– პრაგმატულებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

– …

– ადექი, ადექი, სოფკა, ერთი ბაბუა უნდა გაგაცნო, გამოჩნდა როგორც იქნა!.. აი, შეხედე! – გურო ლოგინზე წამოჯდა, სოფკა წინ დაისვა, ხელები შემოხვია, მხარზე ნიკაპით დაეყრდნო და თითი მესამე სართულის პალატისკენ გაიშვირა, – როგორ ფიქრობ, რა აწუხებს?

– აუუუ, როგორ მაინტერესებს ხომ არ იცი, რა-ა!.. საიდან უნდა ვიცოდე ან რატომ უნდა ვფიქრობდე მაგაზე, ამიხსენი.

– კარგი რა, სოფკა, რა დაგემართა?

– ნუ, რა ვიცი, რა შეიძლება აწუხებდეს ამ ბაბუას? ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება აწუხებდეთ ბაბუებს მაგ ასაკში. ალბათ ფაღარათი ან პირიქით, რაღაც ეგეთი… არა?

– და მაინც?..

– და მაინც!

-არ გვინდა შუბლზე ხელის დადება და სიცხიანის იმიჯის კოპირება. სიცხე არ მაქვს და არც შევიშალე, გარწმუნებ.

– სისულელეებს რომ მეკითხები, ვეღარც ამჩნევ.

– გთავაზობ ამბავი მოიგონო, ამაში სულელურს ვერაფერს ვხედავ. მე მინიშნებებს მოგცემ…

– დიდო პროკრუსტევ, მიხსენი ამ ბიჭისგან! – სოფკა ლოგინზე გადაწვა, თვალები დახუჭა და ხელები ჭერისკენ გაიშვირა.

– პროკრუსტე რა შუაშია?

– აბა, რა ვიცი, პროკრუსტე არ არის ის ღმერთი, ფიცს რომ უდებენ ექიმები?

– ო, რა მძიმე შემთხვევა ხარ, სოფკა, ჰიპოკრატეს ფიცს გულისხმობ ალბათ.

– ნუ რა დიდი განსხვავებაა.

– ჰიპოკრატე რეალური ადამიანი იყო.

– იცი, გენიოსო, რომ გადახედო მაგათ პანთეონს, ისეთი აღრეულები არიან, ღმერთია თუ ადამიანი, ქალი თუ კაცი, ვერც გაარჩევ…

– ყოველ შემთხვევაში, ჰიპოკრატე იყო ექიმი და პროკრუსტე…

– კარგი ხოოო… ნუ ჩაუღრმავდი. მოდი, ვითამაშოთ. მომეცი მინიშნებები იმ ბაბუაზე, თანახმა ვარ! – სოფკა წამოჯდა, ფეხები არაბივით მოირთხა და ფანჯრისკენ გაიხედა.

– კეთილი… მოკლედ, ასეთი ვითარებაა: დღეში ათასჯერ ეს კაცი ფანჯარასთან მოდის…

– ათასჯერ!

– გადატანითი მნიშვნელობით „ათასჯერ.“

– ოკ.

– მოკლედ, დღეში ათასჯერ ეს კაცი, ის კაცი, უფრო სწორად, ფანჯარასთან მიდის და ისტერიულად კითხულობს წამლების ანოტაციებს. შიგადაშიგ კოლოფს დახედავს, ხან ყურთან მიიტანს და შეანჯღრევს, ხან აბებიან ქილას შუქზე გახედავს ან დაყნოსავს.

– მიუნჰაუზენის სინდრომი!

– …

– გამოვიცანი თუ არა?.. აღიარე!

– პაპსებს არ ვართ, ეგ ნებისმიერი პოპულარული სამედიცინო სერიალის თემაა.

– პაპსებს თუ არ ვართ, მაშინ არ ვიცი.

– აი, შეხედე, ახლაც  კითხულობს!

– აბა? … ვაიმეეე… რა საყვარელია!.. ზოლიანი პირსახოცის ხალათი როგორ მოგწონს, ჰა?.. ეტყობა, ექიმებს არ ენდობა, გურ, არა?.. შენ როგორ ფიქრობ?

– სახეზე ეტყობა რომ პროსტატის პრობლემა აქვს და…

–  რისი პრობლემა, პროსტატრისი?

– პროსტატა არ გაგიგია, გოგო?

– არქიტექტორებს ევალებათ მაგის ცოდნა?

– პროსტატა ორგანოა, მამაკაცის პოტენციაზე რომ აგებს პასუხს.

– მომეჭრა თავი, ეს როგორ არ ვიცოდი!

– ჰო დააა… ბაბუაჩემ ვალოდის რომ ამოაჭრეეეს… – გურო წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა, – აი, იმ კაცივით დადარდიანდა. ხან  ბოლთას სცემდა, ხან მუთაქაზე თავჩამოდებული ხვნეშოდა და სულ იმას გაიძახოდა: მუჟჩინუ უკრაშაეტ პროსტატაო.

 

1 2 3 4 5 6