კალიფსოს გამოქვაბული

(ტელემოთხრობა)

 

გზა

ჩართვა პირველი

 

– მიუვალი და იდუმალი ადგილები, მათი მონახულება და ტელე-კამერით  აღნუსხვა ჩვენი ტელე-პროექტის პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ მიზნით, ყოველი თვის ბოლო პარასკევს ჩვენ, გადაცემა `მისია~, გავდივართ ტელე-ექსპედიციაში, რომელშიც მთელი ტელე-ჯგუფი მონაწილეობს. ნებისმიერი მიუვალი და იდუმალი ადგილისკენ სვლა ჩვენი ლურჯი `რაფით~ ხდება. მის საჭეს მუდამ ძია რომანი ამშვენებს. ძია რომანი ჩვენი კეთილი, ულვაშა ძია და მარადი თამადაა. ექსპედიციის წარმატებით დასრულებისას, და იგი, როგორც წესი, წარმატებით სრულდება, ყოველ ჯერზე, სწორედ ბატონი რომანი უძღვება ჩვენს შინაურულ, საზეიმო სუფრას, ოღონდ, როგორც ტელე-ექსპედიციის ტრადიცია ითხოვს – მისი სასმისი სავსეა ხოლმე მხოლოდ და მხოლოდ წყლით. ძია რომან, რას იტყოდით ამ ტელე-პროექტის შესახებ?

– მე, შვილებო, ბევრი მინახავს: მიუვალიც და გატკეპნილიც. ორივეს თავისი მუღამები აქ… მალე აიმ ფლატემდე მივალთ, მერე სოფელი კალიფსოა, დანარჩენი კი, ვნახოთ…

– საინტერესოა, ამ გამოქვაბულის შესახებ რა სმენია ჩვენი ტელე-ექსპედიციის კიდევ ერთ ლეგენდარულ წევრს, ჯგუფის ძარღვსა და ლურსმანს, ოპერატორ გოგი ბაქრაძეს. გოგი, შენ ახლა გზას იღებდი. მართლაც, რომ მშვენიერი ხედებია…

– ხედები კაი გვაქ, პროსტო ხალხი არ ვარგა… ისე, ჯერ მშვიდობით ჩავიდეთ და მერე გამოჩნდება… მე როგორც ვიცი – მანდ კაციშვილს არ შეუდგამს ფეხი ასი წელიაო… ქალიშვილებზე სულ აღარაა ბაზარი…

– დეგენერატო!.. ვიწერ, ვერ ხედავ?.. ჯონი მელია კი მართლა მელია არ გეგონოთ. ისაა ჩვენი ტელე-ექსპედიციის რეჟისორი და ჯგუფის ხელმძღვანელიც. საზოგადოება კარგად იცნობს მის კინო-ნამუშევრებს: `ერთი დღე ზემოთ~, `თეთრი ბლის სამშობლო~, `მოქალაქე დ.~, `ყინულის ისტერია~ და სხვა… ჩვენთვის ერთგვარი მოულოდნელობაც იყო მისი მონაწილეობა ტელე-პროექტში. და მაინც, რატომ გადაწყვიტეთ ამ გადაცემასთან თანამშრომლობა, ბატონო ჯონი, როდესაც თქვენი სახელის პატრონს გქონდათ გაცილებით მაღალანაზღაურებადი შემოთავაზებები ქვეყნის გარედანაც კი?

– რთული კითხვების დასმა გიყვარს ჩემო თიკო. გეტყობა კაი ოჯახიშვილი რომ ხარ… გამიჭირდება მოკლედ ახსნა… ბავშვობიდან რომ მხიბლავს იდუმალებით მოცული ადგილები, მაგას რად უნდა ლაპარაკი… სულ წიგნების ბრალია… ისე კი, მე ამ გადაცემის ერთ-ერთი თავგადაკლული ქომაგი ვარ. მხოლოდ ამის შემდეგ – მისი ხელმძღვანელი… მაშ… ჰოდა, როცა ჩავთვლი, რომ ამოვწურე ამ გადაცემაში ჩემი თავი, მერე ვილაპარაკოთ სხვა შემოთავაზებებსა და უცხოეთზე… რამხელა ინტრიგაა მაინც – ჩვენ სადღაც ერთ საათში ვიქნებით ისეთი უიშვიათესი ადგილის მისადგომებთან, სადაც ცოცხალ ადამიანს საუკუნეა არ დაუდგამს ფეხი…

– და ბოლოს, წარმოგიდგენთ ჩვენი ტელე-ექსპედიციის კიდევ ერთ წევრს – გადაცემის წამყვანსა და ამავდროულად რეჟისორის ასისტენტს, თიკო მეგრელიტიშვილს, რომელიც თავად მე გახლავართ. რა შემიძლია ვთქვა გადაცემა `მისიის~ შესახებ… მიუხედავად იმისა, რომ გადაღებული მასალის მრავალჯერ ნახვა და გახმოვანება მიწევს, მაინც სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე მის ეთერში გასვლას. გადაცემის იდეა საერთოდაც გენიალურია – მასში ხომ ჩვენი მზიური ქვეყნის სწორედ იმ ადგილებზეა საუბარი, რომელთაც მოახერხეს და შეინარჩუნეს პირველყოფილი ხიბლი. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ არც კალიფსოს გამოქვაბული გვიმტყუნებს… განა ბევრია საქართველოში ეგეთი ადგილი?.. გარწმუნებთ, ვიდრე ჩვენი ტელე-პროექტი არსებობს – ეგეთი ადგილებიც არ დაილევა ქვეყანაზე… მოვრჩი! როგორი ვიყავი, ბატონო ჯონი?

 

 

სოფელი

ჩართვა მეორე

– ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ კალიფსოს ცენტრში. თქვენ ხედავთ სოფლის წყაროს, რომლის გარშემოც საღამოობით ლამის მთელი სოფელი იყრის ხოლმე თავს. ეს სოფლის გაუხუნარი ტრადიციაა. მართალია, ახლა შუადღეა, მაგრამ ჩვენს ექსპედიციას მაინც მთელი სოფელი მასპინძლობს. როგორც ხედავთ, აქაა სოფლის თითქმის ყველა მოსახლე… ჩვენს გვერდითაა ასევე სოფლის უხუცესი მურმან აწყმოშვილი, რომელიც მოგვითხრობს კალიფსოს გამოქვაბულის შესახებ.

– აბა რა გითხრათ, შვილებო… წინაპრებს უთქვამთ, რომა შუა საუკუნეებში, მტრის მრავალწლიანი შემოსევებისას, ჩვენებს, ნამდვილ ვაჟკაცებს, ომში წასვლის წინ, ქალები, ბავშვები და მოხუცები ემაგ გამოქვაბულში შეუხიზნავთ. ამ მთის გადაღმა იდგა მტერი… ჩვენებმა კიდევ, ეგ ომი ისე წააგეს, რომა ცოცხალი ვერავინ დაბრუნდა… ჰოდა, დაიდეს აქ ბინა ურჯულოებმა, მაგრამ ემაგ გამოქვაბულში შესვლა არც უფიქრიათ… შორიც იყო… გავიდა მერე წლები და ათწლეულები… ის ურჯულოები გაირეკნენ აქედანა, მაგრამ მაგ გამოქვაბულიდან უკან გამოსული არავინ უნახავთ… ჩემზე მეტი აი ჩვენმა გიჟუა მერაბომ იცის… ეგრეა მას მერე, რაც მაგ გამოქვაბულში შევიდა და უკან გამობრუნდა… თქვენ რომ ამბობთ, საუკუნეა იქ არავინ შესულაო, ცდებით!.. მერაბოა მაგალითი! მაგრამ რა ნახა იქა, კრინტი ვერ დავაძრეინეთ. რომც თქვას, დაეჯერება? თქვენ არ იცით და, სახურავახდილი ქოხივით არის… მესამე წელია არც სახლი იცის და აღარც კარი… არადა, ყველაფერი ჰქონდა… ცოლი _ გამრჯე, შვილები – ქალ-ვაჟი, სუფთა ოჯახი, ექვსი ძროხა… მერაბო, მოდი ბიჭო აქ!

– რა გინა, რა?..

– მერაბო, რა ჭამე ამ დილითა! რა ჭამე-მეთქი?!

– სი-მინ-დი, რა!

– მერაბო, ესენი ჩვენი სტუმრები არიან… ახლა შენცა ხარ ამათი მასპინძელი!

– კოვ-ზებია-კოვ-ზებია-კოვ-ზებია, რა…

– კოვზები რად გვინდა, მერაბო… ესენი ხელით ჭამას არიან დაჩვეული. ღვინოზე როგორა ხარ, მერაბო, შენს დაწურულ სანაქებო ღვინოზე?

– დაილია-დაილია-დაილია, რა…

– ესენი, ჩემო მერაბო, სუ სხვა საქმეზე არიან ჩამოსული… ესენი არიან ტელევიზიიდან…

– ტელევიზორიდან-ტელევიზორიდან-ტელევიზორიდან, რა…

– ჰო… ჩვენი გამოქვაბულის ნახვა უნდათ… ა, უყურეთ! ჰო, რა იყო, მერაბო, რა დაგემართა? შენი სიტყვა იქნებ რაში გამოადგეთ, მერაბო… მოდი, მოვუყვეთ, მერაბო, რა იყო და როგორ… შიგნით უნდა შევიდნენ და დავეხმაროთ იქნებ… მერაბო, სად მიდიხარ, მერაბო? ეჰ… ა, კი გითხარით და, გაგვეცალა… გამოქვაბულს უხსენებ და გარბის… არადა, რა ბიჭი იყო? ეგეთი მშრომელი მეორე არ დადიოდა სოფელში… რაც გამოქვაბულიდან თავმტრედიანი გამოვიდა, სულ სხვა კაცად იქცა, გეგონება შეცვალესო… აჰა, შეხეთ ახლაც – გამოქვაბული გაიგონა თუ არა, გაიქცა… აღარც ეკარება იმის მერე შორიახლოს. არადა, მაგის წამოწყებული იყო, ყველას ახსოვს: აიკლო მაშინ სოფელი – არიქა, ხალხნო, შევიდეთ გამოქვაბულში, ვნახოთო… ლამის მიტინგეები მოაწყო… სულ იმაში დაპარაკობდა – რა ჰქვია?.. რუპოორში, ჰო, რუპოორში… ვეუბნებოდით უფროსები – არ გინდა, მერაბო, ჩვენა ბრძენი ხალხი ვართ, ჩვენც გაგვეგება რამე, მიწის ქვეშ სიმართლეს რა უნდა, სიმართლე ცაში ეძებე-მეთქი… ვინ გიგდო ყური. ადგა ერთხელაც, გამოიბა თოკები, სატეხი, ფარანი, პატარა ჩაქუჩი, დანა… მთელი სოფელი გამოქვაბულის პირას ვიდექით. ველოდებოდით.

 

ფეხით სოფლიდან გამოქვაბულისკენ

ჩართვა მესამე

– როგორც ხედავთ ამის იქით ავტომობილით გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელია, ამიტომ მანქანას ძია რომანიანად აქ ვტოვებთ. მასთან რჩება ჩვენი პროვიზიის დიდი ნაწილიც. ჩვენ, სამნი – რეჟისორი, ოპერატორი და თქვენი მონა-მორჩილი ფეხით განვაგრძობთ გზას. ჩვენი ვარაუდით, სადღაც საათნახევარში კალიფსოს გამოქვაბულის პირას უნდა ვიყოთ. ძია რომან, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა თქვენ მარტო რჩებით და გველოდებით. საინტერესოა, რას აკეთებთ ხოლმე ექსპედიციის უკან მობრუნებამდე, ანუ იმ ხნის განმავლობაში, როდესაც ერთი-ერთზე ხართ ჩვენს განუყრელ, ლურჯ `რაფთან~.

– ვრჩები, თიკო-ჯან, თორემ ესეცა მყავს რა კაი ქალი. ეს `რაფი~ ჩემი სქესის და ჭკუისაა… ველაპარაკები ხოლმე, შვილოსან. მანქანა კია, მაგრამ იმხელა გზა და სევდა აწევს… უამრავ ადგილასაა ნათრევი. თქვენ არ იდარდოთ… ჩვენ ერთმანეთს მოვუვლით… რა მოგვაწყენს… მთავარია, თქვენ იაროთ კარგად და მშვიდობით დამიბრუნდეთ. იქამდე სუფრას გაგიშლით. ეს კეთილი ხალხიც მომეხმარება და დაბნელებამდე გელით კიდეც…

– ოპერატორი გოგი ბაქრაძე როგორ განწყობაზეა? კამერა მის ხელშია, რომლითაც მან ლამის მთელი დღევანდელი გზა აღნუსხა. საინტერესოა, ხელი თუ აჰკანკალებია როდისმე გოგი ბაქრაძეს გადაღებისას?

– გადი გოგო იქით, თორე აგაკანკალებ, თუ ჩაგაფარე ეს კამერა კეფაში…

– უზრდელო კრეტინო!.. და ბოლოს ჩვენი რეჟისორიც. მიუხედავად გაბარიტულობისა, ჯონი მელია ჯერ არავის უნახავს დაღლილი. როგორ იქნება ამჯერად, ბატონო ჯონი?

– წინ რთული გზა კი გვიდევს, თუმც არც ჩვენ ვართ ადვილად მოსადრეკნი და ჯაბანნი, ვითარცა… როგორ ამბობენ ხოლმე ძველები?.. ჰო… ნუ როგორც არი!.. არაფერი დაგრჩეთ, თორემ დაგხოცავთ სულყველას!

– ფარნები, შაქრიანი წყალი, კომპასი, თოკები, ტელეფონები, ელემენტები, ჟანგბადის ბალონები, სამედიცინო ყუთი, მაშხალები…

– გადაამოწმეთ ყველაფერი თავიდან!

– ყველაფერი ადგილზეა, პან რეჟისორო. ადგილზევეა თქვენი მონა-მორჩილი თიკო მეგრელიტიშვილი. მოგეხსენებათ, ის ამ ტელე-ექსპედიციის ყველაზე  სწრაფმავალი წევრია. ხშირად მომხდარა, რომ რომელიმე მიუვალი ადგილი მე სხვებზე ადრე დამილაშქრავს, შემისწავლია და ამით ჯგუფისთვის საქმე ერთი-სამად გამიადვილებია.

– აღარ უნდა მორჩე ბლატაობას, გოგო?

– სიმართლის თქმა, როდიდან გახდა ბლატაობა, გოგი? მოკლედ, სხვა არაფერი დაგვრჩენია, თუ არა ის, რომ ძია რომანს დროებით გამოვეთხოვოთ და თამამად დავიძრათ კალიფსოს გამოქვაბულისკენ!

 

 

1 2 3 4 5 6