– მე რუსული არ ვიცი, ძვირფასო, – სოფკამ მარცხენა ხელი ასწია, ცერით და საჩვენებელი თითით ნაკლებობის ნიშანი გამოსახა, მარჯვენა გვერდით მიადო, სამი თითი ასწია და გაიღიმა.

– პროსტატა რუსულად უბრალოებასაც ნიშნავს, სისადავეს… ხვდები?.. ანუ „მუჟჩინუ უკრაშაეტ პროსტატაო,“ ნიშნავს, მამაკაცს ამშვენებს პროსტატა… ჩახვდი ორაზროვნებას?

– აჰა.

-ნუთუ?

– კარგი იუმორის გრძნობა ჰქონია ბაბუაშენს.

– ჰქონდა ცხონებულს.

– მერე, არ გინდა გადახვიდე და ის ბაბუა ინახულო?

– არა… არც მიფიქრია!

– რატომ გაწითლდი?

– არ გავწითლდი!

– ესე იგი, გიფიქრია! გადადი, გადადი, ისედაც იქ ცხოვრობ დიდი ხანია, უბრალოდ ვერ ამჩნევ.

– ნუ იკბინები, სოფკა, არ გიხდება.

– საყვარელი ბაბუ კი არის, ნახე, ისევ კითხულობს… ნეტავ, თუ აკითხავს ვინმე? – სოფკამ გუროს გვერდით, ფანჯარასთან გადაინაცვლა.

– უამრავი ადამიანი, თან ყველა კარგ ხასიათზეა, როგორც ჩანს, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა… იმას კი არავინ დარდობს, კაცს ძველი უბრალოება რომ აღარ ამშვენებს.

 

ფარდა (მეორე სართულის ფანჯარა)

– იცი, გურ, შენ კი ცინიკოსი გგონივარ, მაგრამ… მეც მივაგენი იმ საავადმყოფოში ჩემს ნაცნობ პაციენტს.

– აბა, სად?

– აი, იქ, – სოფკამ მეორე სართულისკენ გაიშვირა თითი და მინას მიაბჯინა. ფანჯარაზე ჩამოფარებულ ფარდას მკრთალი შუქი ანათებდა. გურომ მხრები აიჩეჩა.

– ეგ პალატა, მგონი… ცარიელია.

– არა, გურ, იმ პალატაში წევს ქალი… ლამაზი ქალი… აი, უბანში ყველა ბიჭი მისი ცოლად მოყვანაზე რომ ოცნებობდა… წესიერი ქალი… არასდროს რომ არ დამთვრალა, სიგარეტი არ მოუწევია და ქალიშვილი გათხოვდა… ზედმიწევნით ჰიგიენური ქალი, პედიკურსა და მანიკურზე საკუთარი ნესესერით რომ დადიოდა სალონებში, ცხოველებს ერიდებოდა, ახლადნაყიდ პალტოებსა და კაბებს ამოკერებულ ჯიბეებს არ გაურღვევდა, ტანსაცმელს სიკოხტავე რომ შეენარჩუნებინა… ერთ დღეს, ქმარი ვნებიანად კოცნიდა და მკერდში თხილის კაკალი აღმოუჩინა… იმ პატარა ბურთულამ მალე ისეთი ალიაქოთი გამოიწვია, ოცი ლეიბის ქვეშ დამალულ მუხუდოს მარცვალს აჯობა, – სოფკამ ცრემლები ჩაყლაპა.

– …

– მერე ოპერაციამ, ქიმიოთერაპიამ, სხივებმა, იოდის ყლაპვამ, თმის ცვენამ, დისტროფიულმა სიგამხდრემ, მორფინის ამპულებმა ერთმანეთი საოცარი სისწრაფით ჩაანაცვლა… ახლა, ამ წუთას, ქალმა უკანასკნელად აიღო თავისი დღიური და ჩაწერა: „რატომ ვიყავი ასე ზედმიწევნით სტერილური? ბარაზი მახრჩობს! ზოგჯერ ყველა მძულს, განსაკუთერებით კი ჩემი ქმარი. ექიმმა მკითხა, ტრავმა ხომ არ მიგიღიათ მკერდზეო, მე დავუმალე. არადა, ერთი წლის წინ ქმარმა სწორედ ამ წერტილში, შემთხვევით მომარტყა იდაყვი, კარადიდან მურაბის გადმოღებაში რომ მეხმარებოდა. ზოგჯერ მინდა, პირში მივახალო, რომ ყველაფერი მისი ბრალია. მაგრამ… მერე წარმოვიდგენ, როგორ შეიძლება დაიტანჯოს მთელი ცხოვრება, როცა აღარ ვიქნები. თანაც, შესაძლოა სულაც არ არის მისი ბრალი რაც დამემართა. ექიმებმა ხომ არაფერი იცან სიმსივნის მიზეზებზე, არაფერი!!! მარტო იმას უსწორებენ ყველას წამდაუწუმ, მკერდის კი არა ძუძუს კიბო უნდა თქვათო!..“

– …

– ზეგ ქალი გარდაიცვლება… შვილები რამდენიმე დღეში დღიურს წაიკითხავენ, ბოლო ფურცელს ამოხევენ და მამას ისე აჩვენებენ. ქალიშვილი იმ ფურცელს შეინახავს და თავადც ენას კბილს დააჭერს, როგორც არ უნდა გაბრაზდეს მამაზე მომავალში.

სოფკა დაწვა და ცრემლიანი თვალებით ჭერს მიაშტერდა. გურომ მაისურის ქვეშ შეუცურა ხელი და ნაზად შეეხო მის მკერდს.

მეორე სართულის პალატაში შუქი ჩააქრეს.

 

რაპუნცელის სინდრომი (მეოთხე სართულის ფანჯარა)

საკურსოს ჩაბარებამდე თვრამეტი საათი რჩებოდა. სოფკას და გუროს ღამის გათენება უწევდათ. გამალებით ხაზავდნენ, მეოთხე სართულის პალატის ფანჯარას პატარა გოგონა რომ მოადგა.

– აი, აი, ის ბავშვი, მოდი, დაგანახო!

– კარგი რა, გურო, რა დროს ავადმყოფებია, ნუ შემშლი!.. ისედაც ვერაფერს ვარ ვასწრებთ.

– ძალიან მოკლე ამბავია, მოდი, ნახე, ხელს გვიქნევს.

– ხელს რატომ გვიქნევს, გვიცნობს?!

 

1 2 3 4 5 6