თავიდან გულიკო დეიდასთან ურთიერთობა ზე-სანიმუშო იყო. ჩვენც ღრმად გადავეშვით ხორციელი ვნების გერონტოფილიურ მორევში, ანუ ბოლომდე დავბზარეთ ჩემი ბინის ისედაც დაბზარული  კედლები, მაგრამ დიდმა ასაკობრივმა სხვაობამ სულ მალე მაინც თავისი ქნა: ვნების მორევი ამოშრა, მოვალეობის მოსახდელ გუბედ იქცა და ეს ჩვენ ურთიერთობასაც დაეტყო _ მე გულიკო დეიდასთან ინტიმი ნაცნობობის ერთი თვის თავზე გულალალად მოვიბეზრე. ეგ კი არა, ბოლოს ხშირზე ხშირად გამირბოდა თვალი გულიკო დეიდაზე ბევრად ახალგაზრდა ტან-პირ-კეთილი გოგონებისკენ… და არათუ გამირბოდა, დიდი შეერთებისას თვალდახუჭული სწორედ მათ წარმოვიდგენდი მის ადგილას და ასე თუ ვახერხებდი აღგზნების მწვერვალზე ასვლას.

ეს მე გულიკო დეიდასთვის არ დამიმალავს. ის, ამის გაგონებაზე, ჯერ სახტად დარჩა. შემდეგ გაბრაზდა. მაგრამ ბოლოს სათანადოდ დააფასა ჩემი გულწრფელობა და იმ დღეს ექსტრემალურად ვნებიანი იყო, თუმცა ამაოდ: გაჩენილი ბზარი მხოლოდ ლოგინში ველური აქტიურობით აღარაფრით ამოივსო. შესაბამისად, ჩვენი ინტიმური ურთიერთობა მალე იქამდე დავიდა, რომ მე საერთოდ და ბოლომდე ავურიე.

მშრალი დეკემბრის ერთ სუსხიან დილით, არნოლდ შვარცნეგერის ტერმინატორული მზერით შევდივარ მე ჩემი სახლის მახლობლად, ერეკლეს ქუჩაზე ახალგახსნილ ეგზოტიკური სუვენირების მაღაზიაში. იქ მე უმკაცრესი სახით ვყიდულობ სამი სკანდალისტი ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცისა და სამი აქაურივე ზედმეტად ენერგიული პოლიტიკოსი ქალბატონის საახალწლოდ დამზადებულ კანისფერ რეზინის ნიღბებს და ზარ-ზეიმით მიმაქვს სახლში.

დიდი ხორციელი შეერთებისას ქალების ნიღბებს რიგრიგობით ვარგებ სახეზე გულიკო დეიდას, ხოლო მამაკაცებისას კი, თავად ვიკეთებ მონაცვლეობით. ეფექტი გამაოგნებელია: თვალების ხუჭვა და გულიკო დეიდაზე გაცილებით ახალგაზრდა და მაგარი გოგოების წარმოდგენა სულ აღარ მჭირდება _ ის ვიღაც, რაღაც ასპექტში (სულ სხვანაირსა და აშკარად პოლიტიკურში) უკვე თვალწინ მყავს.

ჰოდა, წარმოიდგინეთ, ყოვლად გატელევიზორებული სამი ქართველი პოლიტიკოსი ქალის ნიღაბწამოცმული გულიკო დეიდა, რომელსაც ხან ერთი პოლიტიკოსი მამრი დასტრიალებს თავს, ხან ამ სფეროში ფრიად რეიტინგული სხვა მოყმე-ვინმე უზომავს სველ სიღრმეებს, და ხანაც მესამე აქტიური გურჯი პოლიტ-მოღვაწე იღებს მის აბსოლუტურ გაფართოვებას საკუთარ თავზე.

ეს ყველაფერი უკვე დიდ გენდერულ მეტა-კრიზისს მოასწავებდა, და სქესთა  შორის ინტიმური ურთიერთობის ტოტალური აბუჩად აგდების მეტს არაფერს ჰგავდა. მით უმეტეს, რომ უკვე იქამდეც კი ვიყავით მისული, რომ ქალების ნიღბებს ხანდახან მეც ვირგებდი და ისე დავჭუკჭუკებდი რომელიმე მამაკაცისნიღბიან გულიკო დეიდას.

დიდი ცვლილებების დრო მოსული იყო. თითქოს უბრალო დაშორება, თუნდაც ერთმანეთისგან თავქუდმოგლეჯით გაქცევა, ორივეს გვიხსნიდა რაღაც სამომავლო საშინელებისგან. ჰოდა, ჩვენც ნაბიჯ-ნაბიჯ, თუ ნიღაბ-ნიღაბ მივდიოდით აქეთკენ, მაგრამ ვინ გვაცალა?! _ ერთ მზენათელ შუადღეს გულიკო დეიდამ სევდიანი სახით გამიმხილა საკუთარი არც მეტი და არც ნაკლები – ფეხმძიმობის შესახებ.

სანამ რამეს გავიაზრებდი, მან სასწრაფოდ დაამატა, რომ როგორც გადავწყვეტდი, სწორედ ისე მოიქცეოდა: ან ჩემი სურვილისამებრ შეინარჩუნებდა ნაყოფს, გააჩენდა ბავშვს და თუ საჭირო იქნებოდა, უჩემოდ გაზრდიდა, ხოლო თუკი ვირზე შევჯდებოდი, აბორტს გაიკეთებდა და ნაყოფს ყოველგვარი დანანების გარეშე მოიშორებდა.

ეს შუადღე კარგად მახსოვს: ჩვენ მუშტაიდის ბაღში ვსეირნობდით. იქვე ვარიკოზული და დავრდომილი მოხუცები ხელისკანკალით აჩლახუნებდნენ დომინოს, ხოლო ირგვლივ ბებერი ჩიტები ხვნეშოდნენ აპოკალიფსურ ხმაზე.

_ ასე უცებ რა გადავწყვიტო? – ვთქვი მე აწურულმა.

_ თორმეტი საათი გეყოფა? – მკითხა გულიკო დეიდამ.

მივხვდი, რომ პასუხი რაც შეიძლება მალე უნდა მიმეცა.

_ მიყვარს ციფრი თორმეტი! – გავიბადრე მე. _ საკრალურია… გაიხსენე თორმეტი ნაფიცი მსაჯული, თორმეტი თვე, თორმეტი მოციქული, თორმეტი განრისხებული მამაკაცი, თორმეტი სკამი… კიდევ რა არის თორმეტი?

_ თორმეტგოჯა ნაწლავი!.. – მიპასუხა გულიკო დეიდამ და მეც ლამის გამოთორმეტებული მზერით შევხედე.

_ ახლა რომელია?.. – დავიხედე საათზე. _ აჰა! აგერ კიდევ ერთი დამთხვევა! ახლა ზუსტად თორმეტია!

_ ჰოდა, ზუსტად თორმეტ საათში, ღამის თორმეტზე დამირეკე! – მითხრა გულიკო დეიდამ ცივად და მკვეთრად გატრიალდა.

სახლში მისული, სარკეში ვიხედები და გული სხვანაირად მეჭყლიტება: სახეზე ახალდამწნილებული ჭარხლის ფერი მადევს. სასწრაფოდ თერმომეტრს ვირჭობ იღლიაში. ორმოცი და ცხრა უკვე ნამეტანია, ამიტომ, მაშინვე საწოლში ვწვები და ეგრევე ვითიშები. სიზმრები, როგორც წესი, საერთოდ არ ვიცი, ან არ მამახსოვრდება, მაგრამ ამ ჯერზე, ძალიან უცნაურ რამეს ვხედავ:

 

 

1 2 3 4 5 6 7