როგორც ყოველთვის, კატის შარდის სუნი ეცა და კედლებზე უწესრიგოდ აკოლიკებული პროდუქტები შეათვალიერა, ზედ ობობები რომ დააცოცავდნენ, თავად კატა, მისი უდიდებულესობა მაქსი კი სასწორზე იჯდა არხეინად და თათს ილოკავდა. მაქსმა იცოდა, ვიგოს რომ ძაღლი აღარ ჰყავდა და ამგვარად, ერთობ უსაფრთხო არსებად ფიქსირდებოდა მის ცნობიერში, თუმცა მაინც ჩამოხტა სასწორიდან და ეჭვით მიაჩერდა, გასაქცევად გამზადებული.

– როგორ ხარ, ზოი?

ბეჭებში ძალიან მოხრილმა, ჩიტივით კაფანდარა მოხუცმა შუბლქვეშიდან ამოხედა ბავშვივით ანკარა თვალებით. შემდეგ უზარმაზარი რვეული გადმოიღო, გადაფურცლა და უთხრა:

– ხუთასზე ახვალ მალე.

– ხომ იცი ზოი, რომ გადავიხდი, – უდარდელად თქვა ვიგომ და არყის ბოთლებით გამოტენილ მაცივარს გახედა.

– არ გადამიხდი და შენი აჯობებს, – უბოროტოდ, მხიარულად დაემუქრა ზოი.

ვიგომ პატივისცემით შეხედა.

რატომ მპატიობს ამდენს. ხომ იცის, რო არაფრის გადამხდელი არ ვარ. ხო მიცნობს ვინც ვარ. რაც ვარ. რატომ მპატიობს ნეტავ. სხვა ხომ გამოუძახებდა აქამდე პატრულს. – ფიქრობდა ვიგო.

სანამ ამ მიყრუებულ ქუჩაზე ზოის სარდაფი გაიხსნებოდა, ორი ტყუპი დის მაღაზიაში ყიდულობდა პროდუქტს, კლონებივით რომ იჯდნენ დახლებთან, ერთნაირად ჩაცმულები – ერთი მაღაზიაში და მეორე გარეთ და ამგვარად, ვიგოს ერთობ მხიარულ განწყობაზე აყენებდნენ, როდესაც მარიხუანის კაიფში მიადგებოდა ხოლმე საყიდლებზე. ჰოდა, ტყუპმა დებმა ერთხელ მართლაც გამოუძახეს პატრულს და ვიგომ მაშინ  პლაზმური ტელევიზორი გაყიდა, ვალები რომ დაეფარა.

რატომ არ მიყვირის, რატომ არ ილანძღება, – უკვე მერამდენედ ფიქრობდა ვიგო და ზოის შეჰყურებდა. მერე გაუბედავად ჩაილაპარაკა:

– აი ახლა საცაა ახალ კინო-როლზე დამამტკიცებენ და…

– ორი წელია მაგ კინოროლზე გამტკიცებენ. – მშვიდად შეახსენა ზოიმ და დედაშვილურად შეემუდარა:

– აღარ დალიო რა. აღარ დალიო და მართლა დაგამტკიცებენ ყველგან. ოღონდ ნუ სვამ ამდენს.

ვიგოს შერცხვა. რახანია, ყველა იგივეს უმეორებდა და შეეჩვია, აღარ ბრაზობდა, მაგრამ ზოისთან ყოველთვის რცხვენოდა და ახლაც, მეათასედ, გულდასმით დაუწყო ახსნა:

– დღეში ორას გრამზე მეტს აღარ ვსვამ, ზოი. ეგ რა ალკოჰოლია. ეგრე ყველა სსვამს.

ზოის აღარაფერი უთქვამს და ვიგომ სწრაფად დაამატა:

– კვერცხი მინდა, სამი ცალი. – თან იგრძნო, როგორ აუხურდა სახე და ოფლმა დაასხა მთელ ტანზე. კედელთან მივიდა და მაკარონის პაკეტებს დაუწყო თვალიერება, ზოის რომ არაფერი შეემჩნია.

ზოი დაფიქრებული მისჩერებოდა მის ზურგს.

– სამი კვერცხი, – ჩაილაპარაკა მერე და იმ მაცივრისკენ წავიდა, სადაც კვერცხს და ხორცის პროდუქტებს ინახავდა. სანამ ზოი კვერცხებს გამოიღებდა და პარკში გადააწყობდა, ვიგომ თავის გვერდით სწრაფად გამოხსნა მაცივრის კარი, ორი პატარა არყის ბოთლი ერთად გამოიღო და ზურგჩანთაში ჩააგდო. შემდეგ ქვედა თაროდან ლუდის ბოთლიც გამოაყოლა ხელს, თან შემოსასვლელი კარისკენ იყურებოდა, ვინმე არ შემოვიდესო. ზოის დარდი არ ჰქონდა, რადგან წამზომის სიზუსტით იცოდა, რამდენი ხანი მოუნდებოდა კვერცხების გამოლაგებას. მერე ზურგჩანთას თავი მოუკრა და ისევ დახლთან დახვდა ზოის.

– მადლობა ზოი, მიმიწერე 90 თეთრი. – თქვა ვიგომ, კვერცხები ზურგჩანთაში ჩააწყო და კარისკენ წავიდა, მაგრამ გზაში რაღაც გაახსენდა, ზოის მოუბრუნდა და უთხრა:

– ანდა, სამი არ მეყოფა, დამიმატე მეოთხეც.

ზოის არაფერი უთქვამს, ხმაგაუღებლად წავიდა მაცივრისკენ და ვიგომ ამასობაში  დახლიდან პურის და სიგარეტის აღება და ჩანთაში ჩაგდებაც მოასწრო.

– ლარი და ოცი. – თქვა ზოიმ.

ვიგომ თავი დაუქნია და კარისკენ შეტრიალდა.

გარეთ გოგო იდგა, სიგარეტს აბოლებდა და კარის ფანჯრიდან დამცინავად შემოჰყურებდა.

დამინახა, ბოზმა. – გაიფიქრა ვიგომ, – და მერე რა. დამინახა და დამინახოს, ამის პანკი დედაც.

შემდეგ კარი გამოაღო, გოგოს ბადისებური კოლგოტით მოტკეცილი ბაყვები შეუთვალიერა და მიესალმა:

– როგორ ხარ, ლადა.

– შენ როგორ ხარ, ვიგო, – გოგომ სიგარეტის ნამწვი კედელს მიასრისა და დაამატა: – რაღაც აღარ შემხვედრიხარ იმ დებილ სერიალებში. გამოგაგდეს, ხო ?

– მე თვითონ წამოვედი! – გაბრაზდა ვიგო, – ახლა დამამტკიცეს მაგარ როლზე და მიყურე.

– ფილმებში ბანძი ხარ. ასე, ცხოვრებაში უფრო მაგრად თამაშობ, – გაუღიმა გოგომ და მაღაზიაში შევიდა.

სად წავა, ხო გავჟიმავ ერთხელაც იქნება! – ფიქრობდა გზაში ვიგო, თუმცა იცოდა, რომ ლადაზე ერექცია არ ექნებოდა. არცერთ ქალზე ექნებოდა ერექცია, ვინც იცოდა, ვიგო რო კვერცხებს იპარავდა. ვინც იცოდა, სინამდვილეში რა უმაქნისიც იყო ვიგო. ცოლიც ხომ მიუხვდა ბოლოს და წავიდა კიდეც… მიდიოდა სახლისკენ და მარცხენა ხელს არაბუნებრივად მიიქნევდა.

ნეტავ სად დაიარები ახლა, სმიტ. რომელ ალკოჰოლიკს მიუძღვები წინ ამ დედამოტყნულ ცხოვრებაში. ვინ იკვებება შენი წილი ახოტნიჩით. თუ ვინმე კაი ტიპთან ხარ, რომელიც ძვირიან „კორმას“ გაჭმევს, გეთამაშება და ხანდახან ზღვაზე დაყავხარ და იქ ერთად ცურავთ და მერე სილაში თამაშობთ. როგორც ჩვენ ვიყავით ერთხელ. მე და შენ. ვიგო და სმიტი. უძაღლო ცხოვრების დედა რომ ვატირე მე. ათასი წელი.

და ერთხელ მართლაც წაიყვანა ვიგომ სმიტი ზღვაზე. მაშინ ვიგოს სტაბილური ჰონორარი ერიცხებოდა და ფილმშიც და სერიალშიც ერთდროულად თამაშობდა. ზღვისპირას უწევდათ ფილმის გადაღება და ვიგო, სმიტი და რამდენიმე სხვა მსახიობი ცხოვრობდნენ დიდ კოტეჯში, რომლის პირდაპირ, ტყის ვიწრო ზოლიდან მოჩანდა ზღვა. და ვიგო მაშინ ყოველდღე ახალ გოგოს აცნობდა სმიტს. და ვიგოს მაშინ ფეხებზე ეკიდა, ნაბახუსევზე წყალში შესვლა რომ არ შეიძლებოდა და ის და სმიტი ყოველ დილით ერთად ცურავდნენ ზღვაში, მერე კი მეთევზეებს უყურებდნენ და ვიგომ მაშინ ზუსტად იცოდა, რომ არ იყო ურიგო მსახიობი. ურიგო კი არა, მაგარი მსახიობი რომ იყო, ზუსტად იცოდა მაშინ ვიგომ და ალბათ, რეჟისორებმაც იცოდნენ ეს და იმიტომაც უხდიდნენ ბლომად ფულს. მაგრამ ერთხელ, ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც ერთობ რომანტიულად, მზის ჩასვლისას გაჟიმა პირდაპირ პლაჟზე, ასე უთხრა:

– შენ რა, მართლა მსახიობი გგონია თავი? ამ ტუტუცი რეჟისორების წყალწყალა სერიალებში ათამაშებ ხანდახან კუნთებს და ეგ გგონია მსახიობობა?

 

1 2 3 4 5 6