(რომანი)

დასაწყისი

   

მოედნიდან რომ მთისკენ აუყვები ვიწრო ქუჩებს, ერთ მთისძირა შუკაში შემთხვევით შეიძლება გადაეყარო კედლებზე ცარცით მიჩხაპნილ ისრებს, რომელიც იწყება ნიკოლა გიჟის სახლის სადარბაზოდან და მთავრდება ზოიას მაღაზიის ჩასასვლელ კიბესთან: ერთი ეგ მინიშნება არსებობს პლანეტაზე და კიდევ რამდენიმე იმუბნელის ტვინში დაფიქსირებული მიმართულება, „მარშრუტი წმინდა სიღატაკისა“, როგორც მაღაზიის ერთ-ერთი კლიენტი, მოწოდებით მწერალი, იტყოდა ხოლმე, თუმცა თავადაც კარგად უწყოდა, შიმშილზე ბინძური რომ არაფერი არსებობდა ქვეყანაზე, რომელსაც საკუთარი, მკაცრი და იოლი, სამყაროსავით ძველი და მარადიული წესები გააჩნდა და არაფერი ჰქონდა საერთო დანარჩენი, მაძღარი კაცობრიობის ზნეობრივ პრინციპებთან და მორალთან. რომ: შიშილს თავისი ღმერთი ჰყავდა. თავისი ლოცვა ჰქონდა. რომ სხვა იყო შიმშილის ღიმილიც და კბილთა ღრჭიალიც სხვა იყო. მშვენიერებაც სხვა ჰქონდა შიმშილს და სხვა ჰქონდა სიყვარულიცა: უბრალო და სასტიკი ჰქონდა ყველაფერი შიმშილს და იცოდა ეს მწერალმა. ამიტომაც, ხანდახან, კონსერვს და პურს ისე იპარავდა ზოის მაღაზიის დახლიდან, რომ თავს არ იმძიმებდა სინდისის ქენჯნით, რამეთუ, არც სინდისი გააჩნდა შიმშილს…

ვიგო

ვიგომ დილის შვიდ საათზე გაიღვიძა. როგორც ყოველთვის, ცოტა ხანს იწვა და საკუთარ თავს აიმედებდა, ახლა რომ ასე კარგად ვგრძნობ თავს, იქნებ მთელი დღე გამიგრძელდესო. იქნებ, სულ არ მომცეს ეს დედააფეთქებული პახმელიაო. თან პულსიც ნორმალური ჰქონდა და არც პირის სიმშრალე აწუხებდა. ფრთხილად წამოდგა, მკვეთრ მოძრაობას რომ მორიდებოდა, რადგან სადღაც მოისმინა, სწორედ დილით კვდებაო ადამიანი ყველაზე ხშირად. ოცდათორმეტი წლის იყო ვიგო, მაგრამ ოთახში უკვე სიბერის და მარტოობის სუნი იდგა. სააბაზანოში დიდხანს შეჰყურებდა სარკეში საკუთარ თავს და ფიქრობდა – მართლა რა მაგრად ვგავარ ვიგო მორტენსენს. და ვიგო მართლაც ძალიან ჰგავდა ვიგო მორტენსენს და ამიტომაც დროდადრო ეპიზოდურ როლებში ათამაშებდნენ ხოლმე წყალწყალა ადგილობრივ ფილმებში თუ სერიალებში, და ნელნელა ვიგომაც დაიჯერა, დიდი მსახიობი რომ იყო და თავად კი არა, სწორედ ვიგო მორტენსენი ჰგავდა მას. ვარცხნილობაც და წვერიც ზუსტად ისე დაეყენებინა, როგორც მორტენსენს ჰქონდა „ბეჭდების მბრძანებელში“, და სიფხიზლის ჟამს პრესის ვარჯიშებსაც აკეთებდა გამწარებული, ბებრული, გამობზეკილი მუცელი რომ კუთხოვან პრესად გადაექცია, თან ვარჯიშის დროს ფრთხილობდა და ბოლომდე არასდროს იღლებოდა, რადგან სადღაც ისიც გაეგონა, სწორედ ვარჯიშის დროს კვდებაო ხშირად ადამიანი. სააბაზანოდან რომ გამოვიდა, მაგიდაზე ცარიელ არყის ბოთლს მოჰკრა თვალი, უცებ აუვარდა თითების კანკალი და კეფა გაუხურდა. ბოთლიდან ძლივს ჩაიწურა ყელში შიგ ჩარჩენილი რამდენიმე წვეთი, შემდეგ კი სწრაფად ჩაიცვა და ზოის სარდაფისკენ გაუყვა გზას.

ადრე მეგობარ ძაღლთან ერთად ცხოვრობდა ვიგო, ქუჩაში უძაღლოდ იშვიათად გამოდიოდა და ახლაც უხერხულად მიიქნევდა იმ ხელს, რომლითაც ძაღლის საბელი ეჭირა ხოლმე, თან მთელი არსებით შეიგრძნობდა ვიზუალური არეალის არაკომფორტულობას და ხინჯს, როდესაც მასში ვერ ხედავდა სმიტის, თავისი ჰასკის ჯიშის ძაღლის აფშეკილყურებიან თავს… წლინახევრის იყო სმიტი, სახლში რომ მოიყვანა ვიგომ და უკვე ისე შეჩვეოდა საკუთარს სახელს, გადარქმევას აზრი აღარ ჰქონდა, თუმცა ერთხანს ვიგო მაინც ინგმარს ეძახდა ჯიუტად, თავისი საყვარელი რეჟისორის სახელს. ჩაუცუცქდებოდა მთვრალი, ყურებზე წაავლებდა ხელს, ჭკვიან თვალებში ჩააშტერდებოდა და უმეორებდა: ინგმარ. ინგმარ. შენ გქვია ინგმარი. მაგრამ ძაღლმა უკვე უწყოდა, რომ ინგმარი კი არა, სმიტი ერქვა, და თან ვერ იტანდა არყის სუნს, მაგრამ კეთილშობილი ძაღლი გახლდათ და მოთმინებით ელოდებოდა, როდის გაუშვებდნენ ხელს ყურებზე, და მოხმობითაც კვლავ მხოლოდ საკუთარი ლეკვობის სახელით თუ მოიხმობდა ხოლმე ვიგო. მოკლედ, ასე თუ ისე, შეეწყვნენ ერთურთს ვიგო და სმიტი. ვიგო ისე მძაფრად აღარ შეიგრძნობდა საკუთარ მარტოობას, ლოთი და არაფრისმაქნისი კაცის სტატუსი უმწეობის და უნიათობის განცდას აღარ ჰგვრიდა ისე ძალიან, და სმიტს რატომ უნდა მოსწონებოდა ვიგო, მხოლოდ ალაჰმა უწყის, მაგრამ სმიტს მოსწონდა ვიგო და ხანდახან, როცა ვიგო საწოლიდან ვერ დგებოდა, ტუალეტში გასვლის ძალაც აღარ ჰქონდა და პარალიჩიანივით, გამუდმებით ძაგძაგებდა, სმიტი მოკიდებდა კბილებს პარკს, თათით ჩამოსწევდა კარის სახელურს და ზოის სარდაფში მიდიოდა საყიდლებზე, ღიად დატოვებულ კარში კი ყოველთვის შემოძვრებოდა რამდენიმე იმუბნელი კატა, რომლებიც კატური, უტყუარი ალღოთი გრძნობდნენ სახლის პატრონის უმწეობას და სახლში საფრთხის არარსებობას და ვიგოს საწოლის გარშემო დარბოდნენ ეშმაკებივით სასუსნავის მოსაძიებლად, ვიგოს კიდევ კატები თეთრი ცხელების ჰალუცინაციები ეგონა და უმატებდა ძაგძაგს, ახლა უკვე შიშისაგან. ბოლოს სმიტი ბრუნდებოდა მაღაზიიდან, კატები გარბოდნენ, ვიგო ძლივს წამოიწელებოდა და კარის ჩასაკეტად მიდიოდა, რადგან სმიტი ჭკვიანი ძაღლი კი იყო, მაგრამ ჯერჯერობით არ ფლობდა კარის ჩაკეტვის ტექნოლოგიას. შემდეგ ვიგო ამოალაგებდა ჩანთითან პურს, კვერცხებს, (რომელიც სიკვდილამდე ეზიზღებოდა), სიგარეტს, მინერალურ წყალს და ქაღალდში გახვეულ მონადირულ ძეხვს, ქაღალდზე კი ეწერა: „პური – 80 თეთრი. სამი კვერცხი – 90 თეთრი. ბორჯომი – 1 ლარი. სიგარეტი – 2 ლარი და 50 თეთრი. შენს ნისიას მივაწერე და იმედია ოდესმე გადაიხდი. ძეხვი – სმიტს საჩუქრად. ნუ სვამ ამდენს.“ და ვიგოს მადლიერებით ევსებოდა გული, რომ არსებობდა პლანეტა დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც იმედი ჰქონდა, ვიგო ოდესმე გადაუხდიდა ვალს. შემდეგ ჩართავდა ლეპტოპს, ააჯანჯღარებდა ბორჯომის ბოთლს, გაზი რომ გასვლოდა, შედიოდა ფეისბუქში და თან სმიტის წილ მონადირულ ძეხვს ილუკმებოდა. სმიტს კი ეუბნებოდა: შენ ხომ მაინც ყველაფერს ჭამ, მეგობარო. სმიტი იქვე იწვა, პატრონს დამცინავად უყურებდა და არ სწყინდა, რამეთუ იგი მართლაც ყველაფერს ჭამდა. ხახვსაც კი. ვიგო ფეისბუქზე ლამაზი გოგონების და საკუთარ ფოტოებს ათვალიერებდა, სადაც იგი ხან ცნობილ კინორეჟისორთან ხელგადახვეული იდგა და კბილებს აელვარებდა, ხან ზღვაზე, იახტაში იჯდა თეთრი პერანგით, ქარში თმა უფრიალებდა და შორეთს გაჰყურებდა. მოკლედ, სოციალურ ქსელებში ბრწყინავდა ვიგო, და მხოლოდ ერთი იუზერი უშლიდა ნერვებს, რომელიც მის პომპეზურ ფოტოებს მარტო ერთი ნიშნით ეხმაურებოდა: კომენტარში უდებდა მხოლოდ ღიმილაკს. და ვიგოს ეგონა, რომ კომენტარის ავტორმა ზედმიწევნით იცოდა მისი ჭეშმარიტი სახე, საწოლში ბებრულად მოკანკალე, ყველასგან მიტოვებული ალკოჰოლიკის მთელი სასტიკი ცხოვრება უწყოდა საიდანღაც, და ის უწყინარი ფეისბუქ-ემოცია ელანდებოდა ვიგოს ხან დამცინავ, ხან მოწყალე ღიმილად, და ეწეწებოდა ნერვები. შემდეგ საკუთარ ოთახს მოათვალიერებდა ეჭვით, დამალულ კამერებს ეძებდა – ისედაც ხომ მთელი ტელე თუ ინტერნეტსივრცე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრებით იყო გამოტენილი და ვიგოსაც სწამდა, ვიღაც რომ მეტისმეტად იყო დაინტერესებული მისი პირადი, ავტონომიური სივრცით. ლეპტოპის კამერაზეც კევი ჰქონდა აწებებული, ვინმეს მისი სკაიპი რომ არ გაეტეხა და კამერა აემოქმედებინა… მოკლედ, ვერ იტანდა ვიგო იმ მარად მომღიმარე იუზერს, თუმცა პრინციპულად არ შლიდა, არ ბლოკავდა და არც მის გვერდზე გადასვლას და დათვალიერებას კადრულობდა.

მაგრამ ვიგოს ახლა აღარ ჰყავდა ძაღლი და თავად მიეშურებოდა ზოის სარდაფისკენ, თან მარცხენა ხელს არაბუნებრივად მიიქნევდა. უცებ ძაღლის მძნერში ჩადგა ფეხი და განრისხდა, ასე უაზროდ და ერთ წამში რომ შეელახა მოწესრიგებული და სიმპათიური კაცის იმიჯი. და ვიგო მართლაც ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა ქუჩაში, პედანტიზმამდე კოხტად. ყველაფერი თავის ადგილზე ჰქონდა, შუბლზე ჩამოვარდნილი თმის კულულიც კი. იდგა ქუჩაში და ფეხს ტრუტუარის კიდეს უხახუნებდა გამწარებული, ძაღლის მძნერი რომ მოეცილებინა. ამ დროს ტურისტმა გოგონებმა ჩაუარეს და ერთს სიცილი წასკდა, თან აპარატი მოიმარჯვა. კამერის დანახვაზე ვიგომ ინსტინქტურად თმაზე გადაისვა ხელი და ობიექტივს გაუღიმა, და დანარჩენმა გოგოებმაც ვეღარ შეიკავეს თავი და გადაიხარხარეს. ბოლოს ერთ-ერთი გოგო ვიგოს მიუახლოვდა და რუსულად ჰკითხა, პროსპექტზე როგორ ჩავიდეთო. ვიგომ სუფთა და უაქცენტო რუსულით მოატყუა და ქარხნის ეზოსკენ გაუშვა, მერე ტროტუარზე ფეხის გლასუნი გააგრძელა და ბოღმიანად ჩაილაპარაკა: ჩათლახი ოკუპანტები! ზოის სარდაფში სანამ ჩავიდოდა, დაიხარა და მიწის ზემოთ სულ ოდნავ ამოჩენილ ფანჯარაში შეიხედა, კლიენტები ხომ არ ყავსო ზოის. როგორც ყოველთვის, ახლაც ნისიად აპირებდა პროდუქტების აღებას და არ უყვარდა, ამ დროს ვინმე თუ შეესწრებოდა. მაღაზიაში გამხდარი, თხელწვერა კაცი დალანდა, რომელიც ზოის ესაუბრებოდა. ზოი გატრიალდა და იმ მაცივრისკენ წავიდა, სადაც კვერცხებს ინახავდა, გამხდარმა კაცმა კი ელვის სისწრაფით გადაჰყო ხელი დახლიდან, სიგარეტის კოლოფი აიღო და შავ პარკში ჩაუძახა, შემდეგ იქვე დახვავებული პურებიდან ერთს ხელი სტაცა და იმასაც პარკში უკრა თავი… და ვიგოს გულზე მოეშვა: თავადაც თითქმის ყოველდღე ორასგრამიან „ჩეკუშკა“ არაყს იპარავდა ზოის მაცივრიდან და ახლა გაუხარდა, მარტო თვითონ რომ არ აღმოჩნდა ცოდვილი კლიენტი, თან იცოდა, ეს გამხდარი კაცი საკმაოდ ცნობილი მწერალი რომ იყო, რომელიც ყოველთვის ესალმებოდა ქუჩაში ვიგოსაც და სმიტსაც, მაგრამ რაც სმიტი აღარ ჰყავდა, ნაჩხუბარივით ხმაგაუღებლად, უსალმოდ ჩაივლიდა ხოლმე რატომღაც. მწერალმა ახლაც უბრად აუარა გვერდი, არც ვიგოს უთქვამს რამე და მაღაზიის კარი შეაღო.

 

1 2 3 4 5 6