სიზმარში თითქოს მერცხალი ვიყავი, ჩემი ბავშვობის ზამთრის სოფელს თავს დავტრიალებდი. სოფელი თეთრად იყო გადაბარდნილი. მერე რა, რომ მერცხალი ვიყავი, ყველაფერს მაინც ადამიანივით აღვიქვამდი, დიდი სისწრაფით დავშხუილებდი აქეთ-იქით და ზეციურობის ზეციურზე ზეციური შეგრძნება არაფრით მიშვებდა. მერე ჩემი ბებია-ბაბუის სახლს მივაგენი და მისკენ ტყვიასავით დავეშვი. მანძილი სახლამდე თვალის დახამხამებაში მცირდებოდა, მაგრამ ფრენას სისწრაფეს ვერაფრით ვაკლებდი. ერთი პირობა შევშინდი, რომ სახლს მთელი ძალით მივენთხლეოდი და ზედ მივაცივებდი მერცხლურ სულს, მაგრამ არა! სულ რაღაც მეტრები იყო დარჩენილი სახლამდე, ღია სარკმელს რომ მოვკარი თვალი _ იქ ტყვიასავით შესხლეტილი ოთახის სითბომ ისე დამამიწა, მაშინვე იქვე მდგარ ცარიელ, თუმცა კი თბილად გაწყობილ აკვანში ჩავფრინდი  და ვიღაცის მზრუნველმა ხელმა საბანი გადამაფარა, რომელიც რამდენიმე წამში ისევ უკან გადამხადეს. მყის ვიაზრე, რომ აკვანში მოწყვეტით ჩაფრენილი მერცხალი კი არა, უკვე თოთო ბავშვი ვიყავი. ვიღაცის ხელებმა ამიყვანეს და თავისთან მიმიტანეს. ჩემი, უკვე არა-მერცხლური, არამედ ბავშვური მზერით მე ქალის შიშველი და ჩემკენ მოშვერილი ულამაზესი ძუძუ დავინახე, შემდეგ მზერა სახისკენ გადავიტანე და გაკვირვებისგან პირი დავაღე – ძუძუს ავტორს სახეზე იმ სამი ზედმეტად ენერგიული პოლიტიკოსი ქალის რეზინის ნიღბები  ეკეთა. ნიღბები რიგრიგობით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, ქაოტურად იმღვლეოდნენ და ტალღოვნად გადადიოდნენ ერთმანეთში… შემდეგ მომესმა ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის ელენა თევდორაძის პოპულარული ფრაზა:

`სანამ ადამიანის ლიკვიდაციას მოკიდებ ხელს, მანამდე უნდა გააპრტხილო!~

 

ცივოფლდასხმულს მეღვიძება. ვგრძნობ, რომ საწოლში უკვე სხვანაირი ვდევარ. ჩემი მარჯვენა თერმომეტრს პოულობს და იღლიაში ირჭობს. ოცდათექვსმეტი და ექვსი – ამბობს თერმომეტრი. თითქოს მთელმა დღემ ძილში გაიარა, მაგრამ კედლის საათს რომ ავყურებ, ვხედავ, ძილი ხუთ-შვიდ წუთზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა. ტელეფონთან მისული გულიკო დეიდასთან ვრეკავ.

_ გისმენთ!

_ გულიკო დეიდა, მე ვარ. გულიკო დეიდა, იცი რა? გულიკო დეიდა, მე გადავწყვიტე რომ…

_ რა ხმა გაქ, რა არი?

_ გულიკო დეიდა, მე მინდა რომ შენ იყო ჩვენი შვილის დედა და ჩვენ აუცილებლად უნდა დავოჯახდეთ…

_ გითხარი მე შენ, ნუ სვამ ამდენს-მეთქი!

_ მართლა გეუბნები…

მოსიზმრო ხილვაზე არაფერს ვეუბნები.

 

5.

უხმაურო შეუღლების, ანუ მმაჩში ოფიციალური დარეგისტრირების შემდეგ ჩვენ გულიკო დეიდას სამოთახიანში გადავედით. იქ ენითაღუწერელი ლაქიური მოწიწებით დაგვიხვდა იატაკის ყოველდღიური ხეხვით გატაცებული  პიროვნება, გულიკო დეიდას ოჯახის საგვარეულო მსახური, აშკარად ყოველმხრივ   ვადაგასული, აგურისფერთმიანი მოხუცი პაპა კაკო, რომელიც სახით ძალიან ჰგავდა რუსული კარტის აგურის მეფეს. მე გაცნობისთანავე აშკარა სიმპატიებით განვეწყვე მის მიმართ, თუმცა ემოციებად არ დავღვრილვარ, თანაგრძნობით გავუღიმე და ხელი თბილად ჩამოვართვი.

_ პაპა კაკო, ეს ჩემი მომავალი შვილის მამა და უკვე ჩემი მეორე ნახევარია! – ამაყად გააცნო გულიკო დეიდამ პაპა კაკოს ჩემი თავი და მმაჩისკ მოწმობას ცხვირწინ ისე აუფრიალა, თითქოს პაპა კაკოს შუბლზე ბუზი ეჯდა და იმას აფრთხობდა.

_ ისე უხდებიტ ერტმანეტს, შვილებო, როგორც დზაპი და ჩურჩხელა! – მოადგა სალათისფერ თვალებზე ცრემლი პაპა კაკოს და ბებრული უპე კოჟრიანი თითით ამოიმშრალა.

პაპა კაკო მეორე მსოფლიო ომის ირიბი მსხვერპლია. ის წარმოშობით უკრაინელია. მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ფაშისტური “მესერშმიდტები” მიწასთან ასწორებდნენ დასავლეთ უკრაინის სოფლებს, ევაკუაციამ მას თბილისში ამოაყოფინა თავი. ცამეტი წლის დაობლებული კაკუსია დიდსულოვნად შეიფარა გულიკო დეიდას ჯერ კიდევ უშვილო ოჯახმა, ანუ გულიკო დეიდას ბებია-ბაბუამ, და ის მათ პირად მსახურად იქცა.

პატარა კაკოს ჯამაგირის სახით ჰქონდა თბილი ლოგინი სამჯერადი კვებითურთ და ჯიბის ფული მზესუმზირა-ნაყინისთვის. სამაგიეროდ, კაკუსია დადიოდა საყიდლებზე, რეცხავდა ჭურჭელს, გვიდა იატაკს და სათავეში ედგა ოჯახურ „წავიდა-მოიტანა-გააკეთას“. პაპა კაკო ახალი თაობის წამომადგენლების აღზრდაშიც იღებდა მონაწილეობას: ასეირნებდა, ბანდა, აჭმევდა, აძინებდა მათ სიმღერით, უყვებოდა უკრაინულ ენაზე ზღაპრებს (ჯერ გულიკო დეიდას მამა-ბიძა-მამიდას და შემდეგ თავად გულიკო დეიდას). თაობები მიმოდიოდნენ, პატარა კაკუსია კი ნელ-ნელა იქცა ჯერ უბრალოდ კაკოდ, შემდეგ „ძიაძია“ კაკოდ (გულიკოს მშობლებისთვის) და ბოლოს კი, პაპა კაკოდ.

 

6.

ჩვენი დაოჯახებიდან მოყოლებული გულიკო დეიდას საოცარი სისწრაფით დაეწყო მუცლის ზრდა. მე ძალიან ვნერვიულობდი. პაპა კაკო ისევ იატაკის ხეხვით იყო დაკავებული, გულიკო დეიდას ყოველ წამოკვნესაზე წელში სწორდებოდა და მაღლა აშვერილი სველი ტილოთი ხელში რომელიმე ბრძნულ აფორიზმს ღაღადებდა:

_ გველსა ხვრელად ამოიკვანს იენა ტკბილად მოუბარი! – მერე იქვე გულიკო დეიდას მუცელთან იხრებოდა და ენას იჩლექდა: _ ვიხაძი ლასტაჩკა, ია წებე მაიმ სობსტვენნიმ მიოდომ ნაპაიუ!!

როგორც იქნა, მოახლოვდა მეცხრე თვე, ანუ მოლოგინების პერიოდი, მაგრამ პაპა კაკოს ტკბილმოუბრობის მიუხედავად შედეგი მაინც კუბში აყვანილი ნულის ტოლი იყო.

-არ არსებობს! – ნერვიულად დავაბიჯებდი მე სასადილო მაგიდის გარშემო.

-რა არ არსებობს, სოსო? – ჩემი მზერის დაჭერას ცდილობდა გულიკო დეიდა.

-ბავშვია თუ სფინქსი, ვერ გავიგე?!.. რა ამბავია ამდენი ხანი მუცელში ჯდომა?

-ჩვენი შვილი ყველაფერში განსაკუთრებული უნდა იყოს! – მშვიდი ღიმილით მაიმედებდა გულიკო დეიდა.

 

 

1 2 3 4 5 6 7