ვიგოს ხასიათი წაუხდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა:

– რატომ მარტო სერიალში? ფილმებშიც ხომ მიღებენ. აგერ ახლა მოწვევა მომივიდა თურქი რეჟისორისგან…

გოგომ კი ლუდის ბოთლი მოიყუდა და ვიგოს თმა აუჩეჩა:

– ჩემი სულელი!  იცი მაინც, რას ნიშნავს კინო. დიდი კინო. დიდი მსახიობები ვინ არიან, იცი მაინც, ვიგო ? ნაგავია ეს ყველაფერი, სადაც შენ ტინგიცობ და სადაც იტინგიცებ, ისიც ნაგავი იქნება.

და ვიგო მაშინ მიხვდა, რომ გოგო იმ ჯურის ხალხს განეკუთვნებოდა, ვისთანაც დალევა დიდი შეცდომაა, და შემდეგ აღარც იმ გოგოს დაკონტაქტებია არასდროს, ძველებურად გააგრძელა ცხოვრება. მაგრამ  ერთხელ, გადაღების წინა ღამეს, ძილის წინ ის გოგო გაახსენდა და გაიფიქრა:

– იქნებ, მართალი იყო ის ჩემისა…

მეორე დღეს კი რეჟისორმა რუპორში ჩაილაპარაკა:

– რაღაც ნიტოა.

და ყოველი დუბლის შემდეგ იმეორებდა:

–  რაღაც ნიტოა. რაღაც ნიტოა.

მერე ვიგო მოიხმო და უთხრა:

– მთვრალი არავინ იყოს-თქო გადაღებაზე, ხო გაგაფრთხილეთ?             

ვიგომ გაუცინა:

– ორასი გრამი დავლიე გუშინ მარტო.  ჯანზე ვარ გიო, ნუ გეშინია!

მაგრამ რეჟისორმა თვალი აარიდა და თქვა:           

– შენი სერიალები ხომ არ გგონია ბიჭო ესა? ან რომელი შენი გიო ვარ? გიორგი მქვია მე! თუ დუბლიორები დაგიქირავო, რამდენი შენ ლოთობა მოგეპრიანება ?

შემდეგ რუპორში ჩაჰყვირა:

– დღეს გადაღება აღარ იქნება, დაიშალეთ!

ვიგო გაფითრდა, რეჟისორს მხრებში ხელი ჩაავლო და სახეში შეასუნთქა:

– საერთოდ არ დამილევია ბატონი გიორგი! ნახეთ, აი…

რეჟისორმა თავი გასწია და მშვიდად, დამარცვლით უთხრა:

– მაშინ, ცუდი მსახიობი ყოფილხარ, ვიგო! მოემზადე ხვალისთვის და იცოდე, აღარ ჩამიგდო დღე! ისედაც ბევრი იხარჯება თქვენი კოტეჯების ქირაზე…

იმ საღამოს ვიგო და სმიტი შავ ქვიშაზე იწვნენ ზღვისპირას. ვიგო ცხოვრებაში პირველად, ეგრევე, ბოთლიდანვე წრუპავდა არაყს, იჭყანებოდა და სმიტს ეუბნებოდა:

– იმ წაკლა ჟურნალისტის დედა რომ გავკუზეთ მე და შენ სმიტ. ათასი წელი.

სმიტმა თანხმობის ნიშნად სილაზე კუდი ააბათქუნა.

– ან ეგ რა შუაშია, ძმაო სმიტ. ასე რომ ჩავიციკლე მაგის ბოდვაზე, ხო   მე გამოვდივარ შტერი?

სმიტმა ისევ კუდი გაიქნია თანხმობის ნიშნად, რამეთუ კამათი არ ეხალისებოდა.

ვიგოს გაეცინა, სმიტს კისერი მოფხანა და არაყი მოსვა.

– ხოდა ეგრეა მოკლედ. ასეთი როჟა რომ ვარ. ვიღაცის ბოდიალზე რომ ასე შემიძლია დაგრუზვა, მაშასადამე, მე ვყოფილვარ ყლე.

შემდეგ სმიტს მიაჩერდა:

– შენ მაინც გგავდე, ძმაო, სმიტ. რა პონტში ხარ ასეთი ჭკვიანი. ან შენი ყოფილი პატრონი ვინ იყო ამისთანა… ხო ამბობენ, რაც ძაღლია, ისააო პატრონიც. მაგრამ ახლა ხო მე ვარ შენი პატრონი და შენ რო ასეთი ჭკვიანი ხარ, მე რატომ გამოვდექი ასეთი ქინძი, ჰა? თუ შენი პატრონი ახლა მე ვარ, ხო მეც ჭკვიანი უნდა ვიყო, იმ ანდაზას თუ დავუჯერებთ. ეგ ანდაზა კი მაგარი ანდაზა ჩანს, ანდაზათა შორის უანდაზესი.

სმიტი ტალღებს გაჰყურებდა, ვიგო კი არაყს წრუპავდა, სმიტს ქეჩოზე ფხანდა და იმ სათვალიან, ხანში შესულ კაცზე ფიქრობდა, მშრალ ხიდთან, სკვერში, სკამზე რომ იჯდა მოკუნტული და გვერდით სმიტი მოესვა, ლეკვობას ახლად გაცდენილი, წლინახევრის ლაწირაკი სმიტი. მაშინ ვიგო სკვერში გასაყიდად გამოფენილ ნახატებს ათვალიერებდა მეგობარ გოგოსთან ერთად, მოშორებით კაცი და ძაღლი რომ შენიშნა და იქით გაეშურა, რადგან ძაღლები ბავშვობიდან უყვარდა.

– რა ხნისაა? – ჰკითხა კაცს.

კაცმა ჩამქრალი თვალებით ამოხედა და დაზეპირებულივით, მონოტონურად ალაპარაკდა ჟანგიანი ხმით:

– სალამი. ეს გახლავთ სმიტი. სმიტი ძალიან ჭკვიანი ძაღლია. მან იცის მაღაზიაში საყიდლებზე წასვლა, წყალში ადამიანის გადარჩენა, ტერიტორიის ყარაულობა და ადამიანის დაცვა ყოველგვარი ხიფათისგან. ასევე, თქვენი სურვილის და ბრძანებისამებრ, სმიტს შეუძლია ყეფა, ხტომა… –  აქ კაცს ხველა აუვარდა.

ვიგო მოთმინებით დაელოდა, სანამ კაცი ხველებას მორჩებოდა და კითხვა გაუმეორა:

– რამდენი წლისაა?

კაცი ფეხებთან მიგდებულ ძველებურ პორტფელს თუ პატარა ჩემოდანს დასწვდა, გახსნა და შიგნით დაიწყო ფათური. შემდეგ ვიგოს რაღაც ქაღალდები გაუწოდა:

– სმიტი გახლავთ ერთი წლის და ხუთი თვის. აქ, ამ საბუთებშია მისი პირადობის დამადასტურებელი ყოველგვარი ცნობა. ასევე მოწმობა ჯიშის სისუფთავის, წინაპრების და ასაკის შესახებ…

ამასობაში მეგობარ გოგოს მობეზრდა, ვიგოს ხელი გაუშვა და თქვა:

– ვიგო,  მოდი მე იქ დაგელოდები, ნახატები როა…

 

1 2 3 4 5 6