მართლა დარდობს ის, ვინც მოწმის გარეშე დარდობს

 

უცხო სახლში შინაურულად უმნიშვნელო დეტალები გვაგრძნობინებს ხოლმე თავს: სუნი გვეცნობა, ფერები ან სულაც ანჯამების ჭრიალის ხმა. გუროს იმ ბინის მისამართი სიის ბოლოში ეწერა, ქალაქის ერთი ბოლოდნ მეორეში სიარულმაც სიქა გააძრო, თუმცა ამ მიზეზების გამო ნამდვილად არ აურჩევია. დიასახლისი ეზოში შეხვდა და მშვიდად გაუძღვა კიბეზე. ეტყობოდა, იმ ოთახის გასაღები ეჭირა, რომლის დახასიათებასაც ზედმეტი ლაპარაკი სულაც არ სჭირდებოდა. ზღურბლს გადააბიჯა თუ არა, გუროს ჯერ ფარდები ეცნო – აგარაკზე, დის ოთახში ზუსტად ასეთები ეკიდათ; სავარძელზე გადაკრულმა ქსოვილმა ბაბუას მუთაქა მოაგონა, მერე ბარის მაგიდაზე, გამჭვირვალე ხუფის ქვეშ დახვავებულ ორცხობილებს მოჰკრა თვალი – დედამისსაც ნაირ-ნაირ მინის ჭურჭელში უყვარდა პროდუქტების შენახვა.

პირობებზე სწრაფად შეთანხმდნენ, დიასახლისმა თანხა ჩაიბარა და დაემშვიდობა. გურომ კარი ჩაკეტა, ფანჯრებზე სქელი ფარდები ჩამოაფარა და ლოგინზე დაემხო. მზიანი ბალიშების სურნელმა ისევ დედა გაახსენა, აივანზე გადაფენილ ლეიბებს, საბნებსა თუ ბალიშებს გამუდმებით და გულმოდგინედ რომ ურტყამდა საფერთხ ჯოხს. წარმოიდგინა, როგორ უსაყვედურებდა ახლა: ქუჩიდან შემოსული, ტრანსპორტში ნათრევი ტანსაცმლით სუფთა ლოგინში რატომ წვებიო, და ტკბილად ჩაეძინა.

დილით სასწრაფო მანქანის გაბმულმა სიგნალმა გააღვიძა. სახიდან ოფლი მოიწმინდა, გადაბრუნდა და ჩაძინება სცადა. ცოტა ხანში ხმა განმეორდა, მეორე მანქანას მესამე მოჰყვა, ხუთ წუთში კი მეოთხე. გურო გულაღმა დაწვა, სირენების ცვალებადი შუქით შეფერადებულ ფარდებს დააკვირდა და გაახსენდა, სოფკას მითითებებით ამ ბინას როგორ მიაგნო: გაჩერებიდან  ხელმარჯვნივ, ათ ნაბიჯში, საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს, ეზოში შეხვალ და ალინა დეიდას იკითხავო.

საავადმყოფოს პირდაპირ ცხოვრება მსგავს ხმაურთან შეგუებას უპირობოდ გულისხმობდა. გურო დარწმუნებული იყო, ორ-სამ დღეში დისკომფორტს ვეღარც იგრძნობდა, მითუმეტეს, რომ წინა ღამესაც მშვენივრად გამოიძინა. მობილურში სოფკას გზავნილი დახვდა: „რომელი აარჩიე?“ „ალინასი,“ – მოკლედ უპასუხა, ნაკლებობის ნიშნისა და სამიანის აკრეფა დაეზარა. წამოდგა, ტრანსპორტში ნათრევი ტანსაცმელი გაიხადა, სააბაზანოში შესვლამდე კიდევ ორი სასწარაფო დახმარების მანქანა დათვალა, შესაბამისად ორივეჯერ დირიჟორივით გაიქნია ხელები და წაიმღერა: პიუუუ-პიუ-პიუუუ!

ახალი ბინა მყუდრო და კომფორტული აღმოჩნდა, დიასახლისი – მშვიდი და ინერტული. გურომ ოთახი სწრაფად მოირგო: ფარდები ჩამოხსნა, ერთ ფანაჯრასთან საწოლი მიაჩოჩა, მეორეს წინ კი სამუშაო მაგიდა დადგა. ამრიგად საავადმყოფო მისი თვალთახედვის არეალში ხშირად ხვდებოდა და დროთა განმავლობაში შენობის მარჯვენა ფლიგელში პალატები აღმოაჩინა. ფლიგელი შიდა ეზოსკენ გრძელდებოდა, სახლისკენ მიმართულ კუთხეში კი ოთხ სართულზე, ერთმანეთის თავზე განლაგებული თითო ფანჯარა მოჩანდა.

ავადმყოფი დიდხანს თუ შერჩებოდა პალატას, გურო პაციენტსა და მის მნახველებს საფუძვლიანად გაიცნობდა ხოლმე. ფანჯარასთან ადამიანები სხვის გასამხნევებლად აფარებული ნიღბებისგან თავისუფლდებოდნენ და ნამდვილი ემოციების ამარა დარჩენილები გამოსცქეროდნენ ქუჩას. დარდი ამძიმებდა, თუმცა გულწრფელი განცდებისთვის თვალყურის დევნება თანდათან თავშესაქცევ საქმიანობად ექცა გუროს. გვიანობამდე ნახაზებსა და მაკეტებს ჩაჰკირკიტებდა, შესვენებების დროს კი საავადმყოფოს ოთხ ფანაჯრას გასცქეროდა და… იგონებდა. ამბებს თავიდან არავის უზიარებდა, თითქოს ფრთხილობდა, ჩვეულებრივი სიტყვებით არ გაუბრალოვდნენო. მხოლოდ სამი თვის თავზე, შემოდგომის მიწურულს, ერთ ქარიან საღამოს გაანდო სოფკას.

 

რა ამშვენებს მამაკაცს (მესამე სართულის ფანჯარა)

ჩაბნელებულ ოთახში, საწოლზე გულაღმა გაწოლილ სოფკას და გუროს სასწრაფო დახმარების მანქანამ ჭერი გაუნათა.

– შეეჩვიე, გურ?

– რას?

– ამ ხმებს.

– აღარც მესმის.

– თავიდან ვიდარდე, რატომ შევთავაზე ეს ხმაურიანი ბინა, რატომ ვერ გავითვალისწინე-მეთქი…

–  საუკეთესო ოთახია. ძალიან შემიყვარდა.

– ოჰ, შეგიყვარდა არა… ნუ იცი ყველაფრის უტრირება, ნეტავ, როგორ მოასწარი შეყვარება, ამიხსენი ერთი!

– აი, ასე, – გურომ მარცხენა ხელი ასწია, ცერით და საჩვენებელი თითით ნაკლებობის ნიშანი გამოსახა, მარჯვენა გვერდით მიადო და სამი თითი ასწია, – ციფრული გული გულისხმობს სიყვარულს, რომელიც ნაკლებია სამზე ანუ ორს ეკუთვნის…

– აჰა, ახალი თეორია მოიგონა. სამზე ნაკლებია ერთიც, ნულიც, მინუს რვაც და მინუს ცხრამეტიც, გურ!

 

1 2 3 4 5 6