– მეოთხეზეეე… ანუუუ… ა, ლიზი-ლუზი?.. ვაიმეეე, ჩვენი ლიზი-ლუზი. თიკა, რაპუნცელის ანამნეზიც მინდა, ორმოცდამეერთე პალატა! .. აი ეს კი ძალიან საინტერესო იქნება შენთვის, გადახედე. ბავშვობაში ძმები გრიმების ზღაპრებს კითხულობდი?

– რა თქმა უნდა, – გურის სახე გაებადრა, ეს მაინც ხომ გამოიცნო. თუმცა, ის უფრო ახარებდა, რომ რაპუნცელის სინდრომიან გოგონებს შველოდნენ. მის დას ხომ ვერაფერი გაუგეს ბავშვობაში, მხოლოდ გაკვეთის შემდეგ აღმოუჩინეს  კუჭში ჩახვეული თმის გორგალი.

– ანუუ… კიდევ რომლები გენდომება შენ, გურო… ალბათ ოცდამეორე, მაგრამ ოცდამეორე ახლა ცარიელიაა…

– ცარიელია…

– და რომელი დაგვრჩა შენი ფანჯრის გადმოსახედიდან ანუ?.. რამ ჩაგაფიქრა?

– ხო, ისა, და… ბაბუა მესამეზე ისევ აქ არის?

– უი, ოცდამეთერთმეტე… ოოო… მაგის ანამნეზს ბევრს ვერაფერს გაუგებ,  პირადად  უნდა გაიცნო, უნიკალური ეგზემპლარია… ისე რა სპეციალობის ხარ, გურო?

– არქიტექტორულზე ვსწავლობ.

–  მშვენიერი! იქნებ, ეს ჩვენი საავადმყოფი გადააპროექტო ოდესმე, იმდენი მინუსი აქვს, აი, გაერკვევი და შენ თვითონ ნახავ რა გვჭირდება. მგონი, კარგი ტანდემი გამოგვივა.

 

***

გურო ნუნუკას გაჰყვა. კორიდორში უამრავი ხალხი ირეოდა, ზოგიერთები ფანჯრებთან იდგნენ. გურო მათ სახეებს ვერ ხედავდა, თუმცა ნამდვილი ემოციების გამოცნობა არ უჭირდა. რთული და გამოსაკვლევი ახლა მათ ზურგსუკან აღმოჩენილი სამყარო იყო, სადაც მოგონებებს ყინულივით მწველი სახელი, ანამნეზი ერქვა.

ეზოს ფლიგელში უჩვეულო სიჩუმე და თვალისმომჭრელი სითეთრე დახვდა. მარო დეიდას შვილიშვილის პალატაში ნუნუკა შეუძღვა, აპარატურასთან დადგა და მონაცემების შემოწმება დაიწყო. გურომ ფანჯარაში საკუთარი თავი შეათვალიერა და უცებ შინაურულად იგრძნო თავი. შესაძლოა ამის მიზეზი ნაცნობი სუნი იყო – სტერილიზაციის სითხის, ქაფურის სპირტისა და იოდის სურნელოვანმა კოქტეილმა ბებია მოაგონა. ნეტავ თუ მხედავს პავლუშა, ანამნეზებით ხელში როგორ დავიარებიო, – გაიფიქრა, თეთრი ხალათის საყელო შეისწორა, მხრები გაშალა და ავადმყოფობის პირველი ისტორია გადაშალა.

 

 

 

1 2 3 4 5 6