ასე მაგალითად, გულიკო დეიდამ ცხვირის, ტუჩების და მკერდის ოპერაცია გაიკეთა და ერთი-ოცჯერ გადაუსწრო გარეგნობით ჩვენი ეზოს მახინჯებსა და ლამაზებს. დღეს ის მიუსაფარ მოხუცებსა და ობოლ ბავშვებს ეხმარება, ჰყავს პირადი ჯმუხი მძღოლი თამაზო, რომელსაც საეჭვოდ უჯდება ხოლმე მუდამ წინ, მაგრამ სამწუხაროდ მე ვერაფერს ვამბობ, იმიტომ რომ თამაზო მართლა ძალიან ჯმუხი და სქელძვლიანია.

რაც შემეხება მე – წვერი და თავი იულ ბრინერის სტილში გადავიპარსე, სამაგიეროდ მოვუშვი ბლანჟე, პირში ბზისგან გამოთლილი ჩიბუხი გავირჭე, ხელჯოხი მივიჩვიე და ორბორტიანი საკლუბო ლურჯი პიჯაკი ძალიან მოვიხდინე. მას შემდეგ დავდივარ ქუჩებში  დინჯად, დარბაისლურად და შეთქმულ-განდობილის ღიმილით, რითაც მაშინვე ქერქეტ გამვლელთა ყურადღებას ვიპყრობ _ ახალი სამოსი, უახლესი იმიჯი და ჯიბეში მსუყე თანხა ხომ სხვანაირ ხიბლს აძლევს ადამიანს.

იმ სამი ზედმეტად ენერგიული ქართველი ქალი-პოლიტიკოსისა და სამი სკანდალისტი ქართველი პოლიტიკოსი-მამაკაცის სპეც-ნიღბები არც კი მახსოვს რომელი დიდი შეერთებისას მოვიხმარეთ უკანასკნელად. სამაგიეროდ, ამ ბოლო დროს დაჟინებით ვფიქრობ სპეც-ბუტიკის გახსნაზე, სადაც მხოლოდ მსგავსი ნიღბები გაიყიდება და ფსიქოსექსუალური პრობლემებით გათანგული არაერთი წყვილი ნახავს მათი დახმარებით შვებას. დასამზადებელი ნიღბების სია ჩამოწერილი მაქვს. არეალიც შესაბამისად  გავაფართოვე. სია პლანეტის ყველაზე ცნობილი, მსოფლიო კალიბრის პოლიტიკოსებისგან შედგება. მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ სამომავლო გეგმაა, რომელსაც სწორი მარკეტინგ-მენეჯმენტი ჭირდება და მერე წარმატებაც აუცილებლად მოვა. ესაა და ეს.

 

(და სინამდვილეში)

 

საპირფარეშოს იატაკზე მიგდებული ვახელ თვალს. თავიდან ისევ რომელიღაც სიზმარში მგონია თავი, მერე მეტლახის აშკარა, სიპ და სველ  სიცივეს ვგრძნობ და საპირფარეშოს თვალიერებას ვიწყებ.

პირველი, რასაც ვხედავ, იატაკზე მიმოფანტული, შავ-თეთრ ფოტოებიანი სექს-კარტია. ფოტოებზე გამოსახულ შუა ხნის ქალებს კვლავ რეტროს სტილში აცვიათ. ანდა სად აცვიათ – უფრო რეტროს სტილში არიან გახდილები. ეს ისევ ის დენიკინის დროინდელი ტიტველი დედაკაცების კოლექციაა: მძივებით დაჩუნჩხლულებს თავზე ბაფთიანი ქუდები ახურავთ და ძალიან პომადიანი, თხელი ტუჩები აქვთ. ისევ მახსენდება, რომ ეგეთი ქალები ჩარლი ჩაპლინის კინოებშია უხვად, ოღონდ იქ შემოსილები არიან, აქ კიდევ ბევრი არაფერი მოსავთ: მხოლოდ ორნამენტებიანი ჩულქი ფეხზე, ეს ფეხი რამე ჩუქურთმოვან სავარძელზე ნებივრად შემოდებული, ცალ ხელში გრძელი მუნდშტუკი, ხოლო მეორეში მარაო.

ძლივს ვდგები და სარკეში ვიყურები. წვერი მომზრდია. მერე ვგრძნობ, რომ მარჯვენა ხელში რაღაც მიჭირავს – ვიხედები და მოკუჭულ ერთ ცალ კარტს ვხედავ. სასწრაფოდ ვშლი, ვასწორებ და დავყურებ: იქიდან სანახევროდ ჩაცმული დამა გული შემომცქერის…

ჩემი გულიკო დეიდა, ვისთან ერთადაც ამდენი რამ, ფაქტობრივად მთელი “იქაური” ცხოვრება გადავიტანე. გული სულ სხვანაირად მიძგერს. მერე, უცებ, იგივე გული ძალიან მიჩუყდება _ მუხლებზე სასწრაფოდ დავარდნილი საპირფარეშოს ნესტიან მეტლახზე მიმობნეული კარტის სათითაოდ შეგროვებას ვიწყებ, საჰაეროდან კი წვეთ-წვეთ ჩამოდის და ირგვლივ გუბდება მეზობლად ერთდროულად ჩართულ რადიო-ტელევიზორებში ქართველ პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა ბრძნული ყიჟინა:

 

`…დღეს წვიმა და ათასგვარი პროვოკაციაა მოსალოდნელი…~

`ეჭვმიტანილი დააკავეს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ცოცხალია თუ მკვდარი…~

`როგორ გრძნობს თავს გარდაცვლილი პოლიციელი?..~

`დაღუპულთა შორის ინფორმაცია არ ვრცელდება…~

`პარლამენტი ფეხზე ადგომით უნდა აუდგეს ამ ბავშვებს…~

`მოხდა კანცელარიის ევაკუება…~

`ვიდრე ყველა ქართველს არ ექნება ერექცია აფხაზეთთან მიმართებაში, მანამდე არაფერი გვეშველება!..~

`ფერეიდანელი ქართველები 300 წელია სულიკოს მღერიან!..~ 

`მალე მსოფლიო ბანკმა ტრანში უნდა მოგვცეს და ხელფასებსაც დაგირიგებთ…~

`ამ უბნებში განხორციელდება ელექტროენერგიის მიწოდების არშეზღუდვა…~

`ჩვენ გვეხმარებიან წითელი ჯვარი და ასევე სხვა ჯვრები…~

 

თვალდახუჭულმა უნდა ავჩეხო კარტი ისევ სამჯერ, შემდეგ ძალიან ფრთხილად ამოვატრიალო ზემოდან მოქცეული და:

იქნებ, ისევ დამა გული ამოვიდეს, ღმერთო…

იქნებ და, ყველაფერი თავიდან დამიბრუნდეს, ღმერთო…

…სადა ხარ ჩემო გულიკო?

 

 

 

1 2 3 4 5 6 7