– შეხედე რა, სოფკა, ოთხი დღის წინ ისეთი გამხდარი იყო… ახლა აშკარად ლოყები დაედო.

– შეხედვის გარეშე, მოკლედ და კონკრეტულად გეუბნები, ბრმა ნაწლავია და მორჩა, ამაზე მოკლე ამბავი არ გამაგონო!

– კარგი ვერსიაა, მაგრამ ფანჯრის რაფაზე შემოდებულ ძმები გრიმების წიგნს რატომ აიგნორებ?.. წიგნს, რომელიც ექიმმა საჩუქრად მოუტანა ამ გოგონას.

– აუუუჰ!

– რა აუ-უ-უჰ?

– გრიმებია, შარლ პერო თუ მიშელ უელბეკი არ მაინტერესებს!

– დააკვირდი, სოფკა, ნუ ღელავ, წიგნის ყდაზე პრინცესაა, ფანჯრიდან ჩამოშლილი თმებით. შენ ალბათ, სოფკა, არაფერი გსმენია რაპუნცელის სინდრომზე.

არქიტექტორი ხარ შენ თუ ექიმი, გამაგებინე!.. პროფილის შეცვლა ხომ არ გადაწყვიტე?!

– ისე, ბებია ექთანი მყავდა…

– ძალიან საინტერესოა. მორჩა. მე ვხაზავ და აღარ შემაწყვეტინო.

– ზოგიერთი პატარა გოგონა, სოფკა, საკუთარ თმებს ყლაპავს. აი, ხომ გსმენია ბავშვებზე ფრჩხილებს რომ იკვნეტენ და სანსლავენ, ზოგს თმები უდევს გამუდმებით პირში და კუჭი თმის ღერებით ევსება. ეს თმები გორგოლავდება, იზრდება, ბავშვები კი თანდათან მადას კარგავენ, ხდებიან და ოპერაციის გარეშე მათი გადარჩენა წარმოუდგენელი ხდება…

– შემეშვი, შემეშვი, შემეშვი! როგორ მივქარე ამ ბინის მისამართი რომ მოგეცი! ამ სავადმყოფომ ჭკუიდან შეგშალა!

სოფკა ფარგალს დასწვდა და ნახაზზე გადაიხარა. გურომ მეოთხე სართულის პალატის ფანჯარასთან მდგარ პატარა გოგონას ხელი დაუქნია, მერე სოფკას გაბზეკილ საჯდომზე მოეფერა, ყურზე ჩამოდებული ფანქარი მოიმარჯვა და ხაზვა განაგრძო.

 

ბოლო ზარი (პირველი სართულის ფანჯარა)

ქალაქი ნახატებით აჭრელებული, თეთრპერანგიანი გოგო-ბიჭებით აივსო. საავადმყოფოს წინაც უამრავი მოგროვდა. პირველი სართულის პალატის წინ შეკრებილები თავიანთ პერანგებს რიგრიგობით აწვდიდნენ ფანჯარასთან მდგარ ქალბატონს, რომელიც ცოტა ხნით გაუჩინარდებოდა, უკან ხან თვალცრემლიანი, ხან მომღიმარი ბრუნდებოდა, ხელმოწერილ პერანგებს არიგებდა და ახალი პარტია მიჰქონდა.

გურო სახლში მარტო იყო და მოურიდებლად გადმოყარა ცრემლები. თავისი ძმაკაცი, კოტიკა გაახსენდა. ბოლო ზარზე მის პალატასთანაც რიგი დააყენეს მეგობრებმა. როგორ გავს ადამიანების ცხოვრება ერთმანეთს, – ფიქრობდა და თექვსმეტი წლის ბიჭის პანაშვიდისა და დაკრძალვის დეტალებს იხსენებდა. საავადმყოფოს წინ შეკრებილი ბავშვებივის უზრუნველობამ ამდენი წლის განმავლობაში პირველად დაანახვა, რომ მაშინ სათანადოდ არაფერი ესმოდა. არა და თვლიდა, რომ ნებისმიერ უფროს ადამიანზე მეტი იცოდა!

ჩემოდანს მიუბრუნდა, არდადეგების რამდენიმე დღე სოფელში უნდა გაეტარებინა, მერე სადმე სტაჟიორად გაფორმებულიყო. სოფკასთან ერთად მიმტანად მუშაობის იდეა დიდად არ ხიბლავდა.

– მარო დეიდააა!.. მარო დეიდააა!.. დაგრჩათ, აი ეს! – ქუჩიდან ღია ფანჯარაში მჭახე ხმამ შემოაღწია. გურო მშვენივრად იცნობდა მარო დეიდას, ხანდაზმულ ქალს, საავადმყოფოში ყოველდღე რომ დადიოდა, ქუჩაში ყველა თბილად რომ ხვდებოდა – კოცნიდნენ, ეფერებოდნენ და დიდხანს ესაუბრებოდნენ. გურომ დიდი ხანია დაასკვნა, რომ მარო დეიდა სანიმუშო ექთანი იყო, ისევე როგორც ბებიამისი პავლუშა. ფიქრობდა, რომ მარო დეიდასაც პავლუშა ბებიასავით ეკიდა კარადაში თეთრად მოქათქათე, გახამებული ხალათები და მუდამ მზადყოფნაში იყო. ხან მეზობელი, ხან ნათესავი, ხან მეგობარი ეძახდა წნევის გასაზომად, ნემსის გასაკეთებლად, კათეტერის ჩასადგმელად, წვეთოვანი სისტემის დასაყენებლად. პავლუშა ბებია დარდობდა მისი შვილები ექიმები რომ არ გამოვიდნენ და გუროზე ამყარებდა მთელ თავის იმედებს. თუმცა გუროს სტუდენტობას ვერ მოესწრო. მაგრამ ახლა… გუროს შეეძლო ცოტა ხნით, იმქვეყნად მაინც გაეხარებინა ბებიამისი და ზაფხულში პაბის ნაცვლად აქვე, თავის საავადმყოფოში სანიტრად ემუშავა.

გურომ თვალები დახუჭა და წარმოიდგინა, როგორ გადაჭრიდა ქუჩას, გააჩერებდა მარო დეიდას, უამბობდა თავის გატაცებაზე, ეტყოდა, რომ ბებიაჩემს მაგონებთ, ისიც თქვენსავით  ექთანი იყო, ხალხი აჩერებდა ქუჩაში, მადლობებს უხდიდა და კოცნიდა… მე მართალია არქიტექტორი უნდა გამოვიდე, მაგრამ ძალიან მინდა ზაფხულში აქ წავიმუშავო, დააა… ხომ ვერ დამეხმარებითო…

 

ანამნეზი

– რა საყვარელი ახალგაზრდა ხარ, გენაცვალე, როგორ არ დაგეხმარებოდი, შვილო, მაგრამ მე ამ საავადმყოფოში არ ვმუშაობ და არც ექთანი ვარ. აქ ჩემი შვილიშვილი წევს, ავარიაში მოყვა და მერამდენე თვეა კომაშია ჩავარდნილი… მასთან დავდივარ, შვილო, ყოველდღე, მაგიტომაც გამიცნო ყველამ, ეჰ!.. იმის ამბებს მეკითხებიან და მაჩერებენ ქუჩაში, – შეწუხდა მარო დეიდა.

გურო სახტად დარჩა, თავისი შეთხზული ამბავი სინამდვილეს რომ არ დაემთხვა, გაოცდა. წარმოიდგინა, სოფკა ახლა მის გვერდით რომ ყოფილიყო, როგორი სკეპტიკური და მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით გაამხნევებდა და გაწითლდა. მისი შემხედვარე მარო დეიდა უფრო შეწუხდა:

– კარგი, კარგი, ასე ნუ დარდობ, შვილო, აბა წამომყევი, რაღაცას მოგიხერხებ.

 

1 2 3 4 5 6