ესმოდა, მაგრამ ხმას მაინც ჯიუტად არ იღებდა _ მხოლოდ თავს დააქნევდა, რაც რაიმეზე თანხმობას ნიშნავდა, ან კიდევ – გააქნევდა, რაც უარს გულისხმობდა. სიტუაცია ძალიან უცნაური იყო: ჩვენ ვხედავდით, რომ წლინახევრის აგული უკვე თავისუფლად კითხულობდა ქართულად, აყოლებდა რა თითს სტრიქონებს და სახეზეც ემჩნეოდა, რომ წაკითხულის შინაარსიც მშვენივრად ესმოდა.

საბავშვო ფსიქოლოგებმა აგულის ვერაფერი გაუგეს, ვერც ხმა ამოაღებინეს და ვერც სანუგეშო გვითხრეს რამე. ჩვენ კაი ხნის მიჩვეული ვიყავით აგულის უენობას, რომ სასწაული მაინც მოხდა:

ოთხი წლის ასაკში აგულიმ მეც და გულიკო დეიდაც ერთდროულად დაგვზაფრა, როდესაც ჩვენს საწოლ ოთახში სამთვლიან ველოსიპედით შემოგორდა, დოინჯი შემოირტყა და გამართული ქართულით თქვა:

_ ახლა კი, მე შეგისრულებთ საქართველოს ეროვნულ ჰიმნს!

_ რა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, აგულიკო? – ამოილუღლუღა გულიკო დეიდამ და კინაღამ გული წაუვიდა.

აგული უმალ პატრიოტულად გახევდა, შუბლი მთიულურ ყაიდაზე შეკრა, წარბები ეროვნულად მიუერთა ერთმანეთს და მართლაც გვიმღერა საქართველოს ჰიმნი.

ეს იყო სრულიად უნიკალურად შესრულებული ჰიმნი. მსგავსი შესრულება მე აქამდე არ მომესმინა. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტში იგივეს ფიქრობდა გულიკო დეიდაც. ვოკალურად ეს თითქოს შეუძლებელიც იყო. წარმოიდგინეთ რვახმიანი ქოროს ნაცვლად ერთი ადამიანის მიერ პოლიფონიურად შესრულებული საქართველოს ჰიმნი. აგულის ერთდროულად სწორედ რვა განსხვავებული ხმა ამოდიოდა პირიდან.

ამის გაგონებაზე ფანჯრის რაფაზე მდგარმა ფალოიდურმა კაქტუსებმა მაშინვე კვირტი გამოისხეს და ყვავილობა დაიწყეს, ხოლო აკვარიუმში აქამდე დონდლოდ მობორიალე გამხმარმა ოქროს თევზებმა ქერცლი აიშალეს, შალახოურად აცეკვდნენ და ისეთი კინტაური პირუეტების კეთება დაიწყეს, ერთი პირობა ვიფიქრე, რომ აშკარად გავგიჟდი, და გავგიჟდი არა მარტო მე, არამედ გულიკო დეიდაც, ოქროს თევზებიც, რაფაზე მდგარი კაქტუსებიც, და ყველაზე მეტად კი, ჩვენი შვილი აგული.

 

9.

საბავშვო ბაღში ჩვენს აგულის ფაქტობრივად არ უვლია. ბაღის დირექციამ იძულებული გაგვხადა უამრავი სამედიცინო ცნობა შეგვეგროვებინა, რადგანაც ასეთი თმა-წვერიანი ბავშვის საბავშვო ბაღში მიღება ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. მის დანახვაზე სხვა ბავშვები მაშინვე ფრთხებოდნენ და მაგიდებისა და სკამების ქვეშ იმალებოდნენ, ყველასგან მიტოვებული აგული კი ამ დროს საბავშვო ბაღის დიდ დარბაზში იდგა, თმაწვერაშლილი აქეთ-იქით გაოცებული იყურებოდა და საქართველოს ჰიმნის შესრულებას იწყებდა ომახიანად. ეს საკმარისი იყო, რომ იქაურ ფანჯრის რაფებზე მდგარ ბერწ მცენარეებსაც კვირტის გამოღება და ყვავილობა დაეწყოთ, ხოლო ორ შინაბერა-კუსკუსელა მასწავლებელს კი ბედნიერი სახით ჰაეროვნად ებზრიალა საბავშვო ბაღის ცარიელ დარბაზში. სიმღერის გაგონებაზე თავისი დილეგიდან მსწრაფლ გამოიჭრებოდა ხოლმე ამავე საბავშვო ბაღის გამგე როზა, ნესტოებს გაუხედნავი მუსტანგივით დაბერავდა, ლამის ჭიხვინით მიეჭრებოდა როიალ “ბეკერს” და ფაფარაშლილი  ველურ აკომპანირებას უწევდა ჩვენს აგულის.

 

 

1 2 3 4 5 6 7