როგორც კი აგული ჰიმნის სიმღერას ასრულებდა, ყველაფერი ისევ უბადრუკდებოდა. ირგვლივ მაშინვე შავზე მუქი დეპრესია ისადგურებდა – მცენარეები ერთბაშად იწყენდნენ, ხოლო რამდენიმე წამის წინ აცუნდრუკებული მასწავლებლები ახლა ხაზგასმული ამრეზით იმზირებოდნენ განზე. საბავშვო ბაღის გამგე როზაც ისეთი ავი ლაწანით ხურავდა როიალს, რომ სკამ-მაგიდებქვეშ შემძვრალი ბავშვები ერთდროულად იფსამდნენ და ერთხმად იწყებდნენ გულსაკლავ ტირილს. რომელი მშობელი გაუძლებდა ამ სანახაობას?

ამიტომაც, ჩვენი აგული ძირითადად სახლში იზრდებოდა. სამსახურში წასვლისას ჩვენ მას პაპა კაკოსთან ერთად ვკეტავდით და აგულიც ბავშვობიდანვე ეზიარა თავისებურ დამოუკიდებლობას.

_ ონ ნოვიი მესია, მამა! – შემოგვღაღადებდა პაპა კაკო სახლში მიბრუნებულებს და სველი ტილოთი ხელში პეპელასავით დაფარფატებდა. აგულის სიმღერამ ისიც უკიდურესად შეცვალა. ფაქტობრივად ასაკისგან ჩამქრალი მოხუცი თვალსა და ხელს შუა გაჯეელდა და ისეთი მონდომებით ხეხავდა იატაკს, ხანდახან შიშიც კი გვეუფლებოდა, საერთოდ არ გაეცვითა და ქვემო მეზობლის ბინაში არ აღმოვჩენილიყავით ყველანი ერთად.

აგული ექვსის რომ გახდა, მე და გულიკო დეიდამ საჩუქრად “ჟილეტის” სამპირიანი საპარსი ვუყიდეთ თავისი ქაფით და მისი მოხმარების ინსტრუქციაც გავანდეთ. სიხარულისგან გაბადრული აგულის დანახვაზე გულიკო დეიდას თვალზე ცრემლი მოადგა და აქვითინდა. მე გულიკო დეიდას ლოყაზე ვაკოცე, ცრემლი მოვწმინდე და დავამშვიდე. აგულიმ მადლობის ნიშნად ისევ საქართველოს ჰიმნი გვიმღერა.

წვერის პარსვა ჩვენმა ნიჭიერმა აგულიმ მალევე ისწავლა და ამ სფეროში ისეთ სიმაღლეებს შესწვდა, როგორიცაა იღლიების, ფეხების, მკლავების, გულმკერდის და ზურგის დამოუკიდებლად და საქართველოს ჰიმნის სიმღერით პარსვა, მაგრამ მისი მთავარი შედევრი მაინც თავიდან ფეხებამდე გაპარსული ჩვენი მსახური პაპა კაკო იყო, რომელმაც სირცხვილისგან აღარ იცოდა რომელი საწოლის ქვეშ დამალულიყო. ადრინდელი ღვაწლის მიუხედავად გულიკო დეიდამ ასეთი პაპა კაკო ვეღარ აიტანა, უხეში წიხლი ჰკრა ოჯახურ ტრადიციას და მოხუცი მსახური ბინიდან გააძევა. სამაგიეროდ, გარეთ გაგდებული სრულიად გასლიკინებული პაპა კაკოს დანახვაზე სამუდამოდ აორთქლდნენ ჩვენი ეზოდან ყოვლად უჯიშო ძაღლები, უპატრონო კატები და მსუქანი ვირთხები.

პაპა კაკო შორს არსად წასულა. დასავლეთ უკრაინას ის საერთოდ აღარ ახსოვდა, აქ კი წასასვლელი არსად ჰქონდა – შიშველმა ჩვენი სადარბაზოს ნესტიან სარდაფშივე დაიდო ბინა და ეზოში სათამაშოდ ჩასულ აგულის ოთხზე მდგარი ხშირად უწევდა კომპანიონობას.

ამ კურიოზული დუეტის დანახვა ერთიანად ძაბავდა მეზობლობას, მაგრამ იწყებდა რა პაპა კაკოზე შემომჯდარი აგული საქართველოს ჰიმნის პოლიფონიურ შესრულებას, მათ ეს დაძაბვა ეგრევე გასდიოდათ და ყველას ეროვნული ნეტარება აღებეჭდებოდა სახეზე. დაასრულებდა თუ არა აგული ჰიმნს, ყველა მეზობელი ერთბაშად მყრალდებოდა და უკმეხ წამოძახილებსაც არ იშურებდნენ აგულისა და პაპა კაკოს მისამართით.  ყველაზე ისტერიულებმა რამდენჯერმე სცადეს ჩვენი ყოფილი მსახურის მოწამვლა, მაგრამ ის ვერანაირმა საწამლავმა ვერ იმსხვერპლა, უფრო პირიქით: დაყრილი საწამლავის დამსახურებით პაპა კაკო ერთი-ოთხად გასივდა, სხეულიც აგურისფერი ბეწვით დაეფარა და კიდევ უფრო საზარელი შესახედი შეიქნა. ჩვენმა აგულიმაც ისარგებლა რა ძველი მეგობრის ასეთი გარეგნული ცვლილებით, ეზოში ჩასული უკვე არათუ მასზე შემოჯდომასა და მთელ ხმაზე საქართველოს ჰიმნის სიმღერას, არამედ თან ჯირითსაც არ თაკილობდა. “არანორმალურების ოჯახი…” _ ხშირად გვესმოდა ღია ფანჯრიდან მეზობლების უკმაყოფილო კრიახი, რაც იმას მოასწავებდა, რომ ეს პაპა კაკოზე ამხედრებული აგული დაჯირითობდა და ნერვებზე შლიდა ფანჯრიდან სარეცხის გასაფენად გადმოყუდებულ კორპუსის რომელიმე ბინადარს.

მე და გულიკო დეიდას ძალიან გვრცხვენოდა, მაგრამ გამოსავალს ვერ ვპოულობდით:Uაგულის ეზოში ჩასვლას ვერ დავუშლიდით, რადგან მთელი დღე ისედაც სახლში გვყავდა გამოკეტილი. ვერც პაპა კაკოს ვუზამდით რამეს – ჯერ ერთი რომ, მისი უკვე ძალიან გვეშინოდა, და მეორეც კიდევ, ეს ჩვენი აგულის რისხვას გამოიწვევდა. აქედან გამომდინარე, ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსავალი არ ჩანდა.

გულიკო დეიდამ მოიწყინა, ისევ ეკლესიაში დაიწყო სიარული და საკუთარი სიმაღლის სანთელიც კი დაუნთო იესოს ხატს. მე მაღალგრადუსიან ალკოჰოლს მივეძალე და მჭიდროდ დავუახლოვდი მტკვარზე გადაყუდებულ სევდიანსახა მეთევზეებს. მეგობრობამ ის ქნა, რომ ერთ-ერთი მათგანი თავისი სათადარიგო ანკესით მათევზავებდა ხოლმე. თევზს მეც ვიჭერდი, ოღონდ მეთევზეებისგან განსხვავებით დაჭერილს ერთს ჩავხედავდი თვალში, შევთხოვდი სიტუაციის გამოსწორებას, და ისევ უკან ვუშვებდი.

არ ვიცი, გულიკო დეიდას ვედრება შეისმინა ღმერთმა, თუ ჩემი – ერთ-ერთმა კეთილმა თევზმა, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერს აეხსნა ჯადო: _ ერთხელაც, სახლში გვიან მობრუნებულს, ეზოდან სხვანაირი ჩოჩქოლის ხმა მომესმა. მაშინვე ვიგუმანე, რომ ის ჩვენს აგულის უკავშირდებოდა და არ შევმცდარვარ.

ჩვენს ეზოს წამყვანი ტელე-არხის გადამღები ჯგუფი სტუმრობს და პაპა კაკოზე ამხედრებული აგულის შესახებ სიუჟეტს იღებს.

_ ხომ ვერ გაიხსენებდით რომელიმე კურიოზს თქვენი ცხოვრებიდან?! – საყვარლად ბურცავს სილიკონით დაბერილ ტუჩებს ცნობილი ტელე-ჟურნალისტი იამზე ვირთაგვავა და სქელ მიკროფონს ლამის რიგრიგობით უდებს პირში ხან ჩვენს აგულის და ხანაც პაპა კაკოს.

_ ამაზე ძიძი კურიოზი რაგა გინდა, ბოჟე მოი?! – ბრაზობს ოთხზე მდგარი პაპა კაკო. _ გაიცი გოგო იკეტ და ნუ მალოკინებ მაგ ბინდზურ მიკროპონს!

იქვე მეზობლებიც შეყრილან და სახემომტკბარები იძლევიან ინტერვიუს ინტერვიუზე ჩვენი აგულისა და პაპა კაკოს უნიკალურობის შესახებ.

სიუჟეტი იმ საღამოსვე გავიდა ტელე-შოუს ეთერში და ჩვენი აგული პაპა კაკოსთან ერთად უმალ უბნის სიამაყედ იქცა. მალევე აჭრელდა ქალაქის ტუტრუცანა ჟურნალები ამ დუეტის ფოტოებით. ეგ კი არა, რამდენჯერმე მე და გულიკო დეიდასაც კი ჩამოგვართვეს ინტერვიუ და ჩვენც გამოგვჭიმეს პერიოდიკის ფურცლებზე. აგულის ხომ საერთოდ არ ასვენებდნენ: დაათრევდნენ სხვადასხვა სნობურ საღამოებზე. ის და პაპა კაკო ნაირ-ნაირ პოლიტიკურ ტოქ-შოუებშიც იღებდნენ მონაწილეობას, რომელბშიც პაპა კაკოზე ამხედრებულ  აგულის საპატიო სტუმრის რანგში იწვევდნენ.

სულ მალე ერთ-ერთმა სახალხო ტელე-შოუმ მათთან საკმაოდ სარფიანი კონტრაქტიც გააფორმა. მათ გამოსვლებს, რომელშიც აგული საქართველოს ჰიმნს მღეროდა, ხოლო პაპა კაკო ქართულ აფორიზმებს ქადაგებდა უკრაინული აქცენტით, უამრავი მაყურებელი მიჰყავდა შოუში სიცილით გულყრამდე.

სულ მალე ერთ-ერთმა ტრიკოტაჟის ფაბრიკამ აგულისა და პაპა კაკოს სურათებიანი მაისურების, ქუდების და ქვედა საცვლების წარმოება დაიწყო. შემოსავლის წილი ჯერ აგულისა და მისი კომპანიონის ჯიბეში მიდიოდა, იქიდან კი, რა თქმა უნდა, ჩვენსაში ინაცვლებდა. შესაბამისად, აგულის პოპულარობა მალე დაეტყო ჩვენს ჩაცმულობას და გარეგნობასაც.

 

 

1 2 3 4 5 6 7