– 🙂  სულაც არ ჰგავხარ მორტენსენს… ნუ, კი წააგავხარ, მაგრამ საკუთარ თავს უფრო ჰგავხარ 🙂 

აღარ იცოდა რა მიეწერა. ხვდებოდა, რომ რაიმე სისულელეს მისწერდა პასუხად, ისე იყო ალკოჰოლით და სიხარულით დარეტიანებული, და მხოლოდ გაუღიმა:

– 🙂 

🙂  ესეიგი, შევთანხმდით.

– შევთანხმდით 🙂 

– 🙂  ჰო, მართლა: ცოტა წრუპვა მეც მიყვარს, ასე რომ, ვიღაც-ვიღაცეებივით არ შეგზღუდავ, ნუ დარდობ. კარგად მესმის, რა ძნელია დასალევის უცებ გადაგდება…

– მართლა ყველაფერი ცოდნია ამას, – გაიფიქრა ვიგომ.

– კარგი 🙂  – მიწერა და ლეპტოპი გათიშა. – უცებ გადაგდება… ესეიგი, მომიწევს მაინც გადაგდება, – ვიგომ ამოიხვნეშა, ხალიჩაზე დაგდებულ არყის ბოთლს დასწვდა და დაღვრას გადარჩენილ სითხეს გახედა:

– მაგრამ, ხომ უნდა აღვნიშნოთ სათანადოდ ეს ამბავი, სმიტ, ძმაო?

და მხრები ჩამოყარა, მოიკუნტა. იმ კუთხეს გახედა, სადაც სმიტს უყვარდა წამოწოლა.

– სმიტ. ძმაო ჩემო. ძმაო ჩემო…

უცებ წამოხტა, ქურთუკი მოიცვა და სახლიდან გავარდა.

თითქმის მირბოდა ვიგო. თავისი უბნის ვიწრო, ჩაბნელებულ შუკებში კედლებს და ღობეებს ეხლებოდა გზაში, სანამ ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე გამოვარდებოდა გიჟივით და ერთად მოსეირნე გოგო-ბიჭს დააფრთხობდა. გვიანი იყო. ასეთ დროს ხალხი სახლში, ტელევიზორებთან თუ მონიტორებთან ამჯობინებდა ჯდომას. ჩაურბინა რომელიღაც სამინისტროს შენობას, სადაც შემცივნულმა გუშაგმა ჯარისკაცმა გააყოლა ეჭვით თვალი და რაღაც ჩაილაპარაკა რაციაში. ბოლოს, რკინის მესერთან შეჩერდა, სულს ძლივს ითქვამდა. მესერის მიღმა ლამპიონებით განათებული ძველი, ნახევრად დანგრეული შენობა იდგა, წინ სარეველამორეული, ფილაქნებამოყრილი ეზოთი. ვიგო ეზოს კუთხეში ყუთისმაგვარ, ფიცრებისგან უხეიროდ აგებულ ძაღლის ხუხულას მიაჩერდა. ერთხანს ხმაგაუღებლად უყურებდა, ყელში ბურთმობჯენილი და ცდილობდა ხუხულის შიგნით გაერჩია რამე. ბოლოს დაიჩურჩულა:

-სმიტ.

არავინ გამოხმაურებია.

ვიგომ გაიხედ-გამოიხედა და მოშორებით ქუჩაზე სამინისტროს გუშაგ ჯარისკაცს მოჰკრა თვალი, რომელსაც მალევე შეუერთდა კიდევ ორი ჯარისკაცი და ყველა ვიგოსკენ იყურებოდნენ.

– სმიტ! – ისევ ჩურჩულით, ოღონდ ცოტა უფრო ხმამაღლა დაუძახა და ხველება აუვარდა, მაგრამ ხუხულიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.

ვიგო იქვე, ზედ ქუჩაზე დაჯდა და რკინის მესერს მიეყუდა. მერე ქურთუკის ჯიბიდან არყის ბოთლი ამოიღო და მოსვა.

სად წაგიყვანეს, სმიტ, ძმაო. ხომ არ დაგიშავეს რამე ამ ბოზებმა. სად წაგიყვანა იმ ქონის ბელტმა ჩემი ეზოდან. და ეს რო ჩემი ეზოა, რატომ არასდროს მომიყოლია შენთვის, სმიტ. და რატომ არასდროს არაფერი მომიყოლია შენთვის, ამის დედაც. აგერ იქ, სადაც შენი ხუხულა დგას, რო მივჯდებოდი ხოლმე საქანელის უკან, პირველკლასელი, მუხლებგადაყვლეფილი ლაწირაკი, და ველოდებოდი როდის გამოვიდოდა ეზოში მეგი. და მეგი რატომ შემიყვარდა, იცი, სმიტ? იმიტომ, რომ კბილის ექიმის კაბინეტში წამათრია ერთხელ. სწორედ ამ შენობაში, მეორე სართულზე, ფეხით მიმათრევდა იატაკზე და მე კიდევ პრიალა პარკეტზე ვერაფერს ვებღაუჭებოდი თითებით, სმიტ. არადა, როგორ მინდოდა მობღაუჭება, ღმერთებო! იმიტომ რომ, მეშინოდა. კბილის დაპლომბვის მეშინოდა სიკვდილივით და მეგისაც მეშინოდა, რადგან ვერ მოვერიე და ასე, ბლის კუნწულასავით წამათრია იმ წყეული კაბინეტისკენ, სადაც კბილებს პლომბავდა სკოლის ექიმი, ის დამპალი ქალი, აკივლებული რომ ჰყავდა მთელი სკოლა, ბლიაძ. ხოდა, ეს კრეტინი მეგი შემიყვარდა რატომღაც სმიტ, და სადაც ახლა შენი ხუხუხლა დგას, მანდ ვიმალებოდი საქანელის უკან, კბილი უკვე დაპლომბილი მქონდა და მეგი რომ ეზოსი გამოდიოდა, იმ წუთებზე და შენზე ძვირფასი და ნაღდი, მგონი არაფერი დამმართნია ცხოვრებაში…

ცარიელი არყის ბოთლი ჯიბეში ჩაიდო და წამოდგა. უცებ წყნარი წკმუტუნი შემოესმა და გული აუჩქარდა. ეზო გულდასმით შეათვალიერა და ხუხულის მოპირდაპირე მხარეს, ძირთან მოჭრილი ხის უკან ნაცრისფერლაქებიანი სხეული დალანდა.

სმიტს ფილაქანზე გაშოტილს ეძინა, ძილში წყნარად წკმუტუნებდა, თათებს არხევდა და კუდს აბათქუნებდა.

ვიგოს გაეცინა და ცრემლები მოიწმინდა.

– შენ ყოფილხარ ნომერ პირველი ყარაული მთელ სამყაროში, ძმაო, სმიტ!

– უკაცრავად, მოქალაქევ, მაგრამ თქვენი აქ ყოფნა არ შეიძლება!

ვიგომ მოიხედა, გარს შემოხვეული ჯარისკაცები შეათვალიერა და ტუჩებზე თითი მიიდო:

– ჩშშ. ძაღლი არ გამიღვიძოთ, ძმებო!

                                                

* * *

რამდენიმე ხნის შემდეგ ვიგო და სმიტი ზოის სარდაფისკენ მიუყვებოდნენ გზას. ვიგო ცალ ხელში ძაღლის საბელს ატრიალებდა, მეორეთი კი ყვავილების თაიგული ეჭირა.

ზოი ჩემო.

რომელი ხარ სარდაფსა შინა.

წმინდა იყავნ სახელი შენი.

მოვედინ მოვალე შენი.

სიცოცხლით, სუნთქვით მოვალე შენი, ზოი…

ვიგომ თაიგული შეასწორა, სარდაფის კიბეზე ჩაირბინა და გაშეშდა.

კარს უშველებელი ბოქლომი ედო.

               

                             

 

1 2 3 4 5 6