– კარგი, – უგულისყუროდ მიუგდო ვიგომ, თან ფიქრობდა:

ერთი წელი და ხუთი თვე. სად მოასწრო, რა ცხოვრებით უნდა ეცხოვრათ ამათ, წელიწადნახევარში რომ მოახერხა ამდენი რამის სწავლა… თუ არ მატყუებს.

უცებ მოესმა:

– ასი ლარი ღირს.

ვიგო გამოერკვა: – რაა? ყიდით ამას?

– კი. – მოკლედ, უბრალოდ მოუჭრა კაცმა.

ვიგო ერთხანს შეყოვნდა, მე ვინ მეკითხებაო, მაგრამ ბოლოს მაინც უთხრა:

– სუფთა ჰასკში შეგიძლიათ მოითხოვოთ სამჯერ მეტი თანხა. ძალიან იაფად ჰყიდით, მიუხედავად იმისა, რომ პატრონის გამოსაცვლელად უკვე დიდია და გაუჭირდება.

– ასი ლარი მჭირდება. – კაცს სახე გაუმკაცრდა.

ვიგო შეცბუნდა და რატომღაც შერცხვა, მერე კი დაუფიქრებლად წამოისროლა:

– მე ვყიდულობ თქვენს ძაღლს!

თან, რომ არ გადაეფიქრა, სწრაფად ამოიღო საფულე და შიგნით ჩაიხედა. სამი ორმოცდაათლარიანი ეგდო, ჰონორარიდან მორჩენილი ფული, რომლის დახარჯვასაც სწორედ დღეს აპირებდა ბარში და შემდეგ საუნაში, თანმხლებ გოგოსთან ერთად.

– ახლა რაღას ვეტაკო, – ფიქრობდა გამწარებული და თავს იწყევლიდა გულში. – რომელი ფრაცისკ ასიზელი მე ვარ, ამის დედაც. რა ვუყო ეხლა მე ამ ძაღლს! იდგა ასე და ღია საფულეში იყურებოდა. მერე კაცს ჩაეკითხა ანგარიშმიუცემლად, დროის გასაყვანად:

– კიდევ რის გაკეთება იცის ?

და უცებ მოესმა მჟღერი, სუფთა ხმა:

– კიდევ, შეუძლია ბავშვი ასეირნოს ზამთარში ციგით!

ვიგომ გაკვირვებულმა მოიხედა და სახტად დარჩა.

თითქოს ვიღაცამ, სანამ ვიგო საფულეს უკირკიტებდა, ადგილი გაუცვალაო კაცს, ისე იყო შეცვლილი: მხრებში გამართული, თვალებში სითბოჩაღვრილი შეჰყურებდა ვიგოს და სადღაც, მის მიღმა, წყნარად, სევდიანად უღიმოდა რომელიღაც მოგონებას. და ვიგომ, ჩუმად, ხმაგაუღებლად ამოიღო სამივე ორმოცდაათლარიანი, კაცისთვის არ შეუხედავს, ისე დადო სკამის კიდეზე, შემდეგ სმიტის საბელი აიღო, მეგობარი გოგო არც გახსენებია, ისე ამოიარა ძაღლთან ერთად სკვერის კიბე და ქუჩას გაუყვა მოხუცი კაცივით ბეჭებში მოხრილი…

ვიგო ძაღლს შეჰყურებდა. მზე ჩადიოდა.

–  ციგით ბავშვის სეირნობა მართლა შეგიძლია, ძმაო, სმიტ?

თან არაყი მოყლუპა, დაასლოკინა და უცებ სენტიმენტები მოეძალა:

 – მე რო მეყოლება შვილი, ხომ ასეირნებ ხოლმე ციგით, ჰა, სმიტ?

ძაღლმა ჩამავალ მზეს თვალი მოაშორა, კაცს შეხედა ადამიანის მზერით და ვიგო დარწმუნდა, რომ სმიტი აუცილებლად ასეირნებდა მის შვილს ზამთარში ციგით.  

მიდიოდა ვიგო სახლისკენ, ცალ ხელს არაბუნებრივად მიიქნევდა, ზურგჩანთით მოპარული სანოვაგე მიჰქონდა და თავისი ძაღლი ენატრებოდა.

სად, ვის მიუძღვები ახლა ამ დამპალ ცხოვრებაში, სმიტ.

თუმცა, მშვენივრად იცოდა, სადაც იყო სმიტი. იცოდა, რომელ ქუჩაზე არ უნდა გაევლო, სადაც სმიტი გისოსებს მიღმა, ნახევრად დანგრეული და ცარიელი შენობის ეზოში იწვა გრძელი ჯაჭვით დაბმული და სულ ეძინა, ან თავს იმძინარებდა. იცოდა, რომ ხანდახან გამვლელი ტურისტები და ბავშვები საჭმელს უყრიდნენ სმიტს და თან ფოტოებს უღებდნენ და მოსაფერებლად უხმობდნენ, მაგრამ სმიტი არავის აქცევდა ყურადღებას. ნახევარი წელზე მეტი იყო გასული, რაც ვიგომ სმიტი ვიღაც ტიპს გადაუცვალა სამ ყუთ არაყში, რომელსაც საყარაულო ძაღლი სჭირდებოდა და გალეწილმა მთვრალმა ვიგომ დაარწმუნა, სწორედ რომ ყარაულად არის სმიტი დაბადებულიო. შემდეგ, როცა არაყი გაუთავდა და ზაპოის ძლივს დაუძვრა ხელიდან საავადმყოფოში წოლით და სისხლის გადასხმებით, სარკეში ვეღარ იხედებოდა ვიგო, ისე ეზიზღებოდა საკუთარი თავი. მერე ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა, ვარჯიში დაიწყო და სახლში მოიყვანა ვიღაც ქალი, რომელიც ფეისბუქზე სიყვარულს უხსნიდა დილა-საღამოს. უბრალოდ და მარტივად დააფიქსირეს თავიანთი ცოლ-ქმრობა და ერთხანს თითქოს ყველაფერი მოგვარდა: ქალმა სახლის მოვლა დაიწყო და ვიგომ კი საკუთარი თავის. ვიგოს ქალი არ უყვარდა, მაგრამ პატივს სცემდა, რადგან ქალი კომუნალურ გადასახადებს იხდიდა,  ხმაურობდა და ვიგოს მოდუნების და ფიქრის საშუალებას არ აძლევდა, და ვიგოსაც სწორედ ეს უნდოდა, რომ არ ეფიქრა. არ ეფიქრა სმიტზე. არ ეფიქრა იმ წაკლა ჟურნალისტზე და თავის ვაი-მსახიობობაზე. ამასობაში ქალი მიხვდა, რომ ფეისბუქ-ვიგო – კინომსახიობი ვიგო და ეს, სულ დაღვრემილი და აღრენილი კაცი სხვადასხვა ადამიანები იყვნენ. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, უბრალოდ, გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა. და დარჩა ვიგო მარტო, მაღაზიის გამყიდველის, ზოის ანაბარა.

სახლში მოსვლა არ უყვარდა ვიგოს, რადგან გარედან შემოსული უფრო გრძნობდა თავისი ბინის ბებრულ სუნს. მოუვლელი და მარტოსული კაცის საცხოვრებელი ადგილის სუნს. ადრე კმაყოფილებით მოავლებდა ხოლმე თვალს სიგარეტის ნამწვებს იატაკზე, ცარიელ ბოთლებს და დივანის კიდეზე მიგდებულ, რომელიმე ნაშის ლიფს, და ამ ყველაფერს უწოდებდა ცხოვრების ბოჰემურ სტილს. მაგრამ მას შემდეგ, რაც მარტო დარჩა და ბევრ ფიქრს მიეჩვია, ერთხელაც მიხვდა, რა უცნაურად მოწესრიგებულად, არაბუნებრივად სიმეტრიული მოჩანდა მთელი ეს დომხალი, რა ყალბი იყო ყველაფერი და იგრძნო, რომ ეს ბოჰემა კი არა, სიბერე იყო. ნაადრევი სიბერე დარეოდა მის სულსაც და ბინასაც. და შეეშინდა ვიგოს. საკუთარი მარტოობის და უმწეობის შეეშინდა. სწორედ ამის მერე დასჩემდა დილით უთენია გაღვიძება, პულსის შემოწმება და ფრთხილად, ზედმეტი მოძრაობების გარეშე წამოდგომა და ჩაცმა, რადგან სადღაც გაეგო, დილაუთენია რომ კვდებოდა ყველაზე ხშირად ადამიანი. არ უყვარდა სახლში მისვლა ვიგოს, მაგრამ ზოის სარდაფის გარდა არსად ჰქონდა წასასვლელი, სადაც მომაკვდავივით, სიბრალულით არ დაუწყებდნენ ყურებას, ან ნაძალადევი ფამილარობით ჭკუის დარიგებას…

ვინ არის ზოი. საიდან გაჩნდა. და რატომ გამოჩნდა მაინცდამაინც დროის იმ მონაკვეთში, რომელშიც ლოგიკურად და უცილობლად იგულისხმებოდა ჩემი ჭკუიდან შეშლა, ან – შიმშილით სიკვდილი. ოცდამეერთე საუკუნეში – შიმშილით სიკვდილი, ჰოი, ჩათლახო ღმერთებო… მაგრამ გამოჩნდა ეს მოხუცი, კაფანდარა ქალი და არია ყველაფერი. გარდაუვალობას აღუდგა წინ. არ დაუშვა, არ დაუთმო თითქოს ვიღაცას, რაღაც დამპალ და სასტიკ ძალას, ნელნელა, თანდათან რომ მაწვება ზემოდან და მჭლიტავს, მაპატარავებს, როგორც პრესი აქცევს  უფორმო ჯართად ნაავარიებ, უმაქნის მანქანას. რატომ მაძლევს ნისიად ყველაფერს, როცა იცის, და ვიცი, რომ ზუსტად იცის – არაფრის გადამხდელი არ ვარ. თან, არც ყავს ბევრი კლიენტი, ან ვინ უნდა მიაგნოს იმ მიწისქვეშა სარდაფს. და ვინც ყავს, ხომ მინახავს, ხომ ჩემს ცხვირწინ, ჩემი თვალით მინახავს როგორ ახდევინებს ზოი ფულს, და ნისიის ხსენებაზეც კი ქვასავით უხდება სახე. და რატომ შემარჩია-მეთქი მაინცდამაინც მე… – ელაპარაკებოდა ვიგო თავისი გაურკვეველი, გამჭრიახი ფეისბუქ-მეგობრის იდუმალ ღიმილაკს – „სმაილს“, და არყის ნარჩენს გაჰყურებდა ბოთლში.

 

1 2 3 4 5 6