– კლინ! – უცებ გაისმა ფეისბუქ-შეტყობინების სიგნალი და ვიგო მოულოდნელობისგან შეხტა, ისე იყო შეჩვეული სიჩუმეს თავის პირად ჩატში. შემდეგ ჩაილაპარაკა:

– აკი პოლკოვნიკს არავინ სწერსო?

თან თავის გვერდზე ამომხტარ ჩატის ფანჯარას დააკვირდა და სახტად დარჩა: სწორედ იმ დაწყევლილი, მარადიული ღიმილის ავტორი და შემოქმედი ეხმიანებოდა თურმე:

– როგორ ხარ, ვიგო.

ვიგო ერთხანს ფიქრობდა. მერე ჩატის ფანჯრიდან მის პირად გვერდზე გადავიდა და შეათვალიერა: ვიღაცის ნახატები პროფილზეც და ფონზეც. სულ ცარიელი ქრონიკა.

– ფეიქი. ასეც ვიცოდი, – მწარედ ჩაეცინა და უპასუხა:

– კარგად. რა გინდა.

– შენთან წინადადება მაქვს.

ვიგოს მობეზრდა :

– დაახვიე რა. შენი თავი არ მაქვს.

– 🙂 რატომ უხეშობ, ვიგო.

– იდი ნახუი-მეთქი! – დაიღრიალა ვიგომ და მიწერა:

– იდი ნახუი მეთქი.

– 🙂 კეთილი. მაგრამ ჯერ შედი შენს ელ-ფოსტაზე და გზავნილი წაიკითხე. დაგელოდები.

– გზავნილი არა ისა, – თქვა ვიგომ და მეორე პატარა არყის ბოთლს დასწვდა. შემდეგ დაფიქრდა, აპების პანელი გახსნა და ძლივს მიაგნო თავისი ელ-ფოსტის გვერდს. მილიონ შემოსულ გზავნილს, ძირითადად რეკლამებს ზერელედ გადაავლო თვალი და სულ თავში, ახალ შეტყობინებას მიაჩერდა. რაღაც ორგანიზაციას თუ ფირმას გამოეგზავნა, რიგითი იუზერის იმეილს არ ჰგავდა. ვიგომ გახსნა და შიგნით დახვდა პდფ-ფაილი. არაყი მოწრუპა, საბუთი მთელ ეკრანზე გაშალა და შეუდგა კითხვას. უცებ ბოთლი ხელიდან გაუვარდა და ჩაილაპარაკა:

– შანსი არაა.

მერე თავიდან ჩაიკითხა, ფეხზე წამოხტა და ოთახში გაიარ-გამოიარა, თან გიჟივით იმეორებდა გაღიმებული და თვალზე ცრემლმომდგარი:

– შანსი არაა! შანსი არაა! შანსი არაა!

კვლავ გაისმა შეტყობინების სიგნალი.

ვიგო ლეპტოპს მიუახლოვდა და წაიკითხა:

– აქ ხარ, ვიგო ?

– კი. – ძლივს აკრიფა, ისე უკანკალებდა ხელი.

– წაიკითხე გზავნილი ?

– კი. – ვიგო იღიმებოდა.

– მერე ? 🙂 

– თანახმა ვარ 🙂 

– 🙂  ძალიან კარგი.

– ვინ ხარ? – აკრიფა ვიგომ, მაგრამ სანამ გაგზავნიდა, გადაიფიქრა, ტექსტი წაშალა და თავიდან აკრიფა:

– ვინ ბრძანდებით ?

– რა ზრდილობიანი გახდი, ვიგო 🙂

 – 🙂

და შეტყობინების გრაფაში უცებ გაჩნდა სახელი და გვარი. ძალიან, ძალიან ცნობილი კაცის, ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორის სახელი და გვარი მათ შორის, ვისზეც კი სმენოდა.

ვიგომ პირი დააღო. –  ამას ხომ თავისი გვერდი აქვს. მილიონზე მეტი გამომწერით. დავიჯერო, ფეიქ-გვერდებით დაძვრება ხურუშიანი თინეიჯერივით? – გაიფიქრა და ეჭვი შეეპარა. მაგრამ, ხომ ეკრანზე ჰქონდა გაშლილი საბუთი: კონტრაქტი, სადაც ვიგოს ოფიციალურად სთავაზობდნენ როლს ახალ ფილმში, რომლის გადაღებები გაიმართებოდა საფრანგეთში. მთავარ როლზე ამტკიცებდნენ ვიგოს, ისეთი მაღალი ჰონორარით, ვერც კი რომ იოცნებებდა.

– ვხვდები, რასაც ფიქრობ, ვიგო 🙂 

– 🙂 – სხვა ვერაფერი მოიფიქრა პასუხად.

– ალბათ არ იცი, რომ სწორედ სოც-ქსელებით ვარჩევ ხოლმე ტიპაჟებს ჩემი ფილმებისთვის, მას შემდეგ, რაც მათ რეალურ, არავირტუალურ ცხოვრებაზე ვაგროვებ საკმარის ინფორმაციას. ჰოდა, მოხარშულს გიცნობ, ვიგო. ვგრძნობ, რამხელა სიცარიელე და უიმედობა დგას შენი ბრჭყვიალა ფოტოების მიღმა. ვაცნობიერებ შენეული კონტრასტების მთელ ტრაგიზმს და ვიცი, რომ შენზე ბუნებრივად და ნამდვილად ვერავინ ითამაშებს ჩემს ფილმში, რადგან, ზუსტად და ზედმიწევნით გეცოდინება ის, რასაც განასახიერებ და პრინციპში, სწორედ საკუთარი თავის განსახიერება მოგიწევს, ვიგო: ადამიანის განსახიერება – ცხოვრებაში. მის უდიდებულესობა  ცხოვრებაში … ხომ არ დაიღალე კითხვით 🙂 

– რას ბრძანებთ 🙂 

ვიგოს ეღიმებოდა და თან სირცხვილის ოფლში იწურებოდა.

– სხვათა შორის, შენს როლებსაც გავეცანი და არცთუ ურიგო მსახიობი ხარ 😉

ვიგოს თითქოს ლოდი გადაუვარდა გულიდან. მხრებში გაიშალა. თვალებში შუქი ჩაუდგა.

– მორტენსენს რომ ვგავარ, იმიტომ ვარ კარგი მსახიობი ?

ბავშვივით გამოუვიდა, დაირცხვინა.

 

1 2 3 4 5 6