***

უკვე ახალი, ნაციონალური ხელისუფლების პერიოდში, სუსტი სქესის რამდენიმე „არაუშავსგარეგნობის“ წარმომადგენელთან ვცადე ინტიმური ურთიერთობის აწყობა, მაგრამ მათ, ჩემდა სამწუხაროდ, მხოლოდ ურთიერთობის ოფიციალურ კალაპოტში გადალაგება ანუ გათხოვება სურდათ, როდესაც მე ოდენ ჯანმრთელი და ველური ვნება მჭირდებოდა, ისიც კვირაში მინიმუმ ორჯერ მაინც.

-გამო რა, ლიკ!

-გიმეორებ! მე ქალი გამოძახებით არ ვარ, როცა აგიდგება, მაშინ რო გახსენდები!!!

-იქნებ რამეც ამოიყოლო თან!

-და სულ არ მჭირდება საზოგადოების თვალში ლაფში ამოვსვარო ჩემი სახელი!

-რა ლაფი, ლიკ?.. სულ გააფრინე?!

-მდგრადი ოჯახური მდგომარეობა შენ არ გინდა და არაფერი!

რა უნდა მექნა? ან რა მემდგრადებოდა ასეთს?.. სტაბილურ-შემოსავლიანი სამსახური, ანუ თავისუფალი ფულიც არ იყო, რომ სადმე საუნაში გავმძვრალიყავი ხოლმე და იქ დამეცხრო მოძალებული ვნებები.

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღესაც, ცხოვრებაზე საბოლოოდ აჭრილმა, გადავწყვიტე უბრალოდ მიმეფურთხებინა ყველაფრისთვის და ფსიქოსექსუალური პრობლემები, როგორც ყმაწვილობისას, მარცხენა ხელის დახმარებით (ცაცია ვარ), მარტივად მომეგვარებინა.

წინასწარ ვიტყვი, რომ ამ ხერხმა, რომ არ ველოდი ისეთი ნაყოფი გამოიღო. შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ აქ გარდაიხსნა ჩემში პირადი მეცხრე ცა და ათვლა დაიწყო ცხოვრების სრულიად ახალმა ეტაპმა. ეს მართლა უზარმაზარი აღმოჩენა იყო.

უფრო დაწვრილებით რომ ავხსნა:

მოგეხსენებათ, მარცხენა ხელით „ჩუკენობა“ (მასტურბირება) პირდაპირ კავშირშია წარმოსახვით რეალიებთან. ისიც გეცოდინებათ, რომ როდესაც ამ „საქმით“ ხარ დაკავებული, როგორც წესი, აუცილებლად კონკრეტული პროექცია, ანუ წარმოსახვითი სივრცე და ობიექტია საჭირო გონებაში, რომელზეც იღებ სწორებას. მეც, ზედმეტად რომ არ გადამეტვირთა ტვინი, ჩავიდინე ყველაზე იოლი:

ნოემბრის ცნობილი პოლიტიკური აქციებისას, ძლივს დავაღწიე თავი დიდ საპროტესტო მსვლელობას რუსთაველის გამზირზე, გამოვეყავი ხალხის მორევს და მშრალ ხიდზე ჩასულმა კაი ხანს ვიბორიალე ხარახურით გაძეძგილ რიგებს შორის. ჩემდა სამწუხაროდ აქაც პოლიტიკაზე მიდიოდა ურა-პატრიოტული სჯა-ბაასი. ამის გაგონებაზე პროტესტის ნიშნად ყურები დემონსტრაციულად დავიცე თითებით და ასე ჩამოვუყევი გამოფენილ წვრილმანს. ხალხი, როგორც შეშლილს, ისე მიყურებდა, პოლიტიკური რია-რია კი გამყიდვლებს შორის აქაც არ ცხრებოდა. ამას უკვე თვალებით ვხედავდი. თვალდახუჭული და ყურდაცობილი აშკარად ვერ ვივლიდი. ამიტომ,  გაბოროტებულმა არჩევანი სასწრაფოდ ძველისძველ სექს-კარტზე შევაჩერე, უცებ გადავიხადე გადასახდელი, დასტა გულისჯიბეში ჩავიგდე და სირბილით ავვარდი სახლში.

ეს იყო უამრავ ხელში გამოვლილი, შავ-თეთრ ფოტოებიანი გაქუცული კარტი: შუახნის ქალებს ფოტოებზე რეტროს სტილში ეცვათ. ანდა სად ეცვათ – უფრო რეტროს სტილში იყვნენ გახდილები. მოკლედ, დენიკინის დროინდელ ტიტველ დედაკაცთა კოლექცია იყო: მძივებით დაჩუნჩხლულებს თავზე ბაფთიანი ქუდები ეხურათ და პომადიანი, თხელი ტუჩები ჰქონდათ. ეგეთი ქალები ჩარლი ჩაპლინის კინოებშია უხვად, ოღონდ იქ ჩაცმულები არიან, აქ კიდევ: მხოლოდ ორნამენტებიანი ჩულქი ფეხზე, ეს ფეხი რამე ჩუქურთმოვან სავარძელზე ნებივრად შემოდებული, ცალ ხელში გრძელი მუნდშტუკი, მეორეში _ მარაო.

ვერაფერს შევცვლიდი. უფრო იმიტომ, რომ ქვეყნის მასობრივი გამოპოლიტიზებისგან დანევროზებულს სხვა კარტის, ან მსგავსი ჟურნალის ძებნის თავი ნამდვილად აღარ მქონდა. ამიტომ ბედს უსიტყვოდ დავემორჩიელე: შევედი საპირფარეშოში, კარტი თვალდახუჭულმა სამჯერ ავჩეხე და  ზემოდან მოქცეული ამოვატრიალე და დავხედე:

პირველივე ჯერზე დამა გულთან მქონდა საქმე.

 

 

(და თვალდახუჭული საქმეს შევუდექი)

 

 

მე და დამა-ქალის ასაკში მყოფი გულიკო დეიდა საერთო ნაცნობის დღეობაზე რამდენიმე დამთხვევის გამო ვაქცევთ ერთმანეთს ყურადღებას:

ჯერ ერთი, რომ სუფრაზე გვერდი-გვერდ სკამებზე აღმოვჩნდით. მეორეც ერთი, მალევე ვამჩნევთ _ მხოლოდ ჩვენ ორნი არ ვართ გამოწყობილები თავიდან ფეხებამდე შავებში. მესამეც, მხოლოდ ჩვენ ორს გვიყირავდება ჭიქები სუფრაზე, რის პასუხადაც, უმალ ისმება ამ ქვეყნიდან უდროოდ წასულთა სადღეგრძელო.

მეოთხეც ერთი, ამდენ გამოშავებულ ხალხში, მხოლოდ ჩვენ ორს გვიცვივა ძირს ჩანგლები, რის პასუხადაც კარზე ზუსტად ორჯერ ირეკება ზარი. მასპინძელს ორივე ჯერზე იმ დროისთვის დამახასიათებელი _ მარად ოპოზიციურად განწყობილი ფსიქოპატი სტუმარი შემოჰყავს სუფრაზე და მალევე იწყება უჟღალესი ყიყინი პოლიტიკაზე. მეხუთეც ერთი, ორივეს რიგრიგობით გვიტრიალდება სამარილეც. ეს უკვე მეტისმეტია.

_ ოღონდ ჩვენც ამეებივით ნუ!.. – ვერ ვითმენ მე.

_ არ მჯერა მე ეგეთი ამეების და რამეების! _ იღებს გულიკო დეიდა ჟელეს მთრთოლვარე ნაჭერს.

_ თქვენი სახელი? – ვეკითხები ინტერესით.

_ გულიკო დეიდა!.. თუ არ შეწუხდები, შუ მომაწოდე! _ მაშინვე შენობითზე გადადის გულიკო დეიდა და დამთხვევების `მეექვსეც ერთიც~ იქვე ცხვება: ნამცხვრებიანი ლანგრისკენ ელიფსურად გადახრილი ყველაზე მეტდ აფუებულ შუს ვწვდები. პატივცემული შუც თითქოს გრძნობს რაღაც სამომავლოდ მნიშვნელოვანს, მიწოდებისას ჰაერში უტიფრად იხსნება და გულიკო დეიდას გულამოღებული კრემისფერი კაბა კრემით ესვრება. დაბნეულს ხელი ხელსახოცისკენ გამირბის, მაგრამ გულიკო დეიდა, რა თქმა უნდა, არ მიშვებს გემრიელად მოთხვრილი გულისფიცარის მოსაწმენდად, და მე მას სახლში ვაცილებ.

 

1 2 3 4 5 6 7