გურო ახლა უფრო მეტად გაოგნდა და მორჩილად გაჰყვა უკან. საავადმყოფოს ფოიეში შევიდნენ და ადმინისტრაციისკენ გაემართნენ.

– მარო დეიდა, კიდევ რამე დაგრჩათ? – გამოსძახა თეთრხალათიანმა, წითელთმიანპომადიანმა შუახნის ქალბატონმა.

– ნუნუკა, პატარა საქმე მაქვს შენთან და…

ნუნუკამ სასწრაფოდ მიატოვა იღლიაში ამოდებული ფოლდერები და კორიდორის ბოლოში გაკვირვებული გაჰყვა შეთქმულების მონაწილის იმიჯიან მარო დეიდას. საუბრობდნ და შიგადაშიგ გუროს გამოხედავდნენ. მერე ნუნუკას გაეღიმა, კარგი კარგის ძახილით მიუახლოვდა, აათვალიერ-ჩაათვალიერა, სახელი ჰკითხა და წამომყევიო, ანიშნა.

– სხვებისთვის შენ ახლა ქეთოს მეგობარი იქნები. თავიდან მარო დეიდასთან ერთად დაგტოვებთ პალატაში ან ჩაანაცვლებ ხოლმე. ამასობაში ანამნეზებს გაგაცნობ და მერე ვნახოთ.

გურომ მობილური ამიღო და გუგლის საძიებელში სწრაფად ჩაწერა ანამნეზი: anamnesis (ბერძნ. anamnesis მოგონება) – ავადმყოფობის განვითარების ისტორია, ცნობები ავადმყოფის ცხოვრების პირობათა შესახებ დაავადებამდე; ადგენს ექიმი ავადმყოფის ან მისი მახლობლების ჩვენებათა მიხედვით.

– ანუ მოგონებებს შევაგროვებ…

– ბატონო?

– არა, არაფერი, მარო დეიდას არც დავემშვიდობე, ვერც მადლობა გადავუხადე.

– არაუშავს, კიდევ ბევრჯერ ნახავ მარო დეიდას.

– კარგით და ვინმემ რომ მკითხოს, ხომ უნდა ვიცოდე ჩემი მეგობარი ქეთო ვინ არის.

– ქეთო მარო ბებიას შვილიშვილია, კომაშია, არ იცი?

– ვიცი, ვიცი, მაგრამ… ბიჭი მეგონა, რატომღაც  ასე წარმოვიდგინე.

– შენ რომ წარმოგიდგენია, აქ ისე არაფერიც არ ხდება და მოდი ამას შეეგუე, – გაუღიმა ნუნუკამ და მწვანე კარები გამოაღო, – შედი, თეთრი ხალათი, ბახილები ჩაიცვი და ქეთოსთან გადავიდეთ, მძიმეებში წევს, ეზოსკენ.

– ეზოსკენაც არის ანუ პალატები?

– პალატები ეზოსკენაა ძირითადად, ქუჩის მხარეს მხოლოდ ოთხია.

– რა თქმა უნდა… და ანამნეზები სად ავიღო?

– დღესვე გინდა რომ გაეცნო?

– დიახ, დიახ, თან მექნება და თვალს გადავავლებ ხოლმე… პრაქტიკას გავივლი.

– … კარგიიი.

– და თუ შეიძლება, მე ავარჩევ პაციენტებს.

– …

– შეიძლება?

– ეგ როგორ?..  მოიცა, შენ მოგზავნილი ხომ არ ხარ?

– არა, არა, რა მოგზავნილი. მოპირდაპირე სახლში ვცხოვრობ, აი, იქ და…  ფანჯრიდან ვიცნობ ზოგიერთებს.

– ჰეჰ, ამას შეხედე ერთიიი.

– გეფიცებით!

– კარგი, რომლები გინდა?

– ჩემგან მხოლოდ ოთხი ფანჯარა მოჩანს.

– გასაგებია, თიკა, მომაწოდე პირველი პალატის ანამნეზი!.. გუგა, პირველზე ტრამვატოლოგიური გვაქვას… გუგა ხომ?

– გურო.

– ხო, გურო, მოკლედ, პირველ პალატაში ახლა მასწავლებელი წევს, ალბათ იცი კიდეც, შენი ფანჯრიდან შეიტყობდი. ფეხი მოიტეხა და ცოტა ხნის წინ მენჯის სახსარი გამოვუცვალეთ… ეგეთი მასწავლებელი იშვიათია და ყველა თავს დავტრიალებთ. საოცარი ქალია… ახლა სძინავს. დღეს ძალიან გადაიღალა, მოსწავლეები მოადგნენ, პერანგებზე ხელი რომ მოეწერა… ბოლო ზარია და… აი, აიღე, შენი პირველი ანამნეზი.

– რა უცნაურია!

– რა არის უცნაური?

– არა, არაფერი, ყურადღებას ნუ მომაქცევთ… და მეოთხე სართულზე რომ პატარა გოგოა?

 

1 2 3 4 5 6