„ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია,

თურმე ცხოვრება ეს ნიღბების კარნავალია.“

უილიამ შექსპირი

 

ამ ბოლო დროს სულმკვდარი სიმშვიდეა ბინაში. ეს ალბათ იმიტომ, რომ ბოლომდე გამოკეტილს ყველაფერი გამორთული მაქვს. ოთახიდან ოთახშიც ფეხაკრეფით დავიარები. ეგ კი არა, საპირფარეშოს გარეთ კითხვასაც გადავეჩვიე. ეს ახლახანს აღმოვაჩინე! ამასწინათ რომელიღაც პრიალა ჟურნალი გადავშალე და პირველ გვერდს ვერაფრით გავცდი – გონებაში სულ აცა-ბაცა ფიქრები დაჟუილობდნენ. ჟურნალი უკმაყოფილოდ მივაგდე და ტრადიციულად ჩემი ბოლო ექს-პარტნიორის წარმოდგენა ვცადე, მაგრამ დავხუჭე თუ არა თვალი, მის მაგიერ ექს-ტურფების მთელი ფარა წამოვიდა ჩემკენ „კმარას!“ ძახილით. თან ისეთი პირმეხი სახეები ჰქონდათ, “ძმებ ბლუზებში” რომ აქვს ჯეიკის დებილისსახიან საცოლეს. ამაზე მუცელმა ბუყბუყიანი რეჩხი მიყო და ტუალეტისკენ გამაქანა. გზად იგივე ჟურნალი გავიიღლიავე და უნიტაზზე მოკალათებულმა ისე გემრიელად ჩავფურცლე თავიდან ბოლომდე, ერთი არ გამქცევია გონება განზე.

კი ვხვდები – ეს ყველაფერი მიჩვევის ამბავია, მაგრამ უნიტაზით იღლიაში ხომ არ ვირბენ. უნდა გადავეჩვიო! ამ პერიოდს მე კრეტინული კლაუსტროფობიული კარანტინი დავარქვი. თან, ეს ბოლო ხანები ყველანაირი გრძნობისა და ვნებისგან დაცლილი ვარ. არადა, ერთი ნაღდად ვიცი: თუკი ორივე (გრძნობაც და ვნებაც) ერთდროულად გიდუღს, და ისიც ერთი პიროვნების მისამართით, ჩათვალე, რომ შენ მოიგე საგზური მიწიერ სამოთხეში.

ჩვენკენ ეგეთები – დიდი იშვიათობაა. ალბათ ამიტომაცაა საქართველოში მამრების გარე-გარე წანწალი მოდაში: როდესაც გრძნობა არათუ გახუნებული, ბოლომდე გაცრეცილიცაა; ან იმთავითვე სულ არ ყოფილა, ან კიდევ უფრო უარესი –  ფულზე გაყიდული, რაღაც ძონძურ-სნობურ-ანგარებიანი კავშირის მონა-ტყვე ხარ და მორჩა!.. უნებურად მოვარდნილ შმაგ ვნებას კი ამ დროს სად დაიპურებ, თუ არა ვინმე უცხო ტოპ-ტურფასთან და ისიც – შენიღბულად.

ამ მხრივ ჩემზე რა ვთქვა?

პირდაპირ ვიტყვი: ორივეში ერთდროულად არასდროს მიმართლებდა. ანუ, მე როგორიც მინდოდა – ჩემი ჭკუა-გაგების და თან კაი გარეგნობის ცხოვრების გზაზე არავინ შემხვედრია.

იყვნენ ისეთები, საინტერესოებს რომ ეძახიან, მაგრამ ეგეთები იმ „გარეგნობაზე“ ვერ იდგნენ, ველური ვნება რომ გამოეწვიათ ჩემში, და შესაბამისად, მხოლოდ გულითად მეგობარ-ამხანაგების სტატუსით შემოვიფარგლებოდით. არსებობდნენ ისეთები, ყველაფერი თავის ადგილას რომ ჰქონდათ, მაგრამ გრძნობაგამოცლილი ვნება ხომ მხოლოდ ხორცისაა, ტვინ-პროვინციალ გურჯ „ფუტლიარებთან“ საწოლს იქით ურთიერთობა კიდევ რა სპორტია? ეგეთს სად გამოაჩენ, ან ვის ანახებ? ხომ მოგეჭრა თავი ყველას თვალში და ისედაც გაწყალებული სინდისის მწვავე „იჟოგაც“ ზედა გაქვს…

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრებაში თან აზრზე მოსული და პლუს უზადო გარეგნობის არავინ შემხვედრია-მეთქი! უზადოს ვინ ჩივის – აგერ, ჩემი ყოფილი თანამეცხედრეც კი, რომელიც ადრე, პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დაისის პერიოდში, ქრონიკული „ზაპოის“ დროს შემომექორწინა, „ჩაკერებულ“ გამოფხიზლებულზე იმდენად შეუხედავი აღმოჩნდა, იძულებული გავხდი მთელი ორწლიანი თანაცხოვრების მანძილზე აღსაგზნებად ყოველდღე ლიტრიანი წიწაკის არაყი მესვა (საწოლში სხვაგვარად არაფერი გამოდიოდა).

ამან ჩემი მყისიერი გალოთება გამოიწვია. შესაბამისად, მალევე აირია ოჯახური მონასტერიც: ერთ-ერთ რიგით ნაბახუსევზე, როდესაც გარეთ `ვარდების რევოლუციის~ მძაფრი სურნელი ტრიალებდა, გამწარებულმა თანამეცხედრემ რკინისმკვნეტელური სიფათით  მოიკიდა ზურგზე თავისი მულღაზანზარისხელა ბარგი-ბარხანა და ისე გაშპა, პირმშოს ჩასახვამდე არათუ საქმით, ლაპარაკითაც კი არ ვიყავით მისული.

-მოგახალო პირში ყველაფერი?!

-ამხელა ბარგი სად შეაგროვე? ჩემი არ გააყოლო რამე!

-შენ ხარ ერთგანზომილებიანი ეგოისტი მანიაკი!

-ბარემ მაცივარიც წაგეღო!.. გაფუჭებულია მაინც…

-ნარცისი-ლოთი-იდიოტი!

-სად გარბიხარ?.. წვიმს გარეთ! აგერ გაზეთი დაიფარე… არა! ეს ახალია! აი ეს წაიღე!

-წავედი მე! მადლობა იმისთვის, რაც დრო მაკარგინე! ვინ ჯანდაბამ დამწყევლა, ღმერთო, ვინ?!

 

 

1 2 3 4 5 6 7